შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
310საზ ქ. თბილისი
26თებერვალი 2007წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 2 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ო. გ-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
სასჯელის მოხდა ო. გ-ვს დაეწყო 2003 წლის 16 ივლისიდან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული.
მსჯავრდებული ო. გ-ვი საჩივრით ითხოვს ზემომითითებული განაჩენის ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ო. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 19, 177-ე მუხლის II ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის II ნაწილის “ე" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, ბინაში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც, აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რის გამოც, იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. აღნიშნული გარემოებები კი იმაზე მიუთითებენ, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. გ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტთან, სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან, სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ო. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 2 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ო. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) – სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე, სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) - სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.