შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 23.10.2008
საქმის ნომერი
2კ-8კოლ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.10.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

8კოლ 23 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის

პროკურორების _ ი. ი-ის, მ. მ-ის

ადვოკატების _ დ. კ-ის, მ. ი-ის

მსჯავრდებულ _ ა. ჩ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების დ. კ-ისა და მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» და «ე» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით ა. ჩ-ს, _ ქართველს, ნასამართლობის არმქონეს, მ ცხოვრებს ქ. თბილისში, .. .. .. მე-4 ბ/მ-რაიონის 35-ე ორპუსის ბინა ¹159-ში, ამჟამად პატიმარს, _ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 13 დეკემბრიდან.

საბრალდებო დასკვნით ა. ჩ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ მან, როგორც მოხელემ, არაერთგზის ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მანვე პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის ჩაიდინა მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ფულის სახით, ფულის მიმცემის სასარგებლოდ ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, რომელიც მას, როგორც მოხელეს, უნდა შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის I ნაწილით, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ა. ჩ. , მუშაობდა რა საქართველოს კონტროლის პალატის მე-4 დეპარტამენტის უფროსად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფო მოხელეს. მას, როგორც მე-4 დეპარტამენტის უფროსს, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კონტროლის პალატის რეგლამენტის შესაბამისად, ევალებოდა განსაზღვრული დარგებისა და ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით რევიზია-შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა, დეპარტამენტის სამუშაო გეგმის პროექტების შედგენა, შესრულების უზრუნველყოფის კონტროლი, საკურატორო დარგის ორგანიზაციათა საქმიანობის შედეგების მიხედვით დარგში მიმდინარე პროცესების გაანალიზება, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, რევიზია-შემოწმების პროცესში კონტროლის პალატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საკონტროლო სფეროს დაწესებულებებთან თანამშრომლობა, თავმჯდომარის, კურატორი მოადგილისა და პრეზიდიუმის დავალებების შესრულება.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 13 ივნისის ¹243, 11 ივლისის ¹253 და 13 აგვისტოს ¹306 ბრძანებებისა და მე-4 დეპარტამენტის უფროსის – ა. ჩ-ის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით დაიგეგმა სააქციო საზოგადოებებსა _ ფოთისა და ქუთაისის წისქვილქარხნებში თემატური შემოწმების ჩატარება „ამერიკის შეერთებული შტატების კრედიტით შესყიდული ხორბლის რეალიზაციის დაჩქარების ღონისძიებათა შესრულების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულების შესრულების მიზნით.

რევიზიის ჩატარება დაევალა მე-4 დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორებს – კ. ფ-სა (ჯგუფის ხელმძღვანელი) და ჯ. ხ-ს.F

შემოწმების დაწყებამდე სააქციო საზოგადოება „ .. .. ..-ის“ დირექტორმა ნ. ქ-მ სარევიზიო ჯგუფის წევრ ჯ. ხ-ს შესთავაზა უკანონო აქტის შედგენის სანაცვლოდ ქრთამის მიცემა, კერძოდ: თუ სარევიზიო ჯგუფი მათ მიერ შედგენილ აქტში სახელმწიფო ბიუჯეტს სააქციო საზოგადოება „ .. .. ..-ის“ სასარგებლოდ უკანონოდ დააკისრებდა თანხის დაბრუნებას, მაშინ ის ჯ. ხ-ს ქრთამის სახით მისცემდა დაბრუნებული თანხის 10%-ს. ვინაიდან ჯ. ხ. ნ. ქ-ის წინადადებას დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდა, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა საქართველოს კონტროლის პალატის მე-4 დეპარტამენტის თავმჯდომარეს _ ა. ჩ-ს და შესთავაზა ნ. ქ-ის სასარგებლოდ, უკანონო აქტის შედგენის სანაცვლოდ, ქრთამის აღება ფულის სახით. ა. ჩ. შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა იმ პირობით, თუ მისთვის და კონტროლის პალატის ხელმძღვანელისათვის ჯ. ხ. ქრთამის სახით აღებული თანხიდან 75%-ს მას მისცემდა.

სააქციო საზოგადოება „ .. .. ..-ში“ თემატური შემოწმების ნაცვლად ჩატარდა 1996 წლის 1 ივლისიდან 2001 წლის 1 ივლისამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება.

2001 წლის 22 ივნისის შემოწმების აქტით სახელმწიფო ბიუჯეტს ზედმეტად დაეკისრა სააქციო საზოგადოება „ .. .. .. -სთვის“ 414.2 ათასი ლარის დაბრუნება.

ა. ჩ-მ, როგორც მოხელემ, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მისაღებად დაეთანხმა შემოწმების უკანონო აქტს – უკანონოდ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაკისრებული 414.2 ათასი ლარის სააქციო საზოგადოება „ .. .. ..-ისათვის“ დაბრუნების შესახებ, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და სახელმწიფო ბიუჯეტმა განიცადა 412.2 ათასი ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული უკანონო ქმედების შემდეგ ა. ჩ-მ წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის წევრის _ ჯ. ხ-ისაგან აიღო ნ. ქ-ის მიერ ფულის სახით გადაცემული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამი _ 40 000 ლარის ნაწილი – 30 000 ლარი.

ზემოთ მითითებული ბრძანებისა და კონტროლის პალატის მე-4 დეპარტამენტის უფროსის – ა. ჩ-ის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, დაიგეგმა სააქციო საზოგადოება „ .. .. ..-ში“ თემატური შემოწმების ჩატარება. შემოწმების ჩატარება დაევალა მე-4 დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორებს _ კ. ფ-ს (ჯგუფის ხელმძღვანელი), ჯ. ხ-სა და თ. თ-ს.

შემოწმების დაწყებამდე სააქციო საზოგადოება „ .. .. ..-ის“ დირექტორმა ვ. ნ-მ სარევიზიო ჯგუფის წევრ ჯ. ხ-ს შესთავაზა, უკანონო აქტის შედგენის სანაცვლოდ, ქრთამის მიცემა. ვინაიდან ჯ. ხ. ნ. ქ-ის წინადადებას დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდა, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა საქართველოს კონტროლის პალატის მე-4 დეპარტამენტის თავმჯდომარეს _ ა. ჩ-ს და შესთავაზა ქრთამის აღება ფულის სახით ვ. ნ-ის სასარგებლოდ უკანონო აქტის შედგენის სანაცვლოდ. ა. ჩ. შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა იმ პირობით, თუ მისთვის და კონტროლის პალატის ხელმძღვანელისათვის ჯ. ხ. ქრთამის სახით აღებული თანხიდან 75%-ს მას მისცემდა. ა. ჩ-სთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ხ-მა აცნობა ვ. ნ-ს და სარევიზიო ჯგუფის წევრებს.

საწარმოს 2001 წლის 18 აგვისტოს შემოწმების აქტით და მოგვიანებით _ 2003 წლის 23 ივნისის უკანონო დასკვნით, სახელმწიფო ბიუჯეტს უკანონოდ დაეკისრა სააქციო საზოგადოება „ .. .. ..-ის“ სასარგებლოდ 1 131 526 ლარის დაბრუნება.

ა. ჩ-მ, როგორც მოხელემ, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მისაღებად დაეთანხმა შემოწმების აქტს და ხელი მოაწერა უკნაონო დასკვნას _ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაკისრებული 1113526 ლარის სააქციო საზოგადოება „ .. .. ..-ისათვის“ დაბრუნების შესახებ, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და სახელმწიფო ბიუჯეტმა განიცადა 1131526 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული უკანონო ქმედების სანაცვლოდ ა. ჩ-მ ჯ. ხ-ისაგან აიღო ვ. ნ-ის მიერ ფულის სახით გადაცემული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამი _ 108 000 ლარის ნაწილი _ 75 000 ლარი.

მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ ა. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დაკვალიფიცირებისას მას ზედმეტად წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან მათ მთლიანად მოიცავს დასახელებული მუხლების მე-2 და მე-3 ნაწილები. აღნიშნულის გამო მითითებული ნაწილები ამოირიცხა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენში. სასამართლომ, საბრალდებო დასკვნაში მითითებული ზარალის საერთო ოდენობიდან ამოერიცხა 440500 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ დ. კ-მ და მ. ჯ-მ. კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენის გაუქმებას, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტასა და ა. ჩ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ მ. ი-მ და დ. კ-მ აღნიშნეს, რომ განაჩენი ა. ჩ-ის მიმართ არის უკანონო, დაუსაბუთებელი; იგი არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან; განაჩენი გამოტანილია მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ ითხოვეს უკანონო, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.

მსჯავრდებულმა ა. ჩ-მ აღნიშნა, რომ იგი 3 წელი და 11 თვე უკანონო პატიმრობაშია, საქმეზე წინასწარი გამოძიება არ ჩატარებულა და მისთვის არც სასამართლოზე უკითხავთ ქრთამის აღების თაობაზე. იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ და ეთანხმება თავისი ადვოკატების მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორებმა _ ი. მ-მ და მ. მ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს. მათ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენი მიიჩნიეს კანონიერად და მოითხოვეს მისი უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. კ-ისა და მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

საქმის მასალებით მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია, მაგრამ, პალატას მიაჩნია, რომ სწორი სამართლებრივი შეფასება არა აქვს მიცემული.

პალატა თვლის, რომ ა. ჩ-ის მსჯავრდება დანაშაულში, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით ძირითადად ემყარება ჯ. ხ-ის ჩვენებას. საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 496-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“, ხოლო იმავე კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.“ პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩვენება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებანი უტყუარად ვერ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ა. ჩ. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა განზრახ, სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით.

ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებები: ა. ჩ. , მუშაობდა რა საქართველოს კონტროლის პალატის მე-4 დეპარტამენტის უფროსად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფო მოხელეს. მას, როგორც მე-4 დეპარტამენტის უფროსს, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კონტროლის პალატის რეგლამენტის შესაბამისად, ევალებოდა განსაზღვრული დარგებისა და ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით რევიზია-შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა, დეპარტამენტის სამუშაო გეგმის პროექტების შედგენა, შესრულების უზრუნველყოფის კონტროლი, საკურატორო დარგის ორგანიზაციათა საქმიანობის შედეგების მიხედვით დარგში მიმდინარე პროცესების გაანალიზება, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, რევიზია-შემოწმების პროცესში კონტროლის პალატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საკონტროლო სფეროს დაწესებულებებთან თანამშრომლობა, თავმჯდომარის, კურატორი მოადგილისა და პრეზიდიუმის დავალებების შესრულება.

საქმეში არსებული სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის თანახმად სს « .. .. ..-ის» და სს « .. .. ..-ის» შემოწმების შედეგად უკანონოდ დაუბრუნდათ გარკვეული თანხები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა განიცადა ზიანი. პალატა თვლის, რომ ა. ჩ. , დაეთანხმა რა შემოწმების უკანონო აქტებს და მოაწერა მათ ხელი, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა სახელმწიფო ბიუჯეტისადმი ზარალის მიყენებაში.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ და ა. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ა. ჩ. წარსულში ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად და მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა. ჩ. მთლიანად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ჩ-ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების დ. კ-ისა და მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ა. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტიდან, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» და «ე» ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ა. ჩ-ს სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა. ჩ. მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ა. ჩ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.