შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 26.10.2007
საქმის ნომერი
180საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

180საზ 26 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 6 ივლისის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 22 მარტის განაჩენით, დ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის II ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “ბ", “გ" და “დ" ქვეპუნქტებით - 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 109-ე მუხლის “თ", “ი" და “ლ" ქვეპუნქტებით - 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დ. ა-ეს საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 24 (ოცდაოთხი) წლის ვადით.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 9 ივნისიდან.

ამავე განაჩენით: ვ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის II ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “ბ", “გ" და “დ" ქვეპუნქტებით - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 109-ე მუხლის “თ", “ი" და “ლ" პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-60 და 72-ე მუხლების შესაბამისად, განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ვ. გ-ეს საბოლოოდ მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 9 ივნისიდან.

ხ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის II ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 24, 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “გ" და “დ" ქვეპუნქტებით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ხ. ა-ეს საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 9 ივნისიდან.

ი. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის II ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “გ" და “დ" ქვეპუნქტებით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ი. ა-ეს საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 9 ივნისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 22 მარტის განაჩენი ვ. გ-სა და დ. ა-ის მიმართ შეიცვალა შემდეგი მიმართებით: ვ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “თ", “ი" და “ლ" ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე და მე-60 მუხლების შესაბამისად, საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “თ", “ი" და “ლ" ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული დ. ა-ძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 1 ივნისს განხორციელებულ ცვლილებებზე მითითებით, საჩივრით მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 6 ივლისის განჩინების დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით, ამავე მუხლის II ნაწილით, 109-ე მუხლის “თ", “ი" და “ლ" ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 22 მარტის განაჩენით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა დ. ა-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “ბ", “გ" და “დ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული დანაშაულები შეესაბამება 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე, და ამავე მუხლის III ნაწილის “ა", “ბ" და “გ" ქვეპუნქტებს (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე. ამასთან, 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად კი აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო დღეს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “ბ", “გ" და “დ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის III ნაწილის “ა", “ბ" და “გ" ქვეპუნქტებზე, ხოლო აღნიშნული მუხლით მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ დ. ა-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ განჩინება ვ. გ-ის, ხ. ა-სა და ი. ა-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში, კერძოდ:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ვ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით, ამავე მუხლის II ნაწილით, 109-ე მუხლის “თ", “ი" და “ლ" ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ვ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “ბ", “გ" და “დ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის III ნაწილის “ა", “ბ" და “გ" ქვეპუნქტებზე, ხოლო აღნიშნული მუხლით მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ვ. გ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - 25 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა დარჩეს უცვლელად.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ხ. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით, ამავე მუხლის II ნაწილით, 24, 179-ე მუხლის II ნაწილის “გ" და “დ" ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ხ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 24, 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 24, 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე, დანიშნული სასჯელის შეუცვლელად.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ი. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით, ამავე მუხლის II ნაწილით, 179-ე მუხლის II ნაწილის “გ" და “დ" ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ი. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე, დანიშნული სასჯელის შეუცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ დ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 6 ივლისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ დ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “ბ", “გ" და “დ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის III ნაწილის “ა", “ბ" და “გ" ქვეპუნქტებზე და მას აღნიშნული მუხლით მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ვ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “ბ", “გ" და “დ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის III ნაწილის “ა", “ბ" და “გ" ქვეპუნქტებზე და მას აღნიშნული მუხლით მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ხ. -ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 24, 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს მოქმედი სსკ-ის 24, 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულ ი. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე.

განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.