დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.01.2008
საქმის ნომერი
2კ-976აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

976 აპ 4 იანვარი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. მ-ი, _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ........., _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

გ. მ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად. მან ასევე ჩაიდინა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 18 მარტს ქ. თბილისში გ. მ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს. მათ განიზრახეს კერძო ტაქსის მძღოლის, დ. მ-საგან ყაჩაღური თავდასხმის გზით გაეტაცებინათ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა _ “მერსედეს-124”, სახ. ¹..... განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2006 წლის 18 მარტს, დაახლოებით 19.30 საათზე, თბილისში გ. მ-მა დაიქირავა დ. მ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “მერსედეს-124”, სახ. ¹........ გზაში მსვლელობისას ავტომანქანაში ჩასვა გამოძიებით დაუდგენელი ორი ბოროტმოქმედი და ტაქსის მძღოლს უთხრეს წაეყვანა ისინი დიდი დიღმის მე-4 მ\რ-ში. აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლისას, დაახლოებით 21.00 საათზე, დ. მ-ს გ. მ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა მისმა ორმა თანამზრახველმა დანის მუქარით მოსთხოვეს ავტომანქანა და დოკუმენტები, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს ე.წ. “სკოჩით” შეუკრეს ხელები, აუკრეს პირი, ჯიბიდან ამოუღეს ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, მძღოლის მოწმობა და ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით. მათ დ. მ-ძე ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, მიატოვეს იგი შებოჭილი და გაიტაცეს მისი კუთვნილი, 4000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა “მერსედეს-124”, სახ. ¹....., აგრეთვე ხსენებული დოკუმენტები.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. მ-მა, რომელიც ითხოვდა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მას განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დღეს იგი იყო ავად, იწვა სახლში და იკეთებდა გადასხმებს, რასაც მისი უბნის ექიმი _ რ. კ-ც დაადასტურებს, ხოლო დაზარალებულის მიერ მისი ამოცნობა განაპირობა იმან, რომ ძალიან ჰგავს ამ დანაშაულის ჩამდენ პირს _ გ. კ-ძეს, რომელიც, მართალია, ამხილა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას ამ ფაქტის მიმართ არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც, არ დააკმაყოფილა რა აპელანტის მოთხოვნა, 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი იმავე მოტივებით, რაც მას წინათ მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორ გ. მ-ის საჩივრის მოტივებს მისი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ იმ ქმედების ჩადენას, რომელიც მას განაჩენით ბრალად შეერაცხა. მსჯავრდებულის მიერ წამოყენებული ალიბი, აგრეთვე მისი ვერსია დანაშაულის სხვა პირის მიერ ჩადენის თაობაზე არ არის დამაჯერებელი და სარწმუნო, რადგან მოკლებულია რეალურ საფუძველს. მტკიცებულებები, რომლებითაც გ. მ-ი იმხილება დანაშაულის ჩადენაში, მოპოვებულია საპროცესო ნორმების დაცვით, ხოლო აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელებისას არ ყოფილა დაშვებული ისეთი საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს გ. მ-ის ბრალეულობის თაობაზე, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში და თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ საბოლოო სასჯელი განსაზღვრულია მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რის გამოც გ. მ-ის მიმართ განაჩენით დადგენილი საბოლოო სასჯელი, რომლითაც შთანთქმულია იმავე განაჩენით მის მიმართ დანიშნული სხვა სასჯელი, უნდა დარჩეს უცვლელად.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ, ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, აღნიშნული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით _ უნდა გაუნახევრდეს და ამ ნაწილში მას სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, რომელიც შთანთქმულია იმავე განაჩენით განსაზღვრული უფრო მკაცრი სასჯელით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. მ-ს “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით და ამ ნაწილში მას სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, რომელიც შთანთქმულია იმავე განაჩენით დანიშნული უფრო მკაცრი სასჯელით.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ის მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით _ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.