გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.04.2012
საქმის ნომერი
ბს-1655-1627(კ-11)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.04.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹ბს-1655-1627(კ-11) 11 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი _ ზ. ტ-ე, წარმომადგენელი _ ა. ბ-ე (16.12.11წ. ¹111372483 რწმუნებულება)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენლები _ ნ. წ-ა (02.06.11წ. ¹08-01/11588 მინდობილობა), ო. ჩ-ე (21.03.12წ. ¹08-01/20228 მინდობილობა); საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი _ მ.მ-ე (27.05.11წ. ¹21-04/10501 მინდობილობა)

დავის საგანი _ კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.11წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ტ-ემ 04.04.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 20.12.10წ. ¹11419/21-18 საბაჟო შეტყობინების, შემოსავლების სამსახურის 31.01.11წ. ¹258 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.11წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, 30.11.10წ. საბაჟო გამშვები პუნქტის _ ... ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,MEღჩEDEშ”-ის მარკის მცირე სატვირთო ავტომანქანა (სახელმწიფო ¹...), რომლის დათვალიერებისას ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი _ 400 კგ ყურძენი. სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის მიერ 30.11.10წ. ზ. ტ-ის მიმართ, საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹012257. სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის მიერ 20.12.10წ. გამოცემულ იქნა საბაჟო შეტყობინება ¹11419/21-18 და საბაჟო შეტყობინების წერილობითი დასაბუთება, რომლითაც ზ. ტ-ეს სანქციის სახით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება ,,MEღჩEDEშ”-ის მარკის მცირე სატვირთო ავტომანქანა. სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის საბაჟო შეტყობინება მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.01.11წ. ¹258 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.11წ. ¹258 ბრძანება ზ. ტ-ემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 14.03.11წ. გადაწყვეტილებით საჩივარი სანქციის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის განმარტებით, ავტომანქანა მ. ჩ-ის საკუთრებაა, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული ჰქონდა ზ. ტ-ეს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ არის 60 წლის, უმუშევარი და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ შესწევს უნარი ავტომანქანის მესაკუთრეს შეუძინოს სხვა ავტომანქანა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსარჩელემ ითხოვა სანქციის შეცვლა და ავტომანქანის ჩამორთმევის სანაცვლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების 100%-ის ოდენობით დაჯარიმება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 11.04.11წ. განჩინებით ზ. ტ-ის სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.07.11წ. გადაწყვეტილებით ზ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 20.12.10წ. ¹11419/21-18 საბაჟო შეტყობინება, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 31.01.11წ. ¹258 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.11წ. გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საბაჟო კოდექსის 242.1 მუხლით კანონმდებელმა სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ადმინისტრაციულ ორგანოს მიანიჭა სანქციის როგორც დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი ფორმით გამოყენების შესაძლებლობა, კანონით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების უფლებამოსილება, რაც ამავდროულად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, მის ხელთ არსებული რამდენიმე საშუალებიდან გამოიყენოს ყველაზე მისაღები და ადეკვატური სამართალდარღვევის ხასიათიდან, მის სიმძიმიდან, სამართალდამრღვევის პიროვნებიდან გამომდინარე და გამოიყენოს მხოლოდ ის, რომელიც არ გამოიწვევს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გატარებულმა ღონისძიებამ შესაძლებელია მოსარჩელეს მოუსპოს შემოსავლის წყარო და უკიდურესად გააუარესოს მისი მატერიალური მდგომარეობა.

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საბაჟო კოდექსის 2.1, 2.3 მუხლებით, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29.1 მუხლით, რომლის თანახმად, კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და მოსარჩელისათვის არ უნდა ჩამოერთვა ავტომანქანა, რომელიც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.11წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.07.11წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ზ. ტ-ისათვის არ დაუკისრებია ჯარიმის გადახდა, შესაძლებელი იყო მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო როგორც საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა ალტერნატიულად, ასევე კუმულაციურად – ერთდროულად, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას. სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მითითებულ მუხლში 17.08.2010წ. შეტანილი ცვლილება 01.01.2011წ. შევიდა ძალაში, ხოლო სანქციის შეფარდების დროისათვის მოქმედი 29-ე მუხლი არ შეიცავდა მითითებას საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მისი გავრცელების შესახებ. ნორმაში მხოლოდ საბაჟო წესების დარღვევის საგანზე მითითება არ გულისხმობდა დასახელებული მუხლის გავრცელებას საბაჟო კოდექსზე, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც შეიცავდა მუხლებს, რომლებითაც მოწესრიგებული იყო საბაჟო ურთიერთობები და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გარკვეული ნივთების შემოტანისათვის დაწესებული იყო სანქციები. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სანქციის შეფარდების დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლი კავშირში არ იყო საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლთან, მის დისპოზიციასა და სანქციასთან, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლის 01.01.11წ. ამოქმედებული რედაქცია სანქციის შეფარდების დროისათვის არ მოქმედებდა, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის (16.09.10წ. კანონი) 269-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესი სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდებოდა, რამდენადაც მითითებული ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ ახალი ნორმა გავრცელდეს ამა თუ იმ ურთიერთობაზე, აუცილებელია რამოდენიმე პირობის ერთდროულად არსებობა, კერძოდ, ქმედების მიმართ ჯერ არ უნდა იყოს შეფარდებული სანქცია და ამავე დროს ახალი კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებული უნდა იყოს პასუხისმგებლობა დასახელებული ქმედების ჩადენისათვის. ზ. ტ-ის ქმედებაზე სანქცია უკვე შეფარდებულია ძველი კანონის მოქმედების პირობებში და ამავე დროს ახალი კოდექსით ადგილი არ ჰქონია ზ. ტ-ის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის გაუქმებას ან შემსუბუქებას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლეოდა საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-6 ნაწილის შინაარსის ანალიზი, კერძოდ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია ახალ საგადასახადო კოდექსში შეიცვალა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ახალი კოდექსით განისაზღვრა კიდევ ერთი სანქცია _ საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვა 1 წლის ვადით. ისევე როგორც საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლი, ახალი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-6 ნაწილიც აწესებს ჯარიმისა და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენების ალტერნატივას. დასახელებული მუხლითაც, იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული იქნება ჯარიმა, დაუშვებელია საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით ზ. ტ-ის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა არ გაუქმებულა და არ შემსუბუქებულა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.11წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ტ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და არასწორი განმარტება მისცა გამოყენებულ კანონს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სზაკ-ის 7.1. მუხლი. გასათვალიწინებელია, რომ არადეკლარირებული საქონლის ღირებულება (სულ 800 აშშ დოლარი) გაცილებით ნაკლებია ვიდრე ზ. ტ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი საკუთრება _ მცირე სატვირთო ავტომანქანა. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სანქციის სახით ჩამორთმეულ იქნა სხვისი საკუთრება, სახეზეა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლის დარღვევა, ვინაიდან კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ პირის პირად საკუთრებაში არსებული საგანი. ამასთან, მესაკუთრეს ისე ჩამოართვეს საკუთრება, რომ მას სამართალწარმოებაში მონაწილეობა არ მიუღია, ამ კუთხით მინდობილ მესაკუთრეს რაიმე უფლება მესაკუთრისაგან დათმობილი არ ჰქონია. სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორად იმსჯელა 29-ე მუხლის გამოყენების მიზანშეწონილობაზე, რადგან შედგენილ იქნა სამართალდარღვევათა ოქმი, რომელზეც უპირობოდ მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.1. მუხლი. სასამართლომ იგნორირება გაუკეთა არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევას (რომელის არ დაბრუნებია კასატორს), სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე გამოეყენებინა მხოლოდ სანქციის ის სახე, რომელიც არ გამოიწვევდა პირის კანონიერი უფლების და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. ადმინისტრაციული ორგანოს არ დაუსაბუთებია სანქციის სახით ავტომანქანის ჩამორთმევის გამოყენება, რაც უპირობოდ, დასაბუთების გარეშე იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. პალატამ არასწორად მიუთითა ავტონმანქანაში მოწყობილ სამალავზე, რადგან მცირე სატვირთო ავტომანქანას ვერ ექნება 400 კგ. ყურძნის სამალავი და აღნიშნული გარემოება გამოიყენა მხოლოდ ფაქტის დასამძიმებლად. კასატორი მიუთითებს, რომ ყოველივე ქმნის სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის _ ,,სადახლოს” ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან 30.11.10წ. შემოვიდა ,,MEღჩEDEშ”-ის მარკის მცირე სატვირთო ავტომანქანა (სახელმწიფო ¹...), რომელსაც მართავდა ზ. ტ-ე. ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 400 კგ ყურძენი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონულმა ცენტრმა 30.11.10წ. ზ. ტ-ის მიმართ, საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეადგინა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹012257. საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის მიერ 20.12.10წ. გამოიცა საბაჟო შეტყობინება ¹11419/21-18 და საბაჟო შეტყობინების წერილობითი დასაბუთება, რომლითაც ზ. ტ-ეს სანქციის სახით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება ,,MEღჩEDEშ”-ის მარკის მცირე სატვირთო ავტომანქანა (სახელმწიფო ¹...). სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, 03.12.10წ. ზ. ტ-ისათვის ჩამორთმეული საქონლის (ყურძენი სუფრის) საბაჟო ღირებულებამ 1 კილოგრამზე 2 აშშ დოლარი შეადგინა. სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის საბაჟო შეტყობინება მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში სანქციის ჯარიმით შეცვლის მოთხოვნით, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება სხვა პირის საკუთრებას წარმოადგენდა. შემოსავლების სამსახურის 31.01.11წ. ¹258 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.11წ. ¹258 ბრძანება ზ. ტ-ემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 14.03.11წ. გადაწყვეტილებით საჩივარი სანქციის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ტრანსპორტის სარეგიტრაციო მოწმობით დადგენილია, რომ ,,MEღჩEDEშ”-ის მარკის მცირე სატვირთო ავტომანქანა, ¹... მ. ჩ-ის საკუთრებაა, რომელიც, 20.09.10წ. სანოტარო აქტით, მართვის უფლებით გადაცემული ჰქონდა ზ. ტ-ეს. საქმის მასალების მიხედვით არადეკლარირებული 400 კგ. ყურძენი საქოლის მფლობელისათვის საბაჟო ორგანოს არ დაუბრუნებია.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელე ზ. ტ-ეს საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო დეკლარაცია არ შეუვსია. არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენის გამო მის მიმართ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაეკისრა სანქცია. აპელანტი ასაჩივრებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებს სანქციის დაკისრების ნაწილში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევდა პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა (საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10, მე-14 ნაწილები) საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით შემსუბუქებულ სანქციებს არ ითვალისწინებს.

ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. სზაკ-ის 7.1 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას (სზაკ-ის 53-ე მუხ.). ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული თუ რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდებით.

შემოსავლების სამსახურის 31.01.11წ. ¹258 ბრძანებით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.11წ. გადაწყვეტილებით, რუსთავის რეგიონული ცენტრის 20.12.2010წ. საბაჟო შეტყობინებით გამოყენებული სანქცია მართლზომიერად იქნა მიჩნეული, ვინაიდან საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება არის საბაჟო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფერო, მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება სამართალდამრღვევისათვის მხოლოდ ჯარიმის თუ სატრანსპორტო საშუალების და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევის გამოყენება (ტ.1., ს.ფ.13-14). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს არა მხოლოდ კანონიერების, არამედ აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხსაც, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას შესაძლებელია ჩაენაცვლოს ზემდგომი ორგანოს დისკრეცია. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერების შემოწმებისას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო თავადაც იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. მეორეს მხრივ, დისკრეციული სფეროს არსებობას ობიექტური ფაქტორები განაპირობებენ, კანონი სრულად ვერ მოაწესრიგებს ყველა საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომლებიც განსხვავდებიან ფაქტობრივი შემადგენლობით, სამართლებრივი რეგულირების ფორმებითა და მეთოდებით. ამდენად, დავების საბჭოს მითითება მხოლოდ 242-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებაში საბაჟო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის საკმარის საფუძველს.

კანონმდებლობა სასამართლოს, როგორც ნორმის შემფარდებელ ორგანოს, ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება არის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, არ იქნა განსაზღვრული კასატორის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა. მოცემულ შემთხვევაში არადეკლარირებული ქონების ოდენობის (ღირებულების) გათვალისწინებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლევა სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, ეწინააღმდეგება სამართლიანობის მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარიმო სანქცია უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება. ადმინისტრაციულმა ორგანომ სანქციის შეფარდებისას არ იმსჯელა სანქციის სახედ ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენების მართლზომიერებაზე. საქმის მასალების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ზ. ტ-ე არ წარმოადგენდა სამართალდამრღვევის საკუთრებას, ავტომანქანა ზ. ტ-ეს მხოლოდ მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული მესაკუთრის მიერ.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახდელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება ის ზოგადი საწყისები, რომლებიც განაპირობებს სამართლიანი სახდელის დაკისრებას, პირის დასჯას მის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერად, მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რაც სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გატარების აუცილებელი პირობათაგანია. საბაჟო კოდექსი არ შეიცავდა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების წესების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებისა და სხვა საკითხების მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებიც განმსაზღვრელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისას. საბაჟო წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობაში მოიაზრება საკანონმდებლო აქტების სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ადგენენ პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისათვის, ასევე სამართლებრივი ნორმები, რომლებითაც რეგლამენტირებულია პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლები. საბაჟო კოდექსის 2.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა შედგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საბაჟო საქმის ორგანიზების მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ხასიათის ნორმები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს. ზემოთაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საბაჟო ორგანოს სამართალდარღვევის გამოვლენისა და სანქციის შეფარდებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ეხელმძღვანელა როგორც სპეციალური კანონით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებით, რომლებიც განსაზღვრავენ სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების ზოგად წესს, რამდენადაც საბაჟო ნორმების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახე _ სანქცია და ზომები ადმინისტრაციულ-სამართლებრივია, სამართალწარმოება ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29.1 მუხლი, რამდენადაც აღნიშნული მუხლის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა სანქციის შეფარდებისას, ვრცელდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით და არა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევებზე. 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29.1 მუხლის თანახმად, იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საბაჟო წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს ამ საგნის სახელმწიფო საკუთრებად იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში, კონფისკაციას ექვემდებარებოდა მხოლოდ დამრღვევის პირადი საკუთრების საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია თუ რატომ არ უნდა იქნეს გამოყენებული მითითებული ნორმით დადგენილი წესი იმ საბაჟო სამართალდარღვევებზე, რომელთა მიმართ პასუხისმგებლობის ზომები დადგენილი იყო საბაჟო კოდექსით, ამასთანავე, სასამართლო არ უთითებს თუ სახელდობრ რომელი საბაჟო სამართალდარღვევა იყო გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ქონების კონფისკაციას. ამასთანავე, 29-ე მუხლის 01.01.2011წ. ამოქმედებული განახლებული რედაქცია შეიცვალა მხოლოდ იმ კუთხით, რომ იგი გავრცელდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის მიმართ. აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო 17.09.2010წ. საგადასახადო კოდექსის მიღებით, რომლის ამოქმედებასთან ერთად (01.01.11წ.) გაუქმდა საბაჟო კოდექსი და საბაჟო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები თავმოყრილი იქნა საგადასახადო კოდექსში. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 20.12.06წ. ¹238 დადგენილებით დამტკიცებული “საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდარღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის შესახებ” დებულების მე-3 მუხლის თანახმად, აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სამართადარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სანქციის უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება სამართალდარღვევის სუბიექტის ქონება ან/და სამართალდარღვევის ობიექტი იყო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სანქციის შეფარდებისას უნდა შეაფასოს სამართალდარღვევის ჩადენის საშუალების – ავტომანქანის ჩამორთმევის მართლზომიერება.

სადავო სამართალურთიერთობის მიმართ 29-ე მუხლის ძველი რედაქციის გავრცელებაზე უარის თქმის მიუხედავად, სააპელაციო პალატა ეთანხმება 29-ე მუხლის ახალი რედაქციით საბაჟო სამართალდარღვევებზე გავრცელებას, ამასთანავე თვლის, რომ ნორმის ახალ რედაქციას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლის ძველი რედაქციის გავრცელებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29.1 მუხლში 01.01.2011წ. კანონით შეტანილ ცვლილებას (რომლის თანახმადაც საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგნის კონფისკაცია შესაძლებელია მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგნის მიმართ, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) არ უნდა მიეცეს უკუქცევითი ძალა, რამდენადაც იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ მიღებული შეღავათიანი რეჟიმის გამოყენება, კანონმდებლის მიერ ნორმით შეღავათიანი რეჟიმის დაწესება ანიჭებს მას ე.წ. “ნამდვილი უკუძალის”, რეტროაქტიული ზემოქმედების ეფექტით.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს ის, რომ ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალება არის არა ზ. ტ-ის, არამედ მ. ჩ-ის საკუთრება. საქმის ხსენებული გარემოება ადასტურებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის კანონიერ ინტერესს განსახილველი საქმის მიმართ, დავის განხილვა ეხება მის ინტერესებს, ის არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. გასაჩივრებული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას ატარებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ადმინისტრაციული წარმოების ყველა არსებითი ხასიათის წესი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ წარმოებაში მესამე პირის _ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის _ მ. ჩ-ის არმიწვევა, წარმოადგენს არსებით პროცედურულ დარღვევას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განსაზღვროს გამოსაცემი აქტის მიმართ შესაძლო დაინტერესებულ პირთა წრე, ჩააბას ისინი ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ვინაიდან სადავო აქტები გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა გაუქმდეს სადავო აქტები და სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმედეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.11წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. ზ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 20.12.10წ. ¹11419/21-18 საბაჟო შეტყობინება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.11წ. ¹258 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.11წ. გადაწყვეტილება;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. ტ-ესთან დაკავშირებით;

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს ზ. ტ-ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე