შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.02.2008
საქმის ნომერი
2კ-9კოლ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.02.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

9კოლ ქ. თბილისი

28 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ გ. შ-ს,ადვოკატების _ მ. ნ-სა და ე რ-ის,მსჯავრდებულ _ დ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მაისის განაჩენით დ. მ-ძე, _ დაბადებული ..... წლის ........, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ბაღდათის რაიონის ........., _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის „ა” და „ვ” პუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა ორი პირის მკვლელობა, ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. მ-ძე 1995 წელს იმყოფებოდა ქ. მოსკოვში, იზმაილოვის გამზირზე, ნ. ი-ს კუთვნილ სამოთახიან ბინაში, სადაც საცხოვრებლად იქირავა ერთი ოთახი. მან ამ პერიოდში უკანონოდ შეიძინა 6,35 მმ კალიბრიანი, უცხოური წარმოების ცეცხლსასროლი იარაღი 7 საბრძოლო ვაზნით, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. ქ. მოსკოვში მან გაიცნო და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მ. მ-სთან, რომელიც იყო ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი. ის იცნობდა საქართველოს მოქალაქეებს _ დ. რ-ს, ლ. ფ-სა და ა. ო-ს, რომლებიც მ. მ-საგან ხშირად იძენდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. მათ დ. მ-სა და მ. მ-ს ახლო ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

1996 წლის 9 იანვარს, დ. რ-მ და ლ. ფ-მ დ. მ-ის ნაქირავებ ბინაში ყოფნისას, მ. მ-სათვის ნარკოტიკული საშუალებების ღირებულების სანაცვლოდ მიტანილი სარეცხი მანქანა „ამო” და „პანასონიკის” ფირმის რადიოტელეფონი შეამჩნიეს. ისინი განაწყენდნენ აღნიშნულზე და ზემოხსენებული ნივთები ბინიდან წაიღეს. მეორე დღეს, 10 იანვარს, დაახლოებით 11.30 საათზე, „ვაზ-21011” მარკის ავტომანქანით ა. ო-ი, დ. რ-ა და ლ. ფ-ა დ. მ-ის ნაქირავებ ბინასთან მივიდნენ. ა. ო-ი მანქანაში დარჩა, დ. რ-ა და ლ. ფ-ა კი ნარკოტიკების მისაღებად ერთჯერადი შპრიცებით ბინაში ავიდნენ. ამ დროს, დ. მ-ის გარდა, ბინაში იმყოფებოდნენ ნ.ა ი-ო, მისი ვაჟი _ რ. კ-ი, ტ. მ-უ (მ. მ-ს და) და დ. მ-ს მეგობარი ზ. ნ-ძე. დ. მ-მ, ზ. ნ-სთან ერთად, სტუმრები თავის ოთახში შეიყვანა და თავისი ბინიდან ნივთების წაღებისა და ნარკოტიკების მიღების ნიადაგზე წარმოშობილი დავის გამო განაწყენებულმა, განიზრახა განსაკუთრებული სისასტიკით დ. რ-სა და ლ. ფ-ს მოკვლა. მან მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლით ლ. ფ-ს მიაყენა სამი, ხოლო დ. რ-ს _ ოთხი ცეცხლნასროლი ჭრილობა. ამის შემდეგ განსაკუთრებული სისასტიკით, დანით, ჯერ კიდევ ცოცხლებს, ლ. ფ-ს _ 15 მჩხვლეტავი და ერთი დიდი ზომის ჭრილობა, ხოლო დ. რ-ს _ ერთი დიდი ზომის ჭრილობა მიაყენა.

თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ დ. მ-მ სისხლიანი ხელები დაიბანა, ბინაში მყოფები გააფრთხილა, რომ მის წასვლამდე მილიციაში არ დაერეკათ და მიიმალა.

ძებნილი დ. მ-ძე ჩამოვიდა საქართველოში, ცხოვრობდა ჯერ ქუთაისში, შემდეგ _ ბაღდათის რაიონის სოფელ ..................... მიუხედავად მასზე გამოცხადებული ძებნისა, სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუტარებიათ რაიმე ღონისძიება მის დასაკავებლად. იგი დააკავეს სხვა დანაშაულების ჩადენის შემდეგ.

აღნიშნული ქმედებისათვის დ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. იგი პატიმრობაში იმყოფება 2002 წლის 23 თებერვლიდან.

კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ნ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, გამოტანილია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, ყველა საპროცესო გადაწყვეტილება, მათ შორის _ გამამტყუნებელი განაჩენი _ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ; დ მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წარმოებდა იმ ენაზე, რომელსაც საქართველოს საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს; გამოძიება ვალდებული იყო, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილი საქმე ეთარგმნა ქართულ ენაზე და შეედგინა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; მოცემულ საქმეში ბრალდების ყველა მტკიცებულება დაუშვებლადაა საცნობი, რადგან მიღებულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევებით.

კასატორი ასევე უთითებს, რომ საქმეზე არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი „ვალტერი”, რომლის შეძენას, შენახვასა და ტარებას ედავებიან დ. მ-ს; კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები კონკრეტულად „ვალტერის” სისტემის იარაღიდან არის გასროლილი თუ არა.

ადვოკატის განმარტებით, 1996 წლის 10 იანვარს მოსკოვში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დ. რ-სა და ლ. ფ-ს მკვლელობის ფაქტზე; პასუხისგებაში მისცეს ზ. ნ-ძე და დ. მ-ძე; 1998 წლის 1 ოქტომბერს ზ. ნ-ძე ცნეს უდანაშაულოდ; მოსკოვის აღმოსავლეთ ადმინისტრაციული ოლქის პროკურორმა 1998 წლის 29 ოქტომბერს კერძო დავალებით მოითხოვა მოწმის სტატუსით ზ. ნ-ს დაკითხვა იმის დასადგენად, ნამდვილად მიაყენა თუ არა ჭრილობები დ. მ-მ დ. რ-სა და ლ. ფ-ს; ე.ი. პროკურატურამ ეჭვქვეშ დააყენა დ. მ-ის ბრალეულობა; კერძო დავალების საფუძველზე დაიკითხა ზ. ნ-ძე, რომელმაც განაცხადა, რომ მსჯავრდებულს იცნობს, მაგრამ არაფერი იცის დ. რ-სა და ლ. ფ-ს მკვლელობაზე და იმაზეც, რომ ეს დ. მ-მ ჩაიდინა; დ. მ-ს ბრალეულობა რომ საეჭვოა, დასტურდება ქუთაისის საოლქო პროკურატურის კერძო დავალებითაც, რომელზეც პასუხი დღემდე არ არის მიღებული; ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო სასამართლოში რომელიმე დაზარალებულისა და მოწმის გამოცხადება; ჩნდება ეჭვი, რომ გარკვეული ჩვენებები ამოღებულია საქმის მასალებიდან; ადგილი აქვს მტკიცებულებების ფალსიფიკაციას; საქმეს არ ერთვის ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, ასევე _ ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები, რაც კანონის უხეში დარღვევაა; გაურკვეველია, ერთი და იგივე პირია თუ არა ა. ო-ი და ზ. ჯ-ა; არ მომხდარა დაპირისპირება მათ შორის და ა. ო-ი არც სასამართლოზე წარუდგენიათ; სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს კანონიერი, პროცესუალური გზით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს დ. მ--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას; სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ჩვენებები არ იკითხება; განაჩენი არ შეესაბამება სსსკ-ის 496-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის ყველა შემთხვევაში გასაუქმებელია.

გარდა აღნიშნულისა, კასატორს მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დაარღვია განსჯადობის ნორმები, რადგან საქმე განიხილა პირველი ინსტანციით, ამ საქმის განხილვა კი შედიოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კომპეტენციაში; ასევე დარღვეულია დ. მ-ის საპატიმრო და სისხლის სამართლის საქმის განხილვის ვადები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი მ. ნ-ძე ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენის გაუქმებასა და დ. მ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ნ-მ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და მოითხოვა დ. მ-ს მიმართ საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ განაჩენი ეყრდნობა დაუშვებელ მტკიცებულებებს და იგი არ შეესაბამება სსსკ-ის 496-ე მუხლის მოთხოვნებს. კასატორმა აღნიშნა, რომ დარღვეულია განსჯადობის წესებიც.

მ. ნ-ს მოთხოვნას მხარი დაუჭირა ადვოკატმა ე. რ-მა და განაცხადა, რომ არ შესრულებულა უზენაესი სასამართლოს მითითებები და არ დადგენილა ფაქტობრივი გარემოებები.

ადვოკატების მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული დ. მ-ძე.

სახელმწიფო ბრალმდებელმა გ. შ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. პროკურორმა მიუთითა, რომ მტკიცებულებები გამოკვლეულია საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და ისინი უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის, 496-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 481-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სასამართლო სხდომაზე განხილულ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, კერძოდ:

მოწმე ა. ო-მა განაცხადა, რომ ქ. მოსკოვში მან და ლ. ფ-მ ნარკოტიკების საფასურად მოლდაველ ქალს სარეცხი მანქანა და რადიოტელეფონი დაუტოვეს. იგი იცნობდა დ. რ-ს და ქ. მოსკოვში გაიცნო დ. მ-ძე, როგორც ,,ქურდული ტრადიციების" მიმდევარი და მასთან ნარკოტიკული საშუალებები აკავშირებდა. 1996 წლის 9 იანვარს შეიტყო, რომ ლ. ფ-სა და დ. რ-ს დათოს ბინაში უნახავთ აღნიშნული სარეცხი მანქანა და რადიოტელეფონი. ლ. ფ-მ უთხრა, რომ დათო თვითონ ყოფილა ნარკოტიკების გამსაღებელი, სცემეს მას და წამოიღეს აღნიშნული ნივთები. მეორე დღეს ა. ო-ი, დ. რ-ა და ლ. ფ-ა ნარკოტიკების მისაღებად ერთად მივიდნენ დ. მ-ს ნაქირავებ ბინასთან. ა. ო-ი მანქანაში დარჩა, ხოლო დ. რ-ა და ლ. ფ-ა კი ერთჯერადი შპრიცებით ავიდნენ ბინაში. ლ. ფ-მ ჩაილაპარაკა _ ასე ხელცარიელი რომ მივდივართ, დათომ არ მოგვკლასო. ა. ო-მა მისგან იცოდა, რომ დ. მ-ს ჰქონდა პისტოლეტი. დ. რ-ს და ლ. ფ-ს შეაგვიანდათ და ა. ო-ი ახლოს მივიდა ბინასთან. მას მოესმა ყრუ ხმა და როდესაც მანქანის ხმოვანი ნიშანი მისცა, ფანჯრიდან დ. მი-მ გადახედა და უთხრა, არსად წასულიყო. სატელეფონო ჯიხურიდან დათოს დაურეკა, მაგრამ დიასახლისმა უპასუხა, რომ სახლში არ იყო, რაც გაუკვირდა. მეორედ ყურმილი გოგონამ აიღო და უთხრა, რომ დათო იქ აღარ ცხოვრობდა. ა. ო-ი ფანჯარასთან ახლოს მივიდა და შენიშნა, რომ შუშა ერთგან გახვრეტილი იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით. ამის გამო იქაურობას გაეცალა, მაგრამ მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე მივიდა და დააკავეს. ერთ ოთახში ნახა ლ. და დ-ს გვამები. მილიციელებს აფხაზეთიდან დევნილ ჯ-დ გაეცნო (ტ. 7, ს.ფ. 80-86).

ა. ო-ის ჩვენების ობიექტურობაზე მეტყველებს შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ერთჯერადი შპრიცი, ასევე _ ნატყვიარი ორმაგ ფანჯარაზე (ტ. 6, ს.ფ. 2-3; 8-9).

მოწმე ნ. ი-მ არაერთი დაკითხვისას განმარტა, რომ ქ. მოსკოვში მდებარე მისი ბინის ერთი ოთახი ნაქირავები ჰქონდა დ. მ-ს და იქ მ. მ-სთან ერთად ცხოვრობდა. 1996 წლის 9 იანვარს დ. მ-ის ოთახიდან ორმა ქართველმა წაიღო სარეცხი მანქანა. მეორე დღეს დ. მ-ს სწორედ ის ორი ქართველი ესტუმრა. ბინაში იყო დათოს მეგობარი ზვიადიც. მცირე ხანში მოესმა ხმამაღალი საუბარი, დარტყმისა და ორი ყრუ ხმა. ოთახიდან გამოვიდა ზვიადი, უთხრა, რომ სიგარეტის საყიდლად მიდიოდა და წავიდა. დაახლოებით 25 წუთში გამოვიდა დ. მ-ც. მას სისხლიანი პირსახოცი ეჭირა და ნ. ი-ს უპასუხა, რომ თავს იცავდა მძარცველებისაგან და ყველაფერი კარგად იყო. დ. მ-მ გადაიხედა ფანჯრიდან, აიღო ნივთები და წავიდა, ხოლო ნ. ი-ს დაუბარა, რომ მილიცია მოგვიანებით გამოეძახებინა. მ. მ-ს გადმოცემით, დ. მ-ძე იყო ბანდის წევრი და ჰქონდა იარაღიც. დ. მ-სთან მისული პირები დათოს პისტოლეტით დაუჭრია. ისინი ეხვეწებოდნენ დ. მ-ს, რომ არ მოეკლა, მაგრამ ამაოდ. მომხდარის შემდეგ მილიციამ ამოიღო დ. მ-ის კუთვნილი ყუთი წარწერით ,,ვალტერი" (ტ. 6, ს.ფ. 48-50; 202-205).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. მ-ის ბრალეულობა უტყუარადაა დაადასტურებული ზემოაღნიშნულ და სხვა პირთა, მათ შორის _ ტ. მ-ს, მ. მ-უს, ლ. ნ-ს და ლ. პ-ს ჩვენებებით.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გარდაცვლილებს სხეულზე აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღითა და მჩხვლეტად-მჭრელი საგნით მიყენებული მრავალი ჭრილობა, რომლებმაც გამოიწვია სიკვდილი.

ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი ჭრილობების რაოდენობა და მათი ლოკალიზაცია ნათლად მეტყველებს განსაკუთრებული სისასტიკით ორი პირის მოკვლის მიზანზე.

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ საქმე უნდა განეხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

საქმეზე წინასწარი გამოძიება აწარმოა იმერეთის საოლქო პროკურატურამ და ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმე განსახილველად შევიდა განსჯადობის შესახებ საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით, უზენაესი სასამართლოდან. სსსკ-ის 680-ე მუხლის მე-18 ნაწილის შესაბამისად, იგი უნდა განეხილა ამ სასამართლოს პირველი ინსტანციით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას დ. მ-ძე სასჯელს იხდიდა და უსაფუძვლოა მითითება საპატიმრო ვადის დარღვევის შესახებ.

პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენი დასაბუთებულია, მაგრამ იგი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დ. მ-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სსკ-ის 109-ე მუხლის ,,კ" და ,,ო" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სხვა, ბაღდათის რაიონში ჩადენილი დანაშაულისათვის, რისთვისაც შემდეგ საკასაციო პალატის განჩინებით განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ქ. მოსკოვში დ. რ-სა და ლ. ფ-ს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისათვის დ. მიქაბერიძეს დანიშნული ჰქონდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე ეს განაჩენი გაუქმდა ბრალდების იმ ნაწილში, რომლისთვისაც დ. მიქაბერიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დანიშვნია.

ამდენად, საქმის ხელახლა განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, დ. მ-სათვის დაენიშნა იმაზე მკაცრი სასჯელი, რაც მას დანიშნული ჰქონდა ქ. მოსკოვში ჩადენილი მკვლელობისათვის უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 1 სექტემბრის განაჩენით, ე.ი. 15 წელზე მეტი ვადით.

პალატა აღნიშნავს, რომ დ. მ-ს ახალი დანაშაული არ ჩაუდენია და არც სსსკ-ის 614-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება არსებობს, შესაბამისად, არასწორია მსჯავრდებულისათვის სასჯელის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნა და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ დ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: დ. მ-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა" და ,,ვ" ქვეპუნქტებით განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სსკ-ის 51-ე მუხლსა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

საქართველოს 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 25 (ოცდახუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 23 თებერვლიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.