შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹2111 აპ 28 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ზ. ჭ-სა და ზ. ზ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საბრალდებო დასკვნით ზ. ზ-ლს და ზ. ჭ-ას ბრალი ედებოდათ: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «ბ», «დ» ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულები _ ზ. ზ-ლი და ზ. ჭ-ია გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამავე განაჩენით ზ. ზ-ლი და ზ. ჭ-ია ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «ბ», «დ» ქვეპუნქტებისა და საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მათ სასჯელის ზომად განესაზღვრათ: ზ. ზ-ლს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «ბ» და «დ» ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; ზ. ჭ-ას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «ბ» და «დ» ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპის საფუძველზე ზ. ზ-ლს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო ზ. ჭ-ას _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, მათ მსჯავრი დაედოთ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილი ძარცვისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და პირადი დოკუმენტის გატაცებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 13 აპრილს ზ. ჭ-ია დააკავეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქე ზ. ქ-ის გაძარცვის ფაქტზე, რის გამოც იგი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა. მიუხედავად ამისა, მან 2003 წლის 30 ნოემბერს მოქალაქე ტ. ბ-ნს ხელიდან აშკარად გასტაცა ტყავის საფულე, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის ზ. ჭ-ას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებისა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რისთვისაც მიესაჯა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ, არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, 2006 წლის 2 დეკემბერს ზ. ჭ-ამ, იმყოფებოდა რა თბილისში ზ. ზ-თან ერთად, განიზრახა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ. ჭ-ამ და ზ. ზ-მა, დაახლოებით 20.30 საათზე, ---ის გამზირზე გააჩერეს ტაქსი, რომელსაც მართავდა მოქალაქე გ. მ-ძე და სთხოვეს მას წაყვანა ძმობის ქუჩაზე. აღნიშნულ ადგილზე მისვლამდე ზ. ჭ-ამ და ზ. ზ-მა გ. მ-ეს ავტომანქანა გააჩერებინეს ---ის ქუჩაზე, სადაც მათთან მივიდა გამოძიებით დაუდგენელი მესამე პირი და ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, გ. მ-ეს გულმკერდზე გადააკრეს ავტომანქანის უსაფრთხოების ღვედი და გასტაცეს მას ფულადი თანხა 50 ლარის ოდენობით, ასევე «პანასონიკის» ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 200 ლარად. აღნიშნული ქმედებით მათ დაზარალებულს მიაყენეს 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მათვე, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, გ. მ-ის კუთვნილი ავტომანქანიდან გაიტაცეს ამ უკანასკნელის მეგობრის _ რ. ი-ის კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
ზ. ზ-მა, ზ. ჭ-ამ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა დააზიანეს გ. მ-ის კუთვნილი ავტომანქანა «მერსედესი» _ მოსტეხეს მას გვერდითი ხედვის სარკეები, რითაც დაზარალებულს მიაყენეს დაახლოებით 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, რის შემდეგაც ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ზ. ჭ-ამ და ზ. ზ-მა 2006 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 20.30 საათზე, ---ის გამზირზე გააჩერეს ტაქსი, რომელსაც მართავდა დ. ა-ლი და სთხოვეს მას ---ის ქუჩაზე წაყვანა, მაგრამ იქ მისვლამდე დ. ა-ლი მიიყვანეს ---ის ქუჩაზე, სადაც ამ უკანასკნელს გააჩერებინეს ავტომანქანა და აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს მას ფულადი თანხა 15 ლარის ოდენობით და «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 80 ლარად, რის შემდეგაც ისინი მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. ჭ-ას დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-მა და მსჯავრდებულმა ზ. ზ-მა
ადვოკატი ი. ბ-ლი თავისი საჩივრით ითხოვდა ზ. ჭ-ას მიმართ ძარცვის ნაწილში შეფარდებული სასჯელის შემცირებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში მის გამართლებას იმ მოტივით, რომ ზ. ჭ-ას არ ჰქონია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცების განზრახვა, მან დაზარალებულს გასტაცა უბის წიგნაკი, რომელშიც ვერც კი წარმოიდგენდა, თუ იდო აღნიშნული დოკუმენტი.
მსჯავრდებული ზ. ზ-ლი თავისი საჩივრით ითხოვდა მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ იგი წარსულში არაა ნასამართლევი, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და უმუშევარი მეუღლე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განაჩენი ზ. ჭ-სა და ზ. ზ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა _ ზ. ჭ-ამ და ზ. ზ-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორი _ მსჯავრდებული ზ. ზ-ლი თავისი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას იმავე მოტივებით, რაც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
კასატორი _ მსჯავრდებული ზ. ჭ-ია თავისი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, მათ შორის ერთი _ 3 თვის ასაკის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ ზ. ზ-სა და ზ. ჭ-ას მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საქმის მასალებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულებმა _ ზ. ზ-მა და ზ. ჭ-ამ ნამდვილად ჩაიდინეს სასამართლოს განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც თვით მსჯავრდებულებიც არ უარყოფენ.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების _ ზ. ზ-სა და ზ. ჭ-ას მიმართ დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი განსაზღვრულია მსჯავრდებულების პიროვნების, მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, რის გამოც ვერ ჩაითვლება უსამართლო და ზედმეტად მკაცრ ღონისძიებად. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამავე დროს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ზ-სა და ზ. ჭ-ას უნდა მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მათ მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:
ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატაცება, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს პირდაპირი განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მოტივსა და სხვისი დოკუმენტების დაუფლების მიზანს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა _ ზ. ჭ-ამ და ზ. ზ-მა, მართალია, გაიტაცეს დაზარალებულ გ. მ-ის კუთვნილი ნივთები, კერძოდ: საფულე, უბის წიგნაკი და მობილური ტელეფონი, მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მათ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატაცების განზრახვა და მიზანი, თუნდაც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულებმა _ ზ. ჭ-ამ და ზ. ზ-მა არ იცოდნენ და არც შეიძლებოდა სცოდნოდათ, რომ დაზარალებულს უბის წიგნაკში შეიძლება ჰქონოდა პირადობის მოწმობა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების _ ზ. ჭ-სა და ზ. ზ-ის მიმართ, კერძოდ: საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის ,,ა» ქვეპუნქტის საფუძველზე მათ მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხული ბრალდების ნაწილში, ვინაიდან მსჯავრდებულებს _ ზ. ჭ-სა და ზ. ზ-ლს არ ჩაუდენიათ აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ქმედება. შესაბამისად, ზ. ჭ-ია და ზ. ზ-ლი უნდა გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების _ ზ. ზ-სა და ზ. ჭ-ას სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ზ. ჭ-სა და ზ. ზ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ ზ. ზ-სა და ზ. ჭ-ას მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით შერაცხული ბრალდების ნაწილში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულები _ ზ. ჭ-ია და ზ. ზ-ლი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «ბ» და «დ» ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მათ სასჯელის ზომად განესაზღვროთ: ზ. ჭ-ას _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო ზ. ზ-ლს _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.