ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
2091აპ ქ. თბილისი
13 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ზ. დ-ის, ი. მ-სა და ბ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ა-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენით:
ი. მ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 9 თებერვლიდან;
ზ. დ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 9 თებერვლიდან;
ბ. მ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 9 თებერვლიდან.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების _ ზ. დ-ის, ი. მ-სა და ბ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშული გამოიხატა შემდეგში:
ბ. მ-მა, მისმა ძმამ _ ი. მ-მა, მათმა ახლობელმა _ ზ. დ-ემ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა დანაშაულებრივად განიზრახეს, რომ ქ. ცხინვალში შეეძინათ ქართული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული რუსული წარმოების თამბაქოს ნაწარმი ქართული აქციზური მარკის გარეშე და მოეხდინათ მისი რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი გაემგზავრნენ ქ. ცხინვალის შესასვლელამდე და ოსი ეროვნების უცნობი პირებისაგან შეიძინეს ქართული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული რუსული წარმოების თამბაქოს ნაწარმი, კერძოდ: 2520 კოლოფი „---ვა“, 100 კოლოფი „---სი“, 50 კოლოფი „---კა“ და 760 კოლოფი უფილტრო „---მა“, რომელთა ნაწილი მათ მოათავსეს ცხენებზე, ხოლო ნაწილი ზურგით ერთად გადაზიდეს გორის რაიონის სოფელ ---ის მიმართულებით, რათა შემდეგ მოეხდინათ მისი რეალიზაცია. 2007 წლის 9 თებერვალს საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს -- განყოფილების თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს ი. მ-ლი, ბ. მ-ლი და ზ. დ-ძე, ხოლო მათთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ცხენებით და მათთან ერთად ახდენდნენ ზემოაღნიშნული თამბაქოს გადაზიდვას, შეძლეს შემთხვევის ადგილიდან გაქცევა და მიმალვა. გაქცევისას მათგან ერთ-ერთს ცხენიდან გადმოუვარდა წინასწარი შეთანხმებით, ერთობლივად შეძენილი რუსული წარმოების თამბაქოს ნაწარმი. იმავე დღეს, 2007 წლის 9 თებრვალს, აღნიშნული პირები წარადგინეს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს შენობაში, სადაც გადაუდებელ შემთხვევაში, შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ამავე სამმართველოს გამომძიებელმა მათ ხელბარგს ჩაუტარა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ი. მ-ის, ბ. მ-ის, ზ. დ-სა და დაუდგენელი პირების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, შენახული და გადაზიდული სიგარეტები ქართული აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: 2520 კოლოფი „---ვა“, 100 კოლოფი „---სი“, 50 კოლოფი „---კა და 760 კოლოფი უფილტრო „---მა“.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულების _ ზ. დ-ის, ი. მ-სა და ბ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ა-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას იმ მოტივით, რომ მათ მიერ შეძენილი და გადაზიდული სიგარეტების ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს; ამდენად, მსჯავრდებულების _ ზ. დ-ის, ი. მ-სა და ბ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
განაჩენით მსჯავრდებულების _ ზ. დ-ის, ი. მ-სა და ბ. მ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია მოწმეების _ შ. ხ-სა და ს. მ-ის ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ექსპერტიზის ¹-- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ. დ-ის, ი. მ-სა და ბ. მ-ის ქმედებას და სასჯელის ზომაც სამართლიანად განუსაზღვრა.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულები _ ზ. დ-ძე, ი. მ-ლი და ბ. მ-ლი უნდა გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ზ. დ-ძე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.
მსჯავრდებული ზ. დ-ძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ი. მ-ლი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.
მსჯავრდებული ი. მ-ლი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ბ. მ-ლი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.
მსჯავრდებული ბ. მ-ლი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.