შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1596აპ ქ. თბილისი
25 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, ზ. მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. თ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 მაისის განაჩენით ს. თ-ი, _ დაბადებული ..... წლის ......., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „გ”, „ე” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად; მანვე ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; მანვე ჩაიდინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 1 სექტემბერს ს. თ-მა სხვა პირებთან ერთად განიზრახა, ყაჩაღური თავდასხმის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იმავე დღეს, დაახლოებით 18.30 საათზე, ისინი მივიდნენ ქ. თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე, სადაც შენიშნეს ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო”, რომლის საჭესთან (საჭე მანქანას მარჯვენა მხარეს აქვს) იჯდა მფლობელი თ. ა-ი, მის გვერდით კი _ მისი საცოლე ე. თ-ი. ს. თ-ი თანამზრახველებთან ერთად მანქანასთან მივიდა მარჯვენა მხრიდან და დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით აიძულა თ. ა-ი და ე. თ-ი, გადასულიყვნენ უკანა სავარძელზე, რითიც, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მათ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. თვითონ ს. თეთრაშვილი მოთავსდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ე. თ-სა და თ. ა-ს შორის და იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა მათ, ჩუმად ყოფილიყვნენ და წინააღმდეგობა არ გაეწიათ. ერთ-ერთი თავდამსხმელი, ს. თ-ის დავალებით, დაჯდა საჭესთან, ხოლო მეორე _ მის გვერდით, რის შემდეგაც მათ, ასევე ს. თ-ის მითითებით, წებოვანი ლენტით, ე.წ. „სკოჩით” დაზარალებულებს შეუკრეს ხელები და, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და სანაპიროს გავლით, წაიყვანეს სოფელ დიღომში. ბოროტმოქმედებმა ისინი შეიყვანეს ერთ-ერთ ქოხში, სადაც ს. თ-მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თ. ა-სა და ე. თ-ს გასტაცა 1900 ლარის ღირებულების ოქროულობა, 750 ლარად და 240 აშშ დოლარად ღირებული ორი მობილური ტელეფონი, 200 ლარად ღირებული „რეიბანის” ფირმის სათვალე, ფული _ 120 ლარი, ავტომანქანის გასაღები და თ. ა-ს პირადობის, ავტომანქანის დამადასტურებელი მოწმობები და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტები. აღნიშნულის შემდეგ ს. თ-მა იარაღი გადასცა თავის თანმხლებ ერთ-ერთ პირს და თვითონ, თ. ა-ს კუთვნილი, 15000 ლარად ღირებული „მიცუბიში პაჯეროთი” წავიდა გაურკვეველი მიმართულებით, ხოლო თ. ა-ი და ე. თ-ი სხვა თავდამსხმელების მეთვალყურეობის ქვეშ დატოვა ხის ფაცხაში და დაუბარა, რომ წინააღმდეგობის გაწევისა და გაქცევის მცდელობის შემთხვევაში ესროლათ მათთვის. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით, რაც გამოიხატა თავდამსხმელთა მხრიდან თ. ა-სათვის მუცლის არეში ფეხებით ცემაში, დაზარალებულებს უკანონოდ ჰქონდათ აღკვეთილი თავისუფლება ხის ფაცხაში მიყვანიდან დაახლოებით 4 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც მათ ისარგებლეს ბოროტმოქმედთა უყურადღებობით, გაიქცნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს პოლიციას.
ს. თ-სა და მისი თანამზრახველების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებს, მორალურის გარდა, მიადგათ დიდი ოდენობით, სულ _ 17970 ლარისა და 240 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი.
ს. თ-ი დააკავეს 2006 წლის 17 სექტემბერს.
აღნიშნული ქმედებისათვის ს. თ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით „გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა”, „გ” და „ე” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ს. თეთრაშვილს საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 17 სექტემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. ჯ-მ და მსჯავრდებულმა ს. თ-მა.
პროკურორმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ს. თ-სათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა”, „გ” და „ე” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით 24 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულმა ს. თ-მა _ სსკ-ის 143-ე, 236-ე და 363-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი _ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: ს. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით _ 10 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა”, „გ”, „ე” ქვეპუნქტებით _ 7 წლით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ს. თ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით.
კასატორები _ მსჯავრდებული ს. თ-ი და ადვოკატი ვ. ა-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ურთიერთშეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ამ შემთხვევაში კი საქმის მასალებით ს. თ-ის ბრალეულობა კანონით დადგენილი წესით არ დასტურდება; ს. თ-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, ასევე _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები ვერ იქნება ბრალდების საფუძველი, მით უფრო, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა; რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, ეს მოწმეები ის პოლიციელები არიან, რომლებმაც დააკავეს ს. თ-ი და მათ მხოლოდ მისი დაკავების დადასტურება შეუძლიათ და არა _ ბრალეულობის; რჩება მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება მათი დაყაჩაღება და არა ის, რომ დანაშაული ს. თეთრაშვილმა ჩაიდინა; ასეც რომ იყოს, მხოლოდ ამ მტკიცებულებით დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
კასატორთა აზრით, საინტერესოა დანაშაულის კვალიფიკაცია; ყაჩაღობა მოიცავს თავისუფლების უკანონო აღკვეთას; თავისუფლების უკანონო აღკვეთას მაშინ ექნებოდა ადგილი, თუ ბოროტმოქმედთა მიზანი იქნებოდა სხვისი გაქურდვა, გაძარცვა ან დაყაჩაღება, დაზარალებულები წარმოადგენდნენ დაბრკოლებას და მათ აღუკვეთეს თავისუფლება ძალადობით; მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ ყაჩაღობა მთელი შემადგენლობით, მით უფრო, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელები დაეუფლნენ დაზარალებულების ქონებას, ანუ მიაღწიეს მიზანს, მიატოვეს ისინი და ამით მისცეს მათ გაქცევის შესაძლებლობა; ყაჩაღობისას აუცილებელია, როგორმე შეიზღუდოს მსხვერპლი, რაც იარაღის გამოყენებით ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყაჩაღობაც არ იქნება; აქედან გამომდინარე, ს. თ-ი უნდა გამართლდეს სსკ-ის 143-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
რაც შეეხება ბრალდებას სსკ-ის 363-ე მუხლით, კასატორთა განმარტებით, თ. ა-მა დაკარგა პირადობის, მართვისა და პოლიციელის პირადობის მოწმობები და სავიზიტო ბარათი; თ. ა-ი იმ დროისათვის დათხოვილი იყო შს ორგანოებიდან და მას უფლება არ ჰქონდა, ესარგებლა თანამშრომლის მოწმობით, ამიტომ ამ დოკუმენტის, ასევე _ სავიზიტო ბარათის მნიშვნელობაზე საუბარი გამორიცხულია; რაც შეეხება პირადობისა და მართვის მოწმობებს, მათი არსებობა დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით; ეს დოკუმენტები ამოღებული არ ყოფილა; ლოგიკური მსჯელობით, თ. ა-ვს უნდა ჰქონოდა ეს დოკუმენტები, მაგრამ ლოგიკური მსჯელობა მტკიცებულებად ვერ გამოდგება; საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება ამ დოკუმენტების დაუფლების განზრახვა; ამიტომ ს. თ-ი ამ ნაწილშიც უნდა გამართლდეს; საქმის მასალებში არ მოიპოვება არავითარი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ზარალის რეალურ ოდენობას; სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებას; ასევე არ იკვეთება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზანი, რადგან თ. ა-ი და ე. თ-ი მხოლოდ შემთხვევითი მსხვერპლნი იყვნენ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და ს. თ-ის გამართლებას ან მის უდანაშაულოდ ცნობას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 143-ე და 363-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ე. თ-მ და თ. ა-მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო სწორედ ს. თ-ი, რომლის სახე კარგად დაამახსოვრდათ. დაზარალებულებს წებოვანი ლენტით შეუკრეს ხელ-ფეხი, მიიყვანეს სოფელ დიღომში, სადაც მიტოვებულ ქოხში ამყოფეს დაახლოებით 4 საათი. ამის შემდეგ დაზარალებულებმა მოახერხეს გაქცევა. თ. ა-ი სთხოვდა ბოროტმოქმედებს, რომ საბუთები მაინც დაებრუნებინათ, მაგრამ ამაოდ. თ. ა-ის განცხადებით, მას მიადგა 16 000 ლარის ოდენობის ზიანი (ს.ფ. 143-145; 155-158).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ იქნა წებოვანი ლენტი. წინასწარი გამოძიებისას ორივე დაზარალებულმა ამოიცნო ს. თ-ი და კატეგორიულად მიუთითეს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი სწორედ იგი იყო.
პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია და უტყუარადაა დადასტურებული, რომ ს. თ-ი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დასაუფლებლად, ყაჩაღურად თავს დაესხა ე. თ-სა და თ. ა-ს, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და მუქარით, ჯგუფურად აღუკვეთეს თავისუფლება, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით. მანვე გაიტაცა პირადობის დამადასტურებელი და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტი.
ამასთან, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით განსასჯელისათვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა (ს.ფ. 176). სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით მსჯავრდებულისათვის დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 წელზე მეტი ვადით.
გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი, ვინაიდან ამ მუხლის ყოველი მომდევნო ნაწილი მოიცავს წინას.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა შეიცვალოს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მსჯავრდებულ ს. თ-ს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. თ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განაჩენი შეიცვალოს: “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ს. თ-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი;
ს. თ-ს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,გ" და ,,ე" ქვეპუნქტებით მიესაჯოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ს. თ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და საბოლოოდ ს. თ-ს განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.