შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 17.12.2007
საქმის ნომერი
363საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

363-საზ ქ. თბილისი

17 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

იური ტყეშელაშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ივლისის განაჩენით ნ. ს-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,გ» პუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,თ» ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ნ. ს-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

ამავე განაჩენით ე. რ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,თ» ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

მსჯავრდებული ნ. ს-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ნ. ს-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსი 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ნ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის (ქურდობა, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით) თავისუფლების აღკვეთა სამიდან თორმეტ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტი შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტს, რომელიც ამ ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ. ს-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი მოყვანილ უნდა იქნეს შესაბამისობაში ახალ სისხლის სამართლის კანონთან, კერძოდ, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ªქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,აª ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო სსკ-ის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ. ს-ის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა კვალიფიკაცია განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და ,,თ» ქვეპუნქტებით, მათთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ საქმე სრული მოცულობით შეამოწმა და მიიჩნევს, რომ ზემომითითებული მოტივების გათვალისწინებით, განაჩენი მსჯავრდებულ ე. რ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ივლისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ნ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ªქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.