შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹149საზ. ქ. თბილისი
12 ოქტომბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ჯ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: ე. ჯ-ლს, საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ე. ჯ-ლს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 30 სექტემბრიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი ე. ჯ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ე. ჯ-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
მსჯავრდებული ე. ჯ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ე. ჯ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” (ქურდობა ბინაში შეღწევით) ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით). ამ დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი იყო 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებებით ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით გათვალისწინებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მისი სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტი წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, დღეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტი კი მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულთა ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ჯ-ის ქმედება 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე. რაც შეეხება სასჯელს, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 593-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ე. ჯ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ე. ჯ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში _ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.