შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.02.2008
საქმის ნომერი
2კ-1575აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.02.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1575აპ ქ. თბილისი

28 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით ზ. კ-ი, _ დაბადებული .... წლის ......., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ გამართლდა საქართველოს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ. კ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი მასალა _ 26 ცალი ხელყუმბარა „ფ-1”, 2 ხელყუმბარა „რგდ-4”, 25 კაფსულა-დეტონატორი, 5 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, „ნურსის” ტიპის 2 რაკეტა, ტყვიამფრქვევის 4320 ვაზნა, „აკს-ის” სისტემის ავტომატის 1080 ვაზნა, 14 „რპგ-7” ჭურვი დაშლილ მდგომარეობაში, 1 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ყუმბარა „რპგ-3”, 43 „დშკ-ს” ვაზნა, ,„აკმ-ის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების 7 კოლოფი, „აკმ-ის” სისტემის ავტომატის ჯავშნის ცეცხლგამჩენი, „მაკაროვის” 8 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 1147 ვაზნა, „აკმ-ის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2145 ვაზნა _ მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. სენაკში, რაც 2006 წლის 4 სექტემბერს ამოიღო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა.

აღნიშნული ქმედებისათვის ზ. კ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 სექტემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ზ. ლ-მ და მსჯავრდებულის ადვოკატმა გ. ს-მ.

პროკურორმა ზ. ლ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ზ. კვ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია), 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მისთვის საბოლოოდ 18 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო ადვოკატმა გ. ს-მ _ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირება 1 წლით თავისუფლების აღკვეთამდე, ამ სასჯელის პირობითად ჩათვლა 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე _ ჯარიმის შემცირება 4 ათას ლარამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული ზ. კ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უსამართლო და უკანონოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მონანიება, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა, სამშობლოს წინაშე აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლასა და ერაყში სამშვიდობო მისიის შესრულებისას პირნათლად მოხდილი ვალი, ძველი ჭრილობებისა და ერაყში მიღებული თავის ტვინის მძიმე ტრავმის, აგრეთვე _ პატიმრობის განმავლობაში ჩაუტარებელი მკურნალობის შედეგად გაურესებული ჯანმრთელობა; ასევე არ გაითვალისწინა უმუშევარი დედ-მამისა და ლტოლვილთა სტატუსის მქონე ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ის, რომ პირველადაა სამართალში.

მსჯავრდებული საჩივარში მიუთითებს, რომ იგი დაეხმარა მძიმედ დაავადებულ ა. ძ-ს და შეინახა მისი მიზნობრივი, არაკრიმინალური დანიშნულების საბრძოლო მასალა; გარდაცვალების წინ ა. ძ-მა მას დაუბარა, რომ ამ საბრძოლო მასალას წაიღებდნენ, მაგრამ ვინ და როდის _ არ დაუზუსტებია; ეს ქმედება მთლიანად ჯდება საქართველოს სსკ-ის 32-ე და 38-ე მუხლების მოთხოვნებში; მისი ქმედება განაჩენით დადგენილად მიჩნეულ გარემოებებში არის მართლზომიერი და არაბრალეული; პიროვნული მახასიათებლებისა და განსაკუთრებული შემამსუბექებელი გარემოებების გათვალისწინებით, უსამართლო და მეტისმეტად მკაცრია მისთვის დანიშნული სასჯელი და მით უფრო _ დამატებითი სასჯელი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ზ. კ-ი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და პატიმრობიდან განთავისუფლებას.

პროკურორი ზ. ლ-ა შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივნისის განაჩენი ზ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად იმ მოტივით, რომ საჩივრით შემოთავაზებული ვერსია არ გამორიცხავს მის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ ზ. კ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა საბრძოლო მასალა. ამ დასკვნის საფუძველს წარმოადგენს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის _ თავად მსჯავრდებულის ჩვენებები.

ზ. კ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ პოლიციელების მიერ ამოღებული საბრძოლო მასალა მიუტანა ა. ძ-მა. საბრძოლო მასალა რაიმე დანაშაულთან არ იყო დაკავშირებული და ეკუთვნოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ პარტიზანებს. ზ. კ-მა მიუთითა, რომ ეცოდებოდა ა. ძ-ი, იზიარებდა მის ეროვნულ იდეებს და თხოვნაზე, შეენახა აღნიშნული ნივთები, უარი ვერ უთხრა. მოგვიანებით ა. ძ-ი გარდაიცვალა და რადგან არავინ მიაკითხა, საბრძოლო მასალა შეინახა სახლის ჭერში (ტ. 2, ს.ფ. 20-21).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, მსჯავრდებულს დანიშნული აქვს მეტისმეტად მკაცრი სასჯელი, კერძოდ:

გასაჩივრებული განაჩენით დადგენილია, რომ ზ. კ-ი ხასიათდება უაღრესად დადებითად, იგი უფროს მეთაურთა შემადგენლობის ოფიცერია, მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულია, მონაწილეობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და საქართველოს ფარგლებს გარეთ სამშვიდობო ოპერაციებში, გადატანილი აქვს მძიმე ტრავმა.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ დანაშაულის მოტივს და მიზანსაც. კერძოდ, ამოღებული საბრძოლო მასალა არ იყო შეძენილი და შენახული დანაშაულებრივი მიზნებისათვის. ამასთან, საგულისხმოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ზ. კ-ს გულწრფელობაში დაეჭვების საფუძველი არ არსებობს, იგი პატრიოტული სულისკვეთების პიროვნებაა და შეეძლო საბრძოლო მასალის შენახვა მის მიერ მითითებული დანიშნულებით.

ასეთ ვითარებაში, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, აშკარად უსამართლოა ზ. კ-სათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა და იგი უნდა შემსუბუქდეს.

ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და მსჯავრდებულის მატერიალურ მდგომარეობას, ასევე _ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ მიზნებს აშკარად არ შეესაბამება დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმის ოდენობაც და იგი უნდა შემცირდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ზ. კ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლითა 6 (ექვსი) თვით, ხოლო დამატებით სასჯელად განსაზღვრული სასჯელი _ ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით შეუმცირდეს 6 000 (ექვსი ათასი) ლარით;

ზ. კ-ს საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე გადახდილია 4000 (ოთხი ათასი) ლარი, ზ. კ-ი გათავისუფლდეს ამ განჩინებით დამატებით სასჯელად განსაზღვრული 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდისაგან.

ზ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2006 წლის 4 სექტემბრიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.