ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1626 აპ 4 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. ჯ-ი, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ......., ამჟამად პატიმარი, _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 თებერვლის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, ნ. ჯ-ს დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ლ. მ-სათვის მიყენებული ქონებრივი და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
განაჩენის მიხედვით, ნ. ჯ-ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 13 აგვიტსოს, დაახლოებით 17.35 საათზე, მთვრალი ნ. ჯ-ი “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით მართავდა თავისი მეგობრის _ ბ. F-ს კუთვნილ ავტომანქანა “პეჟოს” სახ, ¹...... და მოძრაობდა თბილისში, მოსკოვის გამზირზე, ჯავახეთის ქუჩის მხრიდან, მეტროს სადგურ “სამგორის” მიმართულებით, სამოძრაო გზის პირველ ზოლში, დაახლოებით 30 კმ\სთ სიჩქარით. როდესაც იგი მიუახლოვდა ¹44 ელ. განათების ბოძთან არსებულ ბენზინგასამართ სადგურს, დაარღვია ზემოაღნიშნული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, სიმთვრალის გამო ვეღარ გააკონტროლა ავტომობილის მოძრაობა და შეეჯახა სამოძრაო გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერებულ ავტომანქანა ვაზ-2102-ს, სახ. ...., და მის გვერდით მდგომ ვ. Gგ-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული სხეულის დაზიანების გამო ქ. თბილისის ¹1 კლინიკურ საავადმყოფოში 2006 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ჯ-მა და დაზარალებულის უფლებამონაცვლემ _ ლ. Mმ-მ.
აპელანტი, მსჯავრდებული ნ. ჯ-ი თავისი სააპელაციო საჩივარით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ კი 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას იმ მოტივით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და შვილები, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან. ამასთან, აპელანტი ითხოვდა მასზე დაკისრებული სამოქალაქო სარჩელის _ 10000 (ათი ათასი) ლარის შემცირებასაც იმ მოტივით, რომ აღნიშნული თანხის დაკისრებისას არ იქნა გათვალისწინებული მისი მატერიალური მდგომარეობა.
აპელანტი, დაზარალებულის უფლებამონაცვლე _ ლ. Mმ-ძე თავისი საჩივრით ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის, როგორც უკანონოსა და დაუსაბუთებლის გაუქმებას, იმ მოტივით, რომ სასამართლო განაჩენის გამოტანის დროს იყო არაობიექტური, რადგან არ გაიზიარა ის მძიმე ტრაგიკული ვითარება და სოციალური გარემო, რაც გამოიწვია მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს მიერ ჩადენილმა ქმედებამ და ისე უთხრა მას უარი სამოქალაქო სარჩელის სრულ დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულის უფლებამონაცვლემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და ითხოვა ნ. ჯ-სათვის დაკისრებული 10 000 (ათი თასი) ლარის გარდა 10 000 (ათი თასი) აშშ დოლარის დაკისრებაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ჯ-სა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ლ. M-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ლ. Mმ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ქონებრივი ზიანის ნაწილში _ 7 534 (შვიდი ათას ხუთასოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ლ. Mმ-ს უარი ეთქვა საქართველოს სსსკ-ის 30-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ჯ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმავე მოტივებით, რაც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საქმის მასალებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა ნ. ჯ-მა ნამდვილად ჩაიდინა სასამართლოს განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება რასაც თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ. ჯ-სათვის თავისუფლების აღკვეთისა და ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი განსაზღვრულია მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი შედეგისა და თვით მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება უსამართლო ან ზედმეტად მკაცრ ღონისძიებად.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამავე დროს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად მას სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელები უნდა გაუნახევრდეს.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელები _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, აგრეთვე, ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლის ვადით, გაუნახევრდეს და მას საბოლოო სასჯელებად განესაზღვროს _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, ხოლო ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.