ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 21.12.2007
საქმის ნომერი
2კ-2068აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2068აპ. ქ. თბილისი

21 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის განაჩენით ზ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისულების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ ზ. ბ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ზ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ზ. ბ-ძე 2006 წლის 15 სექტემბერს, საღამოს საათებში, თავის საცხოვრებელ ბინაში, გურჯაანის რაიონის სოფელ ---ში იმყოფებოდა, რა დროსაც მან ალკოჰოლური სასმელი მიიღო და დათვრა. დაახლოებით 21 საათზე იგი შეიარაღდა თავის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ,,აკმ-ის» სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით, რის შემდეგაც გურჯაანის რაიონის სოფელ ---ში ფეხით წავიდა. როდესაც მან გზად გაიარა სოფელ ---ში მცხოვრებ ა. მ-ის საცხოვრებელ სახლთან, შენიშნა, რომ ეზოს ჭიშკრიდან ა. მ-ის ძმა გ. მ-ვი გამოვიდა, რა დროსაც ხულიგნური ქვენაგრძნობით, ყოველგვარი მიზეზის გარეშე სახეში მუშტი დაარტყა და მოსთხოვა თავისი ძმისთვის – ა. მ-სათვის დაეძახა, რომ ის გარეთ გამოსულიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი არ გამოვიდა. აღნიშნულზე განაწყენებულმა ზ. ბ-ემ აშკარა უპატივცემულობა გამოხატა, მოქმედებდა რა პირდაპირი განზრახვით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ა. მ-ის ეზოს ჭიშკრისა და მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით ისროდა, რა დროსაც მან გ. მ-ვს უბრძანა მიწაზე დაწოლილიყო და ავტომატური იარაღიდან მის ფეხებთან სროლა დაიწყო. ზ. ბ-ის ხულიგნური მოქმედების აღკვეთას მისი თანასოფლელი ა. შ-ძე შეეცადა, რომელმაც მოუწოდა შეეწყვიტა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა. ა. შ-ძე ზ. ბ-სა და გ. მ-ვს შორის ჩადგა, მაგრამ ზ. ბ-ემ მისი თხოვნა არაფრად ჩააგდო და ხულიგნური მოქმედება გააგრძელა, რა დროსაც მან ა. შ-ეს სახის არეში ხელი ორჯერ დაარტყა, რის გამოც იგი მიწაზე დაეცა და სხეულის დაზიანება მიიღო. კერძოდ, ზედა ტუჩის მარჯვენა ნახევრის დაჟეჟილობა, ნაჭდევები მარჯვენა ხელის მე-3 და მე-4 თითების ძირითადი ფალანგების მიდამოში, რაც 2006 წლის 17 სექტემბრის დასკვნით მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

ზ. ბ-ძე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან აგრძელებდა სროლას ა. მ-ის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჭიშკრის მიმართულებით, მან დაცხრილა რკინის ჭიშკარი, საცხოვრებელი ბინის კედლები და ფანჯრები. როდესაც ზ. ბ-ეს ვაზნები გაუთავდა, გ. მ-ვს ავტომატის კონდახი თავში ჩაარტყა და თავის არეში დაზიანება მიაყენა. 2006 წლის -- ოქტომბრის ¹-- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გ. მ-ვს მიღებული აქვს დაჟეჟილი ჭრილობა კეფის არეში, რომელიც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ზ. ბ-ის ხულიგნური მოქმედება დაახლოებით 15-20 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა გამოიხატა, რის შემდეგაც იგი ა. შ-ემ სახლში წაიყვანა. მანვე ხულიგნური მოქმედების დროს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ა. მ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ეზოს რკინის ჭიშკარი, საცხოვრებელი სახლის კედლები და ფანჯრები განზრახ დააზიანა, რა დროსაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 220 ლარის ოდენობით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჯ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ზ. ბ-ეს შეფარდებული სასჯელი შეუმსუბუქდეს და შეეფარდოს სასჯელის მინიმუმი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ნაწილობრივი აღიარებით, დაზარალებულების - გ. მ-ის, ა. მ-ის, ა. შ-ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.

პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე ჩადენილი დანაშაულის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით, რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო პალატის განაჩენებით ზ. ბ-სათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანი და კანონიერია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეში არ მოიპოვება ისეთი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედება განაჩენში მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიმართ ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ზ. ბ-ძე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ზ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ზ. ბ-ძე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ზ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.