ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1592აპ 4 იანვარი, 2008 წელი
10-ხაჩიძე-1592-აპ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ _ გ. ხ-ს დამცველის, ადვოკატ დ. Nნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მაისის განაჩენით გ. ხ-ძე _ დაბადებული ...... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, არასრული საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, მცხოვრები ....... _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, გ. ხ-ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის ისეთი დარღვევისათვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 00:45 საათზე, მთვრალი გ. ხ-ძე მოძრაობდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “ვაზ-21033-ით” ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის 21-ე კილომეტრზე, ბორჯომიდან ხაშურის მიმართულებთ, დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით. სოფელ რველში მოძრაობისას მან დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები და, გამოიჩინა რა დანაშაულებრივი თვითიმედოვნება, მოსახვევში ვეღარ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა სავალი გზის მისთვის განკუთვნილი ზოლიდან და შეეჯახა უკიდურეს მარცხენა მხარეს მდგარ, დაზიანებულ ,,ურალაზ-43202“ მარკის ავტომანქანას. ამით გამოწვეული დაზიანების გამო, ავტომანქანა ,,ვაზ-21033“-ში მყოფი მგზავრი ნ. Gგ-ძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ხ-ს დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჯ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მაისის განაჩენის გაუქმებას, მსჯავრდებულ გ. ხ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და პატიმრობიდან მის განთავისუფლებას. სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა და მისმა დამცველმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შეცვალეს, კერძოდ: მსჯავრდებულმა გ. ხ-მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, ხოლო მისმა ადვოკატმა კი ითხოვა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მაისის განაჩენიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გ. ხ-სათვის დანიშნული სასჯელიდან პირობით მოუხდელი სასჯელის – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ ამორიცხვა და გ. ხაჩიძისათვის სასჯელის ზომად 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მაისის განაჩენი გ. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ხაჩიძის დამცველმა, ადვოკატმა დ. Nნ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, განაჩენიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წინა განაჩენიდან დამატებული, მოუხდელი სასჯელის _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ ამორიცხვასა და მისთვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ზომად 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. ხ-ს მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საქმის მასალებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა გ. ხ-მ ნამდვილად ჩაიდინა სასამართლოს განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. ხ-სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი განსაზღვრულია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი შედეგისა და თვით მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც ვერ ჩაითვლება უსამართლო ან ზედმეტად მკაცრ ღონისძიებად. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამავე დროს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ხაჩიძის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მას სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით _ უნდა გაუნახევრდეს.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. ხ-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. ხ-ს, ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით _ გაუნახევრდეს და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. ხ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.