შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 14.05.2007
საქმის ნომერი
268საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.05.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

268-საზ ქ. თბილისი

14 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ა-ის საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 13 დეკემბრის დადგენილების გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 6 სექტემბრის განაჩენით ო. ა-ის ძე ა-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 961-ე მუხლით _ 13 წლით, მე-17,91-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, მე-17,150-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ო. ა-ვი ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად და ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით.

ამავე განაჩენით მ. ს-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 961-ე მუხლით _ 11 წლით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით, მე-17,150-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მ. ს-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, ქონების კონფისკაციით.

ო. ა-ვს სასჯელის ათვლა დაეწყო 1996 წლის 7 ივნისიდან, ხოლო მ. ს-ეს _ 1996 წლის 10 ივნისიდან.

განაჩენით ო. ა-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ, არიდებდა რა თავს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, განმეორებით და არაერთგზის, საცავში შეღწევით ჩაიდინა საზოგადოებრივი და მოქალაქეთა პირადი ქონების განმეორებით ქურდობის მცდელობა, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ დანაშაულის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, მან პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, მთვრალმა, განმეორებით ჩაიდინა მოქალაქეთა პირადი და საზოგადოებრივი ქონების ქურდობის მცდელობა. აღნიშნული გამოიხატა საცავში შეღწევით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საზოგადოებრივი ქონების ფარულად გატაცებაში, პირადი ქონების ფარულად გატაცებასა და გატაცების მცდელობაში;

მ. ს-ეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ თავს არიდებდა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას და პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, საცავში შეღწევით, მთვრალმა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საზოგადოებრივი ქონების ქურდობა, ერთდროულად იმავე პირთა ჯგუფთან ერთად მოქალაქეთა პირადი ქონების ქურდობა და ქურდობის მცდელობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით აღნიშნული განაჩენი შეიცვალა: 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 961-ე მუხლი შესაბამისობაში მოვიდა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებთან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით); მ. ს-ეს სასჯელი შეუმცირდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთამდე, ხოლო ო. ა-ვს _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთამდე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გარდა ამისა, ო. ა-ვი 1999 წლის 25 იანვარს გაასამართლა მცხეთის რაიონის სასამართლომ და იმ დროს მოქმედი სსკ-ის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ო. ა-ვს საბოლოოდ მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1998 წლის 2 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებული ო. ა-ვი საჩივრებით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას და სასჯელის მოხდის ათვლას 1996 წლიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ო. ა-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, მ. ს-ის მიმართაც და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელად დაწესებული იყო 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ეს ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” (ქურდობა დიდი ოდენობით) და „გ” (ქურდობა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის) ქვეპუნქტები ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ადრე მოქმედი სსკ-ის მე-17,91-ე მუხლის მე-3 ნაწილი (საზოგადოებრივი ქონების ქურდობა, საცავში შეღწევით), რომლითაც აგრეთვე მსჯავრდებულია ო. ა-ვი, სასჯელად ითვალისწინებდა 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის სანქციით დაწესებულია 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ყოველივე ზემოაღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის _ სასჯელს.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამასთან, თუ ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.

ამდენად, ო. ა-სა და მ. ს-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებზე, ხოლო ო. ა-ის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის მე-17,91-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის დღევანდელი რედაქციის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სხვა მუხლების (150-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მე-17,150-ე მუხლის მე-2 ნაწილი) შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა.

რაც შეეხება ო. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ვადის ათვლას, ამის თაობაზე მითითებულია გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში და ეს გარემოება არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ო. ა-ის საჩივრები დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 13 დეკემბრის დადგენილება შეიცვალოს: ო. ა-სა და მ. ს-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებზე.

ო. ა-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-17,91-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ო. ა-ვს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის მე-40 მუხლის შესაბამისად, ო. ა-ვს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით დანიშნული სასჯელიდან საბოლოოდ განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული დადგენილება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.