შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 12.03.2007
საქმის ნომერი
464საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹464/საზ ქ. თბილისი

12 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 აგვისტოს განაჩენით: რ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

გ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენით რ. ბ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

რ. ბ-ძე 2004 წლის 24 მაისს, დილის საათებში, ქურდობის მიზნით მივიდა ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹8-ში, კარის საკეტის გატეხვით უკანონოდ შეაღწია მოქ. ზ. ც-ის კუთვნილ ¹4 საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად გაიტაცა ოქროს კულონი, ღირებული 80 ლარად, ოქროს საყურე, ღირებული 40 ლარად, საერთო ღირებულებით 120 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულ ზ. ც-ეს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2004 წლის 29 მაისს, ღამით, რ. ბ-ემ ფანჯრიდან შეაღწია ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹32-ში მდებარე ნ. შ-ის საცხოვრებელ ბინა ¹31-ში, საიდანაც ფარულად გაიტაცა ნ. შ-ის კუთვნილი 20 ლარი, ,,ლჯ“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 140 ლარად; მანვე გასაღებით გახსნის გზით შეაღწია ეზოში განლაგებულ ავტოფარეხში, საიდანაც ფარულად გაიტაცა ნ. შ-ის კუთვნილი ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსი სახ. ¹-- და მიიყვანა ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹92-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც აღნიშნულ, 8000 ლარად ღირებულ მიკროავტობუსს მოხსნა წინა ორი მაშუქი, თითოეული ღირებული 50 ლარად, სულ ღირებული 100 ლარად, რის შემდეგ ა/მანქანა მიატოვა და მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 260 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2004 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 21-იდან 24 საათამდე დროის მონაკვეთში, რ. ბ-ძე მივიდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ---ში, ი. მ-ის საცხოვრებელ სახლთან გაჩერებულ ა. კ-ის კუთვნილ მიკრო ავტობუს ,,ფორდ-ტრანზიტთან” სახ. ¹---, მარჯვენა კარიდან შეაღწია მიკროავტობუსის სალონში, საიდანაც ფარულად გაიტაცა ა. კ-ის კუთვნილი მაგნიტოფონი „ფორდი”, ღირებული 60 ლარად.

2004 წლის 27 ივნისს, ღამის საათებში, რ. ბ-ძე მივიდა ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, ეზოს მხრიდან პირველი და მეორე სართულების ფანჯრებზე არსებული გისოსებით ააღწია მე-3 სართულის აივანზე, ღიად დარჩენილი ფანჯრიდან შეაღწია ¹9, ე. თ-ას საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ქურდობის გზით გაიტაცა ფერადი ტელევიზორი ,,ჯვს”, ღირებული 600 ლარად, ვიდეომაგნიტოფონი „ტოშიბა“, ღირებული 150 ლარად, მობილური ტელეფონი ,,ტ-10”, ღირებული 120 ლარად, ე.ი. სულ ქურდობის გზით გაიტაცა 880 ლარის საერთო ღირებულების მქონე საქონელი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.

2004 წლის ივლისის დასაწყისში, გამოძიებით დაუდგენელ დღეს, ღამის საათებში, რ. ბ-ძე მივიდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებ რ. ჯ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებულ ა/მანქანა ,,უაზთან”, საიდანაც ფარულად გაიტაცა რ. ჯ-ის კუთვნილი, დენის მარეგულირებელი ელექტროსტაბილიზატორი, ღირებული 150 ლარად, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს.

2004 წლის ივლისში რ. ბ-ძე იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ---ის ქუჩაზე, რა დროსაც იქვე, ¹8-ში მდებარე ი. მ-ის საცხოვრებელ ბინა 28-ში ფარულად შეაღწია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამ უკანასკნელის პირად ნივთებს, რითაც დაზარალებულ ი. მ-ეს მიაყენა 887 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2004 წლის ივლისში, გამოძიებით დაუდგენელ დღეს, რ. ბ-ძე მივიდა ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹31-ში, ფანჯრიდან შევიდა მოქალაქე ე. ბ-ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, ქურდობის გზით გაიტაცა „სუპრას“ ფირმის ტელევიზორი, ღირებული 100 ლარად, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2004 წლის ივლისში, გამოძიებით დაუდგენელ დღეს, რ. ბ-ძე მივიდა ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹8-ში მდებარე ბ¹48-ში, ფანჯრიდან შეაღწია მ. წ-ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, ქურდობის გზით გაიტაცა ამ უკანასკნელის ქონება: უცხოური წარმოების მტვერსასრუტი, ღირებული 150 ლარად, ერთი ცალი ხილის ვაზა, ღირებული 120 ლარად, სულ ღირებული 270 ლარად, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2004 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 05.00 საათზე, რ. ბ-ძე წინასწარი შეთანხმებით, გ. ა-სთან ერთად, ქურდობის მიზნით მივიდა ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹23-ში, შეაღწია მოქალაქე მ. ბ-ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ქურდობის გზით გაიტაცა მისი პირადი ქონება, სულ ღირებული 347 ლარად, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

მსჯავრდებული რ. ბ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით რ. ბ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმში, მსჯავრდებულ რ. ბ-ის მიერ ---ის ¹8-ში, ზ. ც-ის კუთვნილი ¹4 საცხოვრებელი ბინის ქურდობის ეპიზოდში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი _ 120 ლარი, ა. კ-ის კუთვნილ მიკროავტობუს ,,ფორდ ტრანზიტიდან” მაგნიტოფონ „ფორდის” ქურდობის ეპიზოდში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი _ 60 ლარი, რ. ჯ-ის კუთვნილი დენის მარეგულირებელი ელექტროსტაბილიზატორის ქურდობის ეპიზოდში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი _ 150 ლარი, ე. ბ-ის საცხოვრებელი ბინის ქურდობის ეპიზოდში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი _ 100 ლარი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს, ვინაიდან, სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის მიხედვით, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით.

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. ბ-ეს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს ქურდობის ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), ქურდობისათვის ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევითა და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის _ თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედებები მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და “ბ” (ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით) ქვეპუნქტები ხსენებული ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის) _ თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე, რის გამოც ისინი წარმოადგენენ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებს; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ბ-ის მიერ დაზარალებულების _ ნ. შ-ის კუთვნილი ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსის, ე. თ-ას საცხოვრებელი ბინის, ი. მ-ის საცხოვრებელი ბინის, მ. წ-ის საცხოვრებელი ბინისა და მ. ბ-ის საცხოვრებელი ბინის ქურდობის ეპიზოდებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) კვალიფიკაცია (ქურდობა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) კვალიფიკაცია (ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან, ხოლო 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) კვალიფიკაცია _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ რ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. ა-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

განაჩენით გ. ა-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

მსჯავრდებულ გ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებთან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რომან ბერიძისა და გენადი ანთაძის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს მათი შეცვლის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ რ. ბ-ეს განაჩენიდან ამოერიცხოს ქ. ბათუმში, ---ის ¹8-ში, ზ. ც-ის კუთვნილი ¹4 საცხოვრებელი ბინის, ა. კ-ის კუთვნილ მიკრო-ავტობუს ,,ფორდ-ტრანზიტიდან” მაგნიტოფონ „ფორდის”, რ. ჯ-ის კუთვნილი დენის მარეგულირებელი ელექტროსტაბილიზატორის, ე. ბ-ის საცხოვრებელი ბინის ქურდობის ეპიზოდებში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება;

მსჯავრდებულ რ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) (დაზარალებულების _ ნ. შ-ის კუთვნილი ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსის, ე. თ-ას საცხოვრებელი ბინის, ი. მ-ის საცხოვრებელი ბინის, მ. წ-ის საცხოვრებელი ბინისა და მ. ბ-ის საცხოვრებელი ბინის ქურდობის ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ რ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) (ქურდობა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ რ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), (ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ რ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ გ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ რ. ბ-სა და გ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.