შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
400/საზ ქ. თბილისი
19 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ღ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენით თ. ფ-ის ძე ღ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. ღ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2000 წლის 23 მაისიდან.
განაჩენის მიხედვით, სხვადასხვა, განზრახ დანაშაულისათვის სამჯერ ნასამართლევ თ. ღ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ასევე _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა გასაღების მიზნის გარეშე; ასევე _ მიცვალებულისადმი უპატივცემულობა, ე.ი. საფლავზე არსებული საგნის გატაცება; ასევე _ სხვისი ნივთის დაზიანება.
ადვოკატი მ. ლ-ძე საჩივარში აღნიშნავს, რომ 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებების შედეგად სსკ-ის 177-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ამიტომ თ. ღ-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს მუხლის სანქციის ფარგლებში. ამდენად, ადვოკატი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სისხლის სამართლის კანონის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანას და რამდენადაც თ. ღ-ეს სასჯელი მთლიანად აქვს მოხდილი, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას პატიმრობიდან.
მსჯავრდებული თ. ღ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სასჯელის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და მის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განაჩენით დადგენილია, რომ თ. ღ-ემ არაერთგზის ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ბრალდების ამ ნაწილში თ. ღ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ მითითებულია, რომ დანაშაული ჩაიდინა პირმა, ვინც ნასამართლევი იყო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ამასთან, არ არის მითითებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) შესაბამისი ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ირკვევა, რომ საბრალდებო დასკვნით თ. ღ-ემ არაერთგზის ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, პირის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
სასამართლომ თ. ღ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულად მიიჩნია, ხოლო ქმედების კვალიფიკაცია _ სწორად.
ამდენად, გასაჩივრებული განაჩენიდან და მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებიდან უდავოდ გამომდინარეობს, რომ თ. ღ-ის ქმედება ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირდა სწორედ იმის გამო, რომ იგი ადრე ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელიც, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
თ. ღ-ის მიერ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ხსენებული მუხლებით დანიშნული სასჯელები მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და არც ამ ქმედებების სიმძიმის კატეგორია შეცვლილა. რაც შეეხება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, იგი მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კანონით მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და, შესაბამისად, ამ ქმედებისათვის გამკაცრდა სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ თ. ღ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს: თ. ღ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.
განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.