შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
437/საზ ქ. თბილისი
15 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ო-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 აპრილის განაჩენით ო. ო-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 91-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით ო. ო-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ფარულად გატაცება, ჩადენილი განმეორებით, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სადგომში შეღწევით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1999 წლის 8 ნოემბერს, ღამით, ო. ო-მა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმებით, გადაწყვიტა დმანისის რაიონის შპს ,,---ის” კუთვნილი საქონლის გატაცება. ისინი აღნიშნულ დღეს მივიდნენ საქონლის სადგომთან, დაკეტილი კარი გააღეს და შეაღწიეს შიგნით, საიდანაც გაიტაცეს 9 სული მსხვილფეხა პირუტყვი, საერთო ღირებულებით 2650 ლარი და მოქალაქე ა. ც-ის კუთვნილი სამი სული პირუტყვი, საერთო ღირებულებით 1290 ლარი. მათ აღნიშნული პირუტყვი გადაიყვანეს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გადასცეს სტეფანავანის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ვ. პ-ნს, რითაც შპს ,,---ს” მიაყენეს 2650 ლარის, ხოლო მოქალაქე ა. ც-ლს _ 1290 ლარის მატერიალური ზიანი.
მსჯავრდებული ო. ო-ვი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ო. ო-ვს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 91-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განმეორებით ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის) იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ.რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებთან.
საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან რვა წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის დიდი ოდენობით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის მიხედვით, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით. ამდენად, მსჯავრდებულ ო. ო-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ო. ო-ის ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან და მას უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ო. ო-ვს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იმის გათვალისწინებით, რომ ო. ო-ვს სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 10 ნოემბრიდან, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ო. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 აპრილის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ო. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე და ამ მუხლით მას მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ო. ო-ვს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ო. ო-ვს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
ო. ო-ვს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის თანახმად, მას აქვს ნაწილობრივი რეაბილიტაციის უფლება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.