შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 27.03.2008
საქმის ნომერი
2კ-1630აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1630აპ ქ. თბილისი

27 მარტი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ჯობაძი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. კ-სა და გ. ო-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით რ. ჯ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად, სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 თვის ვადით.

რ. ჯ-ს ხაშურის რაიონული ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 22492 ლარის გადახდა.

საბრალდებო დასკვნით, რ. ჯ-ს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის;

ხაშურის 2004 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით სხვა ხარჯებთან ერთად გათვალისწინებული იყო სახელმწიფო ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო ხარჯები.

ბიუჯეტის შესაბამისად, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ სხვადასხვა ობიექტთან ერთად დაგეგმა სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ხაშურის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის გადახურვის სარემონტო სამუშაოები.

ხაშურის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ რ. ჯ-სა და შპს „შასი-3-ის“ დირექტორ შ. ს-ს შორის 2004 წლის 10 მაისს დაიდო ხელშეკრულება ¹31-10 ხაშურის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის გადახურვის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების შედგენის თაობაზე.

შპს „შასი-3-ის“ მიერ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და განისაზღვრა ხაშურის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის გადახურვის სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც, შესასრულებელი იყო 64472,2 ლარის ღირებულების სამუშაოები.

ხაშურის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა რ. ჯ-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, თავისთვის გამორჩენის, შპს „პირამიდა_98-ის“ დირექტორ, თ. გ-სა და ამავე საზოგადოების საქმის მწარმოებელ თ. ც-სათვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, განიზრახა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვა და მითვისება.

დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მითითებული ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ, რ. ჯ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა თ. გ-ს, რომელსაც მიანიჭა უპირატესობა და მასთან 2006 წლის 7 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ¹1/15, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „პირამიდა_98“ იღებდა ვალდებულებას 64472, 2 ლარად შეესრულებინა ხაშურის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის გადახურვის სამუშაოები ზემოაღნიშნული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. შეთანხმებისამებრ, ხაშურის რაიონის გამგეობამ შპს „პირამიდა_98-ის“ ანგარიშზე 2004 წლის 8 ივნისს გადარიცხა 26000 ლარი, 2004 წლის 30 ივნისს _ 20000 ლარი, 2004 წლის 17 სექტემბერს _ 18747 ლარი, სულ გადაირიცხა 64747 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ. გ-მ და თ. ც-მ რ. ჯ-სთან დანაშაულებრივი შეთანხმების თანახმად, გადაწყვიტეს ხაშურის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის გადახურვის სამუშაოების ჩატარებისას არასრულყოფილად შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, საბუღალტრო და ჩატარებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტები კი ეწარმოებინათ იმგვარად, რომ ეჩვენებინათ ნაკისრი ვალდებულების ვითომდა სრულად შესრულება, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოებისათვის განკუთვნილი დიდი ოდენობის თანხა მიეთვისებინათ და ურთიერთშორის გაენაწილებინათ.

რ. ჯ-სთან შეთანხმებით, თ. ც-მ და თ. გ-მ, ტექნიკისა და მუშების გამოყენებით ხაშურის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის გადახურვისას მართლაც ჩაატარეს ხელშეკრულებითა და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებზე გაცილებით ნაკლები სამუშაოები, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, რ. ჯ-მ, გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის, თ. გ-სა და თ. ც-სათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ისე, რომ განზრახ არ დაადგინა რეალურად შესრულებული სამუშაოს ოდენობა, მათთან გააფორმა შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი, რომ ვითომდა შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ 53725 ლარს (დღგ-ს გარეშე). ფაქტობრივად კი შეასრულეს და გახარჯეს მხოლოდ 35008 ლარი (დღგ-ს გარეშე), რითაც განზრახვა სისრულეში მოიყვანეს და დარჩენილი, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 18717 ლარის დიდი ოდენობის თანხა მიითვისეს და ურთიერთშორის გაინაწილეს, რამაც სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ხაშურის 2004 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით, სხვა ხარჯებთან ერთად ასევე გათვალისწინებული იყო სახელმწიფო ბალანსზე რიცხული სხვადასხვა შენობა-ნაგებობის მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო ხარჯები.

დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ სხვადასხვა ობიექტთან ერთად დაგეგმა ქალაქ ხაშურის ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების მოპირკეთება, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ღობეების შეღებვის, საგზაო ხაზებისა და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობის სამუშაოების შესრულება.

2004 წლის 16 ივლისს რ. ჯ-სა და შპს „არქიტექტურის“ დირექტორ მ. მ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ¹1, ქალაქ ხაშურის ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების მოპირკეთების, ღობეების შეღებვისა, საგზაო შუქნიშნებისა და მაჩვენებლების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის თაობაზე.

შპს „არქიტექტურამ“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და განისაზღვრა ქალაქ ხაშურის ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობა- ნაგებობების ფასადების მოპირკეთების, ღობეების შეღებვისა და საგზაო შუქნიშნებისა და მაჩვენებლების სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც, შესასრულებელი იყო 34002,70 ლარის (დღგ-ს) ჩათვლით ღირებულების სამუშაოები.

ხაშურის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა რ. ჯ-მ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, თავისთვის გამორჩენის, შპს „პირამიდა-2004-ის“ დირექტორ თ. ც-სათვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, კვლავ განიზრახა წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის დიდი ოდენობით არაერთგზის მითვისება და გაფლანგვა.

დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მითითებული ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ, რ. ჯ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს „პირამიდა_2004-ის“ დირექტორ თ. ც-ს, რომელსაც მიანიჭა უპირატესობა და მასთან 2004 წლის 20 ივლისს გააფორმა ხელშეკრულება (უნომრო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

ხელშეკრულების შესაბამისად _ შპს „პირამიდა-2004“ იღებდა ვალდებულებას 49800 ლარის ფარგლებში შეესრულებინა ქ. ხაშურის ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების მოპირკეთების, ღობეების შეღებვის საგზაო შუქნიშნებისა და მაჩვენებლების სარემონტო სამუშაოები.

შეთანხმებისამებრ, ხაშურის რაიონის გამგეობამ შპს „პირამიდა-2004-ის“ ანგარიშზე 2004 წლის 20 ივლისს გადარიცხა 24500 ლარი, 2004 წლის 23 სექტემბერს _ 10 000 ლარი და 2005 წლის 8 ოქტომბერს _ 5920 ლარი, სულ გადაირიცხა 40420 ლარი.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ. ც-მ რ. ჯ-სთან დანაშაულებრივი შეთანხმების თანახმად, გადაწყვიტა ხაშურის ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების მოპირკეთების, ღობეების შეღებვის, საგზაო შუქნიშნებისა და მაჩვენებლების სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას არასრულყოფილად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, საბუღალტრო და ჩატარებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტები კი ეწარმოებინათ იმგვარად, რომ ეჩვენებინათ ნაკისრი ვალდებულების ვითომდა სრულად შესრულება, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოსათვის განკუთვნილი დიდი ოდენობის თანხა მიეთვისებინათ.

რ. ჯ-სთან შეთანხმებით, თ. ც-მ ტექნიკისა და მუშების გამოყენებით ხაშურის ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების მოპირკეთების, ღობეების შეღებვის, საგზაო შუქნიშნებისა და მაჩვენებლების სარემონტო სამუშაოების შესრულებისას ჩაატარა ხელშეკრულებითა და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოზე ნაკლები სამუშაოები, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ რ. ჯ-მ, არაერთგზის გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის და თ. ც-სათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ისე, რომ განზრახ არ დაადგინა რეალურად შესრულებული სამუშაოს ოდენობა, მასთან გააფორმა შესრულებულ სამუშაოზე მიღება_ჩაბარების აქტი, რომ ვითომდა შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ 28335,M58 ლარს (დღგ-ს გარეშე). ფაქტობრივად კი შესრულებული და გახარჯული იყო 24436 ლარი (დღგ-ს გარეშე), რითაც დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს და დარჩენილი, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4899,39 ლარი და ზედმეტად გადარიცხული 5417,49 ლარი, საერთო ჯამში დიდი ოდენობით რ. ჯ-ს მიერ გაფლანგული თანხა _11316,69 ლარი, არაერთგზის მიითვისეს და ურთიერთშორის გაინაწილეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2004 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ სხვადასხვა ობიექტებთან ერთად, ასევე დაგეგმა სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ხაშურის რაიონის სოფელ ..... დაწყებითი სკოლის სარემონტო სამუშაოები.

2004 წლის 16 ივლისს რ. ჯ-სა და შპს „არქიტექტურის“ დირექტორ მ. მ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ¹3, ხაშურის რაიონის სოფელ ბულბულისციხის დაწყებითი სკოლის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებისა და საპროექტო საძიებო ხარჯთაღრიცხვის შედგენის თაობაზე.

შპს „არქიტექტურამ“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და განსაზღვრა ხაშურის რაიონის სოფელ ბულბულისციხის დაწყებითი სკოლის კაპრემონტის სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც, შესასრულებელი იყო 29606 (დღგ-ს ჩათვლით) ლარის ღირებულების სამუშაოები.

რ. ჯ-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, თავისთვის, შპს „პირამიდა-2004-ის“ დირექტორმა თ. ც-სა და საქმის მწარმოებელ ი. გ-სათვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, კვლავ განიზრახა წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის არაერთგზის მითვისება და გაფლანგვა.

დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მითითებული ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ, რ. ჯ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს „პირამიდა_2004-ის“ დირექტორ თ. ც-ს, რომელსაც მიანიჭა უპირატესობა და მასთან 2004 წლის 23 ივლისს გააფორმა ხელშეკრულება (უნომრო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „პირამიდა-2004“ იღებდა ვალდებულებას 29600 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ფარგლებში შეესრულებინა ხაშურის რაიონის სოფელ ბულბულისციხის დაწყებითი სკოლის კაპრემონტის სამუშაოები ზემოაღნიშნული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

სკოლის რემონტის დაწყებისას აღმოჩნდა, რომ შენობის აღდგენისათვის საჭირო იყო არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში არსებული კედლების დაშლა და საძირკველის ზემოთ ახალი შენობის აშენება, რამაც გამოიწვია შესასრულებელ სამუშაოთა ფასის გაძვირება, რის თაობაზეც შეტანილ იქნა ხელშეკრულებაში ცვლილება და საბოლოოდ სახელშეკრულებო თანხა გაიზარდა 56927 ლარამდე (დღგ-ს ჩათვლით).

შეთანხმებისამებრ, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ, შპს „პირამიდა 2004-ის“ ანგარიშზე 2004 წლის 12 აგვისტოს გადარიცხა 8900 ლარი, 2004 წლის 18 ოქტომბერს _ 9378 ლარი, 2004 წლის 7 დეკემბერს _ 4340 ლარი, 2004 წლის 30 სექტემბერს _ 17000 ლარი და 2005 წლის 4 მარტს _ 16300 ლარი, სულ გადაირიცხა 55908 ლარი (დღგ-ს ჩავთლით).

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ. ც-მ და ი. გ-მა, რ. ჯ-სთან დანაშაულებრივი შეთანხმების თანახმად, გადაწყვიტეს, ხაშურის რაიონის სოფელ ბულბულისციხის დაწყებითი სკოლის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას არასრულყოფილად შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, საბუღალტრო და ჩატარებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტები კი ეწარმოებინათ იმგვარად, რომ ეჩვენებინათ ნაკისრი ვალდებულების ვითომდა სრულად შესრულება, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოსათვის განკუთვნილი თანხა მიეთვისებინათ და ურთიერთშორის გაენაწილებინათ.

რ. ჯ-სთან შეთანხმებით, თ. ც-მ და ი. გ-მა, 2004 წლის 23 ივლისიდან 2004 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში ტექნიკისა და მუშების გამოყენებით ხაშურის რაიონის სოფელ ბულბულისციხის დაწყებითი სკოლის მშენებლობისას ჩაატარეს ხელშეკრულებითა და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ნაკლები სამუშაოები, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, რ. ჯ-მ, არაერთგზის გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის, თ. ც-სა და ი. გ-სათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ისე, რომ განზრახ არ დაადგინა რეალურად შესრულებული სამუშაოს ოდენობა, მასთან გააფორმა შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი, რომ ვითომდა შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდა დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ 47439 ლარს (დღგ-ს გარეშე). ფაქტობრივად კი შესრულდა და გაიხარჯა 43310 ლარი (დღგ-ს გარეშე), რითაც დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს და დარჩენილი, რ. ჯ-ს მიერ გაფლანგული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4129 ლარი (დღგ-ს გარეშე) არაერთგზის მიითვისეს და ურთიერთშორის გაინაწილეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2004 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, ხაშურის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა ობიექტთან ერთად ასევე დაგეგმა სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის საშუალო სკოლის სარემონტო სამუშაოები.

2004 წლის 16 ივლისს რ. ჯ-სა და შპს „არქიტექტურის“ დირექტორ მ. მ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ¹2 ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის საშუალო სკოლის კაპიტალურად შეკეთების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების შედგენის თაობაზე.

შპს „არქიტექტურამ“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და განსაზღვრა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის საშუალო სკოლის კაპიტალური რემონტის სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც, შესასრულებელი იყო 88717 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების სამუშაოები. რ. ჯ-მ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, თავისთვის, შპს ,,პირამიდა - 2004 –ის” დირექტორ თ. ც-სათვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, კვლავ განიზრახა, წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით არაერთგზის მითვისება და გაფლანგვა.

დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მითითებული ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ, რ. ჯ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს „პირამიდა - 2004-ის“ დირექტორ თ. ც-ს, რომელსაც მიანიჭა უპირატესობა და მასთან 2004 წლის 11 აგვისტოს გააფორმა ხელშეკრულება (უნომრო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

ხელშეკრულების შესაბამისად შპს „პირამიდა - 2004“ იღებდა ვალდებულებას 88700 (დღგ-ს ჩათვლით) ლარის ფარგლებში შეესრულებინა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის საშუალო სკოლის სარემონტო სამუშაოები ზემოაღნიშნული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

შეთანხმებისამებრ, ხაშურის რაიონის გამგეობამ შპს „პირამიდა - 2004-ის“ ანგარიშზე 2004 წლის 12 აგვისტოს გადარიცხა 39900 ლარი, 2004 წლის 17 სექტემბერს - 8000 ლარი, სულ გადაირიცხა 93131 ლარი.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ. ც-მ და ი. გ-მა, რ. ჯ-სთან დანაშაულებრივი შეთანხმების თანახმად, გადაწყვიტეს ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის საშუალო სკოლის კაპიტალური რემონტის სამუშაოების ჩატარებისას არასრულყოფილად შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, საბუღალტრო და ჩატარებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტები კი ეწარმოებინათ იმგვარად, რომ ეჩვენებინათ ნაკისრი ვალდებულების ვითომდა სრულად შესრულება, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოსათვის განკუთვნილი თანხა მიეთვისებინათ და ურთიერთშორის გაენაწილებინათ.

რ. ჯ-სთან შეთანხმებით, თ. ც-მ ტექნიკისა და მუშების გამოყენებით ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის საშუალო სკოლის კაპიტალური რემონტისას ჩაატარა ხელშეკრულებითა და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ნაკლები სამუშაოები, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ რ. ჯ-მ, გამოიყენა რა არაერთგზის სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის და თ. ც-სათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ისე, რომ განზრახ არ დაადგინა რეალურად შესრულებული სამუშაოს ოდენობა, მასთან გააფორმა შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი, რომ ვითომდა შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ 74611 ლარს (დღგ-ს გარეშე), ფაქტობრივად კი შესრულდა და გაიხარჯა 63977 ლარი (დღგ-ს გარეშე), ამით დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს და დარჩენილი, რ. ჯ-ს მიერ გაფლანგული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთნვილი 10634 ლარის დიდი ოდენობის თანხა არაერთგზის მიითვისეს და ურთიერთშორის გაინაწილეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ხაშურის 2004 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით, სხვა ხარჯებთან ერთად, გათვალისწინებული იყო სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ხაშურის სტადიონ „ივერიის“ ტრიბუნების ჰიდროიზოლაცია და კეთილმოწყობა.

2004 წლის 17 ივლისს რ. ჯ-სა და შპს „არქიტექტურის“ დირექტორ მ. მ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ხაშურის სტადიონ „ივერიის“ ტრიბუნების ჰიდროსაიზოლაციო და სარემონტო სამუშაოების საპროექტო-საძიებო დოკუმენტაციის შედგენის თაობაზე.

შპს „არქიტექტურამ“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და განსაზღვრა ხაშურის სტადიონ „ივერიის“ ტრიბუნების ჰიდროსაიზოლაციო და კეთილმოწყობის სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 42140 ლარი.

რ. ჯ-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, თავისთვის გამორჩენისა და შპს „თბილისის წყალმომარაგების დისტანცია ¹2-ის“ დირექტორ ს. გ-სა და ამავე საზოგადოების საქმის მწარმოებელ ნ. გ-სათვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, არაერთგზის განიზრახა, წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მითვისება და გაფლანგვა.

დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მითითებული ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ, რ. ჯ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა ს. გ-ს, რომელსაც მიანიჭა უპირატესობა და მასთან 2004 წლის 26 აგვისტოს გააფორმა ხელშეკრულება (უნომრო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „თბილისის წყალმომარაგების დისტანცია ¹2“ იღებდა ვალდებულებას 42500 ლარის ფარგლებში შეესრულებინა ხაშურის სტადიონ „ივერიის“ აღმოსავლეთ ტრიბუნის ჰიდროსაიზოლაციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები ზემოაღნიშნული ხარჯთაღრიცხვის საფასურად. ხელშეკრულებაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებას - 42140 ლარს დაემატა შპს „არქიტექტორზე“ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა - 360 ლარი და მთლიანად სტადიონ „ივერიის“ სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 42500 ლარი.

შეთანხმებისამებრ, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 50% - 21250 ლარი 2004 წლის 7 სექტემბერს გადარიცხა შპს „თბილისის წყალმომარაგების დისტანცია ¹2-ის“ ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 20890 ლარი კი - 2004 წლის 25 ნოემბერს.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სოფრომ გურგენიძემ და ნ. გ-მ, რ. ჯ-სთან დანაშაულებრივი შეთანხმების თანახმად, გადაწყვიტეს, სტადიონ „ივერიის“ სამუშაოების ჩატარებისას არასრულყოფილად შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, საბუღალტრო და ჩატარებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები ეწარმოებინათ იმგვარად, რომ ეჩვენებინათ ნაკისრი ვალდებულების ვითომდა სრულად შესრულება, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოსათვის განკუთვნილი თანხა მიეთვისებიანთ და ურთიერთშორის გაენაწილებინათ.

რ. ჯ-სთან შეთანხმებით, ს. გ-მ და ნ. გ-მ 2004 წლის 26 აგვისტოდან 2004 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში ტექნიკისა და მუშების გამოყენებით ჩაატარეს სტადიონ „ივერიის“ ტრიბუნების ჰიდროსაიზოლაციო და კეთილმოწყობის ხელშეკრულებითა და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ნაკლები სამუშაოები, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, რ. ჯ-მ, არაერთგზის გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის, ს. გ-სა და ნ. გ-სათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ისე, რომ განზრახ არ დაადგინა რეალურად შესრულებული სამუშაოს ოდენობა, მასთან გააფორმა შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი, რომ ვითომდა შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ 35116 ლარს (დღგ-ს გარეშე), ფაქტობრივად კი შეასრულეს და გახარჯეს 27242 ლარი (დღგ-ს გარეშე), რითაც დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს და დარჩენილი, რ. ჯ-ს მიერ გაფლანგული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 7874 ლარი არაერთგზის მიითვისეს და ურთიერთშორის გაინაწილეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2004 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ სხვადასხვა ობიექტთან ერთად ასევე დაგეგმა სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ხაშურის რაიონის დაბა სურამის კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოები.

რ. ჯ-სა და შპს „არქიტექტურის“ დირექტორ მ. მ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ხაშურის რაიონის დაბა სურამის კულტურის სახლის კაპიტალური რემონტის სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვის შედგენის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, შესასრულებელი იყო 26252 ლარის (დღგ-ს) ჩათვლით ღირებულების სამუშაოები. რ. ჯ-მ შპს „პირამიდა - 2004-ის“ დირექტორ თ. ც-სათვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, კვლავ განიზრახა, წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის არაერთგზის მითვისება და გაფლანგვა.

დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მითითებული ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ, რ. ჯ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს ,,პირამიდა - 2004-ის” დირექტორ თ. ც-ს, რომელსაც მიანიჭა უპირატესობა და მასთან 2004 წლის 3 სექტემბერს გააფორმა ხელშეკრულება (უნომრო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „პირამიდა - 2004“ იღებდა ვალდებულებას 25 000 ლარის ფარგლებში შეესრულებინა ხაშურის რაიონის დაბა სურამის კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოები ზემოაღნიშნული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

შეთანხმებისამებრ, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ შპს „პირამიდა 2004-ის“ ანგარიშზე 2004 წლის 29 ნოემბერს გადარიცხა 8750 ლარი, ხოლო 2004 წლის 7 დეკემბერს - 15876 ლარი, სულ გადარიცხა 24626 ლარი.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ. ც-მ რ. ჯ-სთან დანაშაულებრივი შეთანხმების თანახმად, გადაწყვიტა ხაშურის რაიონის დაბა სურამის კულტურის სახლის კაპიტალური რემონტის სამუშაოების ჩატარებისას არასრულყოფილად შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, საბუღალტრო და ჩატარებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები კი ეწარმოებინათ იმგვარად, რომ ეჩვენებინათ ნაკისრი ვალდებულების ვითომდა სრულად შესრულება, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოსათვის განკუთვნილი თანხა მიეთვისებინათ და ურთიერთშორის გაენაწილებინათ.

რ. ჯ-სთან შეთანხმებით, თ. ც-მ ტექნიკისა და მუშების გამოყენებით, ხაშურის რაიონის დაბა სურამის კულტურის სახლის კაპიტალური რემონტისას ჩაატარეს გათვალისწინებულ სამუშაოებზე ნაკლები სამუშაოები, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, რ. ჯ-მ, გამოიყენა რა არაერთგზის სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის და თ. ც-სათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ისე, რომ განზრახ არ დაადგინა რეალურად შესრულებული სამუშაოს ოდენობა, მასთან გააფორმა შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი, რომ ვითომდა შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ 20521 ლარს (დღგ-ს გარეშე). ფაქტობრივად კი შესრულდა და გაიხარჯა 18745 ლარი (დღგ-ს გარეშე), ამით დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს და დარჩენილი, რ. ჯ-ს მიერ გაფლანგული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1776 ლარი არაერთგზის მიითვისეს და ურთიერთშორის გაინაწილეს, რამაც სახელმწიფოს კანონერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2004 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ სხვადასხვა ობიექტთან ერთად ასევე დაგეგმა სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ხაშურის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის შენობის სარემონტო სამუშაოები.

რ. ჯ-სა და შპს „არქიტექტურის“ დირექტორ მ. მ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ხაშურის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის შენობის კაპიტალური რემონტის სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვის შედგენის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, შესასრულებული იყო 12 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.

რ. ჯ-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავისთვის გამორჩენის და თ. ც-სათვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, კვლავ განიზრახა, წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის არაერთგზის მითვისება და გაფლანგვა.

დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მითითებული ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ, რ. ჯ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა თ. ც-ს, რომელსაც მიანიჭა უპირატესობა და მასთან 2004 წლის 3 სექტემბერს გააფორმა ხელშეკრულება (უნომრო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „პირამიდა - 2004“ იღებდა ვალდებულებას 12 000 ლარის ფარგლებში შეესრულებინა ხაშურის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის შენობის სარემონტო სამუშაოები ზემოაღნიშნული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

შეთანხმებისამებრ, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ შპს „პირამიდა 2004-ის” ანგარიშზე 2004 წლის 28 ოქტომბერს გადარიცხა 4200 ლარი, ხოლო 2004 წლის 7 დეკემბერს - 7612 ლარი, სულ გადარიცხა 11812 ლარი.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ. ც-მ რ. ჯ-სთან დანაშაულებრივი შეთანხმების თანახმად, გადაწყვიტა ხაშურის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის კაპიტალური რემონტის სამუშაოების ჩატარებისას არასრულყოფილად შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, საბუღალტრო და ჩატარებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტები კი ეწარმოებინათ იმგვარად, რომ ეჩვენებინათ ნაკისრი ვალდებულების ვითომდა სრულად შესრულება, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოსათვის განკუთვნილი თანხა მიეთვისებინათ და ურთიერთშორის გაენაწილებინათ.

რ. ჯ-სთან შეთანხმებით, თ. ც-მ ტექნიკისა და მუშების გამოყენებით, ხაშურის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის შენობის კაპიტალური რემონტისას ჩაატარა ხელშეკრულებითა და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ნაკლები სამუშაოები, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, რ. ჯ-მ, არაერთგზის გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის და თ. ც-სათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ისე, რომ განზრახ არ დაადგინა რეალურად შესრულებული სამუშაოს ოდენობა, მასთან გააფორმა შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი, რომ ვითომდა შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ 9843 ლარს (დღგ-ს გარეშე), ფაქტობრივად კი შესრულდა და გაიხარჯა 9578 ლარი (დღგ-ს გარეშე), რითაც დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს და დარჩენილი, რ. ჯ-ს მიერ გაფლანგული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 265 ლარი არაერთგზის მიითვისეს და ურთიერთშორის გაინაწილეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2004 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ მიერ სხვადასხვა ობიექტთან ერთად, ასევე დაგეგმა სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ხაშურის სამშობიარო სახლის სარემონტო სამუშაოები.

შპს „არქიტექტურამ“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და განსაზღვრა ხაშურის სამშობიარო სახლის კაპრემონტის სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც, შესასრულებელი იყო 7290 ლარის ღირებულების სამუშაოები.

რ. ჯ-მ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, თავისთვის გამორჩენის, ასევე შპს „პირამიდა_2004-ის“ დირექტორ თ. ც-სათის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, კვლავ განიზრახა წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის არაერთგზის მითვისება და გაფლანგვა.

დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მითითებული ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ, რ. ჯ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს „პირამიდა_2004-ის“ დირექტორ თ. ც-ეს, რომელსაც მიანიჭა უპირატესობა და მასთან 2004 წლის 3 სექტემბერს გააფორმა ხელშეკრულება (უნომრო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „პირამიდა_2004“ იღებდა ვალდებულებას 7500 ლარის ფარგლებში შეესრულებინა ხაშურის სამშობიარო სახლის სარემონტო სამუშაოები ზემოაღნიშნული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. შეთანხმებისამებრ, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ შპს „პირამიდა 2004-ის“ ანგარიშზე 2004 წლის 28 ოქტომბერს გადარიცხა 2625 ლარი, ხოლო 2005 წლის 18 მაისს კი _ 4500 ლარი, სულ გადაირიცხა 7125 ლარი.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ. ც-მ და ი. გ-მა, რ. ჯ-სთან დანაშაულებრივად შეთანხმების თანახმად, გადაწყვიტეს ხაშურის სამშობიარო სახლის სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას არასრულყოფილად შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, საბუღალტრო და ჩატარებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტები კი ეწარმოებინათ იმგვარად, რომ ეჩვენებინათ ნაკისრი ვალდებულების ვითომდა სრულად შესრულება, ხოლო შეუსრულუბელი სამუშაოსათვის განკუთვნილი თანხა მიეთვისებინათ და ურთიერთოშორის გაენაწილებინათ.

რ. ჯ-სთან შეთანხმებით, თ. ც-მ ტექნიკისა და მუშების გამოყენებით ხაშურის სამშობიარო სახლის კაპიტალური რემონტისას ჩაატარა ხელშეკრულებით და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ნაკლები სამუშაოები, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ რ. ჯ-მ, არაერთგზის გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის და თ. ც-სათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ისე, რომ განზრახ არ დაადგინა რეალურად შესრულებული სამუშაოს ოდენობა, მასთან გააფორმა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი, რომ ვითომდა შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ 7534 ლარს (დღგ-ს გარეშე), ფაქტობრივად კი შესრულდა და გაიხარჯა 5816 ლარი (დღგ-ს გარერე), რითაც დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს და დარჩენილი, რ. ჯ-ს მიერ გაფლანგული სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1718 ლარი არაერთგზის მიითვისეს და ურთიერთშორის გაინაწილეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2004 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, ხაშურის რაიონულმა გამგეობამ სხვადასხვა ობიექტთან ერთად, ასევე დაგეგმა სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ხაშურის რაიონის ბავშვთა პოლიკლინიკის შენობის სარემონტო სამუშაოები.

2004 წლის 3 სექტემბერს რ. ჯ-სა და შპს „არქიტექტურის“ დირექტორ მ. მ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ¹15 ხაშურის რაიონის ბავშთა პოლიკლინიკის შენობის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების შედგენის თაობაზე.

შპს „არქიტექტურამ“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და განსაზღვრა ხაშურის რაიონის ბავშვთა პოლიკლინიკის შენობის კაპიტალური რემონტის სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც, შესასრულებელი იყო 5361 ლარის ღირებულების სამუშაოები.

რ. ჯ-მ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, თავისთვის გამორჩენის, შპს „პირამიდა_2004-ის“ დირექტორს თ. ც-სათვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, კვლავ განიზრახა წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის არაერთგზის მითვისება და გაფლანგვა.

დანაშაულს ჩადენის გაადვილების მიზნით, მითითებული ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ რ. ჯ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა თ. ც-ს და მასთან 2004 წლის 3 სექტემბერს გააფორმა ხელშეკრულება (უნომრო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

ხელშეკრულების თანახმად, შპს „პირამიდა_2004“ იღებდა ვალდებულებას 5500 ლარის ფარგლებში შეესრულებინა ხაშურის რაიონის ბავშვთა პოლიკლინიკის შენობის სარემონტო სამუშაოები ზემოაღნიშნული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

რ. ჯ-სთან შეთანხმებით თ. ც-მ ტექნიკისა და მუშების გამოყენებით ხაშურის ბავშთა პოლიკლინიკის შენობის კაპიტალური რემონტისას ჩაატარა ხელშეკრულებითა და დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ნაკლები სამუშაოები, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ რ. ჯ-მ, გამოიყენა რა არაერთგზის სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის და თ. ც-სათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ისე, რომ განზრახ არ დაადგინა რეალურად შესრულებული სამუშაოს ოდენობა, მასთან გააფორმა შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი, რომ ვითომდა შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა და სხვა დოკუმენტები შეესაბამებოდა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ 1917 ლარს (დღგ-ს გარეშე). ფაქტობრივად კი შესრულდა და გაიხარჯა 1609 ლარი (დღგ-ს გარეშე), რითაც დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს და დარჩენილი, რევაზ ჯობაძის მიერ გაფლანგული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 308 ლარი არაერთგზის მიითვისეს და ურთიერთშორის გაინაწილეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რ. ჯ-მ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, საჯარო მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თ. ც-სთან, თ. გ-სთან, ი. გ-თან, ს. გ-სა და ნ. გ-სთან წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არაერთგზის მიითვისა, გაფლანგა და ურთიერთშორის გაინაწილეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობის თანხა _ 50320 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საბოლოდ, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ რ. ჯ-ს საბრალდებო დასკვნით წარდგენილი ცხრა ეპიზოდიდან მსჯავრი დასდო მხოლოდ ოთხ ეპიზოდში, კერძოდ, ხაშურის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის გადახურვაზე, სოფელ ბულბულისციხის სკოლის შეკეთებაზე, სოფელ ქვიშხეთის სკოლის შეკეთება და ხაშურის ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა სამუშაოზე სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, არაერთგზის, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ თ. ც-სთან წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობის თანხის _ 42446 ლარის მითვისება _ გაფლანგვაში. დანარჩენ ეპიზოდებში, თ. გ-სთან, ს. გ-სთან, ნ. გ-სა და ასევე დანარჩენ ეპიზოდებში, თ. გ-სთან, ს. გ-სთან, ნ. გ-სთან და ი. გ-თან ერთად წინასწარი შეთანხმებით დანაშაულის ჩადენა ჯ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა მორის ჩუბინიძემ, მსჯავრდებულმა რ. ჯ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ო-მა.

აპელანტი მორის ჩუბინიძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ რ. ჯ-ის დამნაშავედ ცნობას საბრალდებო დასკვნით წარდგენილ ყველა ბრალდების ეპიზოდში და მისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, 33245 ლარის დაკისრებას. აპელანტს ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენი მიაჩნდა ლმობიერად და თვლიდა, რომ იგი არ გამომდინარეობდა რ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან.

აპელანტი რ. ჯ-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი, კერძოდ: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოერიცხა მითითება ზიანის ანაზღაურების შესახებ, სამოქალაქო სარჩელის არარსებობის გამო. სხვა ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულ რ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ნ. კ-ა და გ. ო-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და რ. ჯ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა საჩივრის მტკიცება იმის შესახებ, რომ რ. ჯ-ს არ ჩაუდენია მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები.

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმე თ. ც-ის ჩვენებით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით რ. ჯ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

რაც შეეხება აღნიშნულ ქმედებათა სამართლებრივ კვალიფიკაციასა და სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ჯ-ს შერაცხული ბრალდების კვალიფიკაციიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ვინაიდან მსჯავრდებულ რ. ჯ-ს აღნიშნულ მუხლებთან ერთად მსჯავრი დაედო ასევე იმაში, რომ მან ჩაიდინა არაერთგზის, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობასთან ერთად არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის სპეციალური ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობაც, რომლითაც დაწესებულია პასუხისმგებლობა იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელსაც ასევე მოიცავს ზოგადი ნორმის შემადგენლობა, მაშინ აღნიშნული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სპეციალური ნორმით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, იგი დამატებით, ზოგადი ნორმით _ 332-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით კვალიფიკაციას აღარ საჭიროებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულ რ. ჯ-ს სასიკეთოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ჯ-ს ასევე უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ რ. ჯ-ს ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად შერაცხული.

რ. ჯ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.