შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 25.03.2008
საქმის ნომერი
2კ-1605აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1605აპ 25 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბრალდებო დასკვნით ბ. კ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება;

მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის;

მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბ. კ-ი 1996 წლის 19 მარტს გაასამართლა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სსკ-ის 251-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეეცვალა პირობით, შრომაში სავალდებულო ჩაბმით და მიმაგრებულ იქნა ხონის ¹3 კომენდატურაზე.

ბ. კ-ი 1998 წლის 21 აპრილს გაასამართლა თელავის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 212-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 2 თვის ვადით, გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების დაწესებულებაში მოხდით.

მიუხედავად ამისა, ბ. კ-ი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩადინა განზრახი დანაშაული, კერძოდ: მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

ბ. კ-მა 2006 წლის 14 ივნისს განიზრახა ყაჩაღურად დასხმოდა თავს გურჯაანის რაიონის სოფელ ....... მცხოვრებ ა. მ-ის ოჯახს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მათი მოძრავი ნივთები. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2006 წლის 14 ივნისს ბ. კ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირებს და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულნი დაახლოებით 01 საათზე, თანამზრახველებთან ერთად მივიდნენ ა. მ-ს საცხოვრებელ ბინასთან, ფეხის დარტყმით შეამტვრიეს შესასვლელი კარი და უკანონოდ შეაღწიეს ბინაში, სადაც ამ დროს ეძინა ა. მ-ს მეუღლეს ე. მ-ს. აღნიშნულის შემდეგ ბ. კ-მა და მასთან ერთად მყოფმა გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მოსთხოვეს ე. მ-ს გადაეცა მათთვის ფული და ძვირფასეულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მოკვლით. დაზარალებულმა ე. მ-მა თავდამსხმელებს გადასცა 230 ლარი და 180 ლარად ღირებული ოქროს საყურეები.

აღნიშნული ქმედებით ბ. კ-მა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად დაზარალებულ ა. მ-სა და ე. მ-ს მიაყენა ქონებრივი ზიანი 410 ლარის ოდენობით.

ბ. კ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა 5,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელსაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა თავისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში არსებულ წიგნების კარადაში, რომელიც შს სამინისტროს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2006 წლის 21 ივნისს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის განაჩენით ბ. კ-ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლისა და 6 თვის ვადით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. კ-მა. აპელანტმა მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაული. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდებოდა მისი უდანაშაულობა და უსაფუძვლოდ დასდო მას მსჯავრი მოცემული დანაშაულის ჩადენაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. კ-მ, რომელმაც მოითხოვა ბ. კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბ. კ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი მსჯავრდებულ ბ. კ-ის სასიკეთოდ, კერძოდ:

როგორც საქმის მასალებით დგინდება, ბ. კ-ი პირველად გასამართლებულ იქნა 1996 წელს, იმ დროს მოქმედი სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. კ-ს პირველი ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, ხოლო გაქარწყლებული ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, პალატა თვლის, რომ ბ. კ-ს არასწორად აქვს მსჯავრი შერაცხული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და აღნიშნულ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრვი დევნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს ბ. კ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელშიც, კერძოდ: მას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილს “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად უნდა დაემატოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ბ. კ-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ბ. კ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

ბ. კ-ს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილს “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.