შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
445/საზ ქ. თბილისი
2 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინების გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 მაისის განაჩენით თ. გ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", „ბ” და ,,დ" ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა.
ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
1. ხ. გ-ას, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით _ 6 წლით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, ხ. გ-ას საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
2. ხ. პ-ეს, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თ. გ-ას, ხ. გ-სა და ხ. პ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2003 წლის 28 ივლისიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 ივლისის განაჩენით წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 22 აპრილის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: თ. გ-ას მოეხსნა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე; მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხ. გ-ას მოეხსნა საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით, ასევე ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე; ხ. გ-ას სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილების საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა პატიმრობიდან; ხ. პ-ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 6 თვით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული თ. გ-ა საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თ. გ-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", „ბ” და ,,დ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული _ ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", „ბ” და ,,დ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ეს ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ. გ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
პალატა ასევე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მოტივებით განჩინება ხ. პ-ის მიმართაც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ: მსჯავრდებულ ხ. პ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ თ. გ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 22 აპრილის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ: თ. გ-სა და ხ. პ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.
განჩინება სხვა ნაწილში თ. გ-ას, ხ. პ-სა და ხ. გ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.