შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹433\საზ. ქ. თბილისი
13 ივნისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ გ. ქ-ის,ადვოკატ _ ზ. ზ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ზ-ის საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 22 მარტის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: 1. ზ. ბ-ძე, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 135-ე მუხლით, 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-17,150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ქონების დაუფლების მიზნით, რომელსაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა; მანვე ჩაიდინა იძულება ძალდატანებითა და დასასჯელი მუქარით, სხვისი პირის იძულება ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად; მანვე ჩაიდინა გამოძალვა, ე.ი. მოქალაქეთა პირადი ქონების, ქონებაზე უფლების გადაცემისა და ქონებრივი სარგებლობის გაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულისა და მისი ახლობლების მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მათი ქონების საყოველთაოდ საშიში საშუალებებით განადგურების მუქარა; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა და ტარება; მანვე, არიდებდა რა თავს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, განმეორებით, ბინაში შეღწევით ჩაიდინა მოქალაქის პირადი ქონების ფარული გატაცების მცდელობა; მანვე დამამძიმებელ გარემოებებში _ ანგარებით, სხვა დანაშაულის _ ქურდობის _ დაფარვის, ამ დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და მისი ბოლომდე მიყვანის მიზნით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა;
2. ა. ღ-ძე, საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა.
ზ. ბ-სა და ა. ღ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ზ. ბ-ემ 1992 წელს, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში, მე-8 კლასის მოსწავლემ, დაიწყო სკოლის სხვა მოსწავლეთაგან ფულის გამოძალვა. ამის გამო იგი იმავე წლიდან აღრიცხვაზე აიყვანეს თბილისის ვაკის შს განყოფილების არასრულწლოვანთა ინსპექციაში. 1996 წელს ზ. ბ-ემ დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდგომში სწავლით ან შრომითი საქმიანობით არ დაკავებულა და იყო დედის კმაყოფაზე.
1998 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22 საათზე, ზ. ბ-ძე იმყოფებოდა თბილისში, ---ის ქ. ¹8ა საცხოვრებელი სახლის ეზოში და საუბრობდა თანაკლასელ გ. კ-სა და სხვებთან. ამ დროს გ. კ-ეს მიაკითხა მეგობარმა ბ. ჯ-მა, რომელსაც თან ჰქონდა „მოტოროლას” ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი. ეს შენიშნა ზ. ბ-ემ და განიზრახა მისი დაუფლება ყაჩაღური თავდასხმის გზით. ყაჩაღობა რომ შეენიღბა, მან ბ. ჯ-ლს უთხრა, რომ დასარეკად ეთხოვებინა ტელეფონი, რაზეც ბ. ჯ-მა უპასუხა, რომ ელემენტი დამჯდარი იყო, თუმცა შემდეგ მიაწოდა. ზ. ბ-ემ ჩართო ტელეფონი, შემდეგ ბ. ჯ-ლი გაიყვანა ბნელ ადგილზე, სადაც განუცხადა, რომ იყო ქურდი და როგორ გაბედა მისი მოტყუება. ზ. ბ-ემ ჩინური წარმოების ფიქსატორიანი დანით მას გულმკერდის, მხრისა და ბარძაყის არეში მიაყენა ნაჩხვლეტი ჭრილობები, რითიც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამის შემდეგ ზ. ბ-ემ გაიტაცა მობილური ტელეფონი, რითიც დაზარალებულს მიაყენა 288 ლარის მატერიალური ზიანი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹137-ში მცხოვრებმა ლ. გ-მა 1993 წლის მარტის მიწურულს ხელთ იგდო მოკლული მეგობრის _ გ. ჩ-ის „მაკაროვის” სისტემის უნომრო პისტოლეტი 8 საბრძოლო ვაზნით. აღნიშნული იარაღი მან 1998 წლის მარტის დასაწყისში დროებით ათხოვა ზ. ბ-ეს, ხოლო ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, დროებით შესანახად ჩააბარა ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹47-ში მცხოვრებ ა. ღ-ეს. პისტოლეტი ბინის დალაგების დროს აღმოაჩინა ა. ღ-ის დედამ _ მ. ღ-ემ, რომელმაც იარაღი დაუბრუნა მის თავდაპირველ, უკანონო მფლობელს _ ლ. გ-ლს.
ზ. ბ-ემ ბ. ჯ-ზე ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, 1998 წლის 11 ივლისს, ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹137-ში მცხოვრები ლ. გ-საგან უკანონოდ შეიძინა ზემოაღნიშნული „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი 7 ვაზნასთან ერთად, რასაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. მან განიზრახა ახალი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, დააპირა, ფული და ძვირფასეულობა გამოეძალა ---ის ქ. ¹8ა-ში მცხოვრებ დ. ს-საგან, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ დ. ს-ის ბინა და ძვირფასეულობა რამდენიმე თვის წინ ხანძარმა შთანთქა.
ამ დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად 1998 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19 საათზე, „მაკაროვით” შეიარაღებული ზ. ბ-ძე მივიდა დ. ს-ის საცხოვრებელი ბინის ეზოში, განზე გაიხმო იგი და მოსთხოვა დათქმულ დროს რაც შეიძლება ბევრი ფულისა და ძვირფასეულობის მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში _ დაემუქრა მისი და მისი ახლობლების მიმართ ძალადობის გამოყენებით. დ. ს-მა მომხდარის შესახებ გაანდო თავის დედას, მან კი შეატყობინა ყოფილ მეუღლეს _ ს. ს-ლს და სთხოვა, მიეღო ზომები. 1998 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 18 საათზე, ს. ს-ლი ---ის ქუჩაზე შეხვდა ზ. ბ-ეს და მოსთხოვა, ხელი აეღო მისი ვაჟიშვილისაგან ფულის გამოძალვაზე, რაზეც ზ. ბ-ემ უპასუხა, რომ ფულს სთხოვდა სესხად და აღუთქვა, რომ დ. ს-თან გაუგებრობა არ ექნებოდა. ამის შემდეგ ზ. ბ-ემ ხელი აიღო ამ დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე.
1997 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ---ს დამკვირვებელთა მისიის მოსამსახურე დ. ჰ-ის, შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე, თვეში 400 დოლარის საფასურად მოქ. მ. გ-საგან დაქირავებული ჰქონდა შ. ---ის ქ. მე-20 კორპუსში მდებარე ¹6 ოროთახიანი ბინა, რომელშიც შემდგომ გადავიდა პოლონეთის მოქალაქე მ. მ-ნა ვ-კა. მან ქირითვე განაგრძო ---ს მიერ დაქირავებულ ბინაში ცხოვრება.
ზ. ბ-ემ გადაწყვიტა, შეეღწია ამ ბინაში და ფარულად დაუფლებოდა მ. ვ-ას ქონებას, რის გამოც ის ხშირად მიდიოდა და სწავლობდა მობინადრის ადგილგადანაცვლებას. 1998 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 20.30 საათზე, „მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ზ. ბ-ემ, იმ მიზნით, თუ გასაქურდად შეგულებული ბინის მეპატრონე ქურდობის მომენტში შემთხვევით თავზე წაადგებოდა, ანგარებით, ქურდობის დაფარვისა და ამ დანაშაულში მხილებისაგან თავის დახსნის მიზნით მოეკლა იგი, ეზოს მხრიდან, ლოჯიის ღია კარიდან გადაძვრომით შეაღწია ბინაში. მისი ბინაში შეღწევიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით 20.50 საათზე, მ. ვ-კა დაბრუნდა ბინაში, გასაღებით გააღო კარი და შევიდა ბინის ჰოლში. ზ. ბ-ემ, რომელსაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ყაჩაღობა და ამჯერად წაასწრეს განმეორებით ქურდობაზე, განზრახ, ანგარებით, ბინაში შეღწევით ქურდობის დაფარვის, დანაშაულის ბოლომდე მიყვანისა და მხილებისაგან თავის დახსნის მიზნით, მ. ვ-ას თავში ჯერ პისტოლეტის ტარი ჩაარტყა, შემდეგ კი ახლო მანძილიდან, პირდაპირი დამიზნებით, ესროლა სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა კარის გაღებასა და გაქცევას, რათა თავი დაეღწია მოძალადისაგან. მ. ვ-ამ მიიღო გამჭოლი, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოების ჭრილობები, რომლებიც, როგორც ერთობლივად, ისე _ ცალ-ცალკე წარმოადგენენ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებებს, რამაც გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა და მისი გარდაცვალება. ზ. ბ-ძე იძულებული გახდა, ხელი აეღო ბინის გაქურდვის განზრახვის ბოლომდე მიყვანაზე და ადგილზე შეპყრობის შიშით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
1998 წლის 6 აგვისტოს ზ. ბ-ძე დააკავეს. მას აღმოაჩნდა მ. ვ-ას მკვლელობისას გამოყენებული, 9 მმ კალიბრიანი, „მაკაროვის” სისტემის უნომრო პისტოლეტი და მისი 4 საბრძოლო ვაზნა.
აღნიშნული დანაშაულისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 მარტის განაჩენით ზ. ბ-ეს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, 135-ე მუხლით _ 1 წლით, 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, მე-17,150-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით, 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, ზ. ბ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
ამავე განაჩენით ა. ღ-ეს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით, რომლის აღსრულებაც სსკ-ის 471-ე მუხლის საფუძველზე გადაევადა 1 წლით.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ივნისის განჩინებით შეიცვალა: ზ. ბ-ის მიმართ განაჩენიდან ამოირიცხა მითითება მისი სსკ-ის 135-ე მუხლით, მე-17,150-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების შესახებ, ასევე მითითება მ. ვ-ას ქურდობის ჩადენის გაადვილებისა და მისი ბოლომდე მიყვანის მიზნით განზრახ მკვლელობაზე; განაჩენი ზ. ბ-ის მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ადვოკატი ზ. ზ-ლი საჩივარში აღნიშნავს, რომ სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, რის გამოც განაჩენიც და განჩინებაც უნდა გადაისინჯოს და შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა უსამართლოდ, დაუსაბუთებლად და არასწორად გამოიყენეს იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კანონი, როდესაც ზ. ბ-ის ქმედება დააკვალიფიცირეს სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით; ზ. ბ-ის მამოძრავებელი მოტივი ანგარება რომ ყოფილიყო, მაშინ მისი ქმედება, ქურდობის ნაცვლად, ყაჩაღობის მუხლით უნდა დაკვალიფიცირებულიყო; მკვლელობის მოტივი ანგარება რომ ყოფილიყო, მაშინ დამნაშავე ნივთებს არ მიატოვებდა და აუცილებლად წაიღებდა; საკასაციო ინსტანციას ანგარების მოტივიც რომ ამოერიცხა, მაშინ უნდა დამდგარიყო უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანით შეცვლის საკითხიც, რაც, ალბათ, ვინმესთვის მიუღებელი იქნებოდა; სასამართლომ განზრახ დაარღვია საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია) 39-ე მუხლი, რომელშიც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების ნუსხა ამომწურავი იყო და მისი გაფართოება არ შეიძლებოდა; განაჩენით უხეშად დაირღვა ერთი დანაშაულის ჩადენისათვის ადამიანის ორჯერ დასჯის დაუშვებლობის პრინციპი; სასამართლო ყველანაირად შეეცადა, რათა კანონდარღვევით, ხელოვნურად კიდევ უფრო დაემძიმებინა ზ. ბ-ის პასუხისმგებლობა; სასამართლოს შეეძლო, ემსჯელა შემამსუბუქებელ გარემოებებზეც, რათა მსჯავრდებულისათვის თავისუფლება უვადოდ არ აღეკვეთათ; ზემოაღნიშნულის საფუძველზე, განაჩენი და განჩინება უნდა გადაისინჯოს კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში და ზ. ბ-ეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
ადვოკატი ზ. ზ-ლი ასევე უთითებს, რომ 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული მოცემულია ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელი საგრძნობლად შემსუბუქდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ზ. ზ-ლი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 მარტის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ივნისის განჩინების გადასინჯვას, მათ შეცვლას: ზ. ბ-სათვის სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ამორიცხვას და სასჯელის განსაზღვრას სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. ზ-მა მხარი დაუჭირა თავისი საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა გ. ქ-მა მხარი არ დაუჭირა ზ. ბ-ის ინტერესების დამცველის საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ზ. ბ-ეს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა უვადო თავისუფლების აღკვეთა საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტების საფუძველზე. ანგარებითა და სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის დაწესებული იყო უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის (მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით) სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 11-დან 14 წლამდე, ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” (განზრახ მკვლელობა ანგარებით) ქვეპუნქტის სანქციით _ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. პალატას მიაჩნია, რომ ზ. ბ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტზე და ზ. ბ-ეს სასჯელად დაენიშნოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი (11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) ნაკლებია სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელთან შედარებით. სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
როგორც აღინიშნა, ზ. ბ-ძე მსჯავრდებულია სსკ-ის ადრე მოქმედი რედაქციის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტითაც. ამ ქმედება ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი და დადგენილია უფრო მკაცრი სასჯელი _ 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ამ ნაწილში ზ. ბ-ის ქმედების გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან.
ამასთან, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებასა და დანიშნული სასჯელის სამართლიანობაზე, რადგან ეს გარემოებები არ წარმოადგენენ ახლად გამოვლენილს.
ზ. ბ-ის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-17,150-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, რისთვისაც ზ. ბ-ეს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან მე-17,150-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 10 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელად დადგენილია 4-დან 7 წლამდე თავისფლების აღკვეთა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელი. გარდა ამისა, 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსიდან სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულია, რაც ამკაცრებს სასჯელს, ხოლო სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამასთან, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ამდენად, 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით ზ. ბ-ეს სასჯელად შეიძლება დაენიშნოს მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთის სამი მეოთხედი _ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილი სხვა მუხლების (96-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულთა სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა.
სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და აღნიშნავს, რომ ა. ღ-ძე მსჯავრდებულია 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისი ამ ქმედების ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ზ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ივნისის განჩინება შეიცვალოს: ზ. ბ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტზე და სასჯელად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ზ. ბ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის მე-17,150-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე და სასჯელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ბ-ეს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი პუნქტითა და სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის ზ. ბ-სა და ა. ღ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.