შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 15.02.2007
საქმის ნომერი
453საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.02.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

453/საზ ქ. თბილისი

15 თებერვალი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 ნოემბრის განაჩენით გ. ბ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 6 თვე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით მსჯავრდებულ გ. ბ-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება, ჩადენილი განმეორებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში შეღწევით; სატრანსპორტო საშუალების გატაცება ძალადობით; მოქალაქის კუთვნილი დოკუმენტის გატაცება.

მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ბ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით მსჯავრდებულ გ. ბ-ვს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 150-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 212-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის ბინაში შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ათ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. ბ-ის ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან და მას უნდა მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის, თუ გამოყენებულია ძალადობა ან მუქარა, ანდა რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

რაც შეეხება განაჩენით დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ბ-ვს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 150-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 212-ე მუხლით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

განაჩენით გ. ს-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ს-ის ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, ხოლო გ. ს-ის ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით (ძვ.რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მასთან მიმართებით ახლად გამოვლენილი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 17 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მას მიესაჯოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულების _ გ. ბ-ისა და გ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე;

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ გ. ბ-ისა და გ. ს-ის მიმართ განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელები, დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.