ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.01.2008
საქმის ნომერი
2კ-1650აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1650აპ ქ. თბილისი

28 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით დ. ა-ძე, _ დაბადებული ... წლის ....., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. ა-ძე 2006 წლის 17 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა მოხელეს.

2000 წლის 22 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ ქონების მართვის სამინისტროსა და შპს „პეგასს” შორის დაიდო ქ. თბილისში, ჩარგლის ქ. ¹46-ში მდებარე ¹13 მექანიკური თონის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება. მოიჯარემ _ შპს „პეგასმა” დაარღვია ხელშეკრულების პირობები თანხის გადახდის ნაწილში, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასამართლოში შეიტანა სარჩელი შპს „პეგასთან” ხელშეკრულების მოშლის შესახებ. აღნიშნული სასამართლო პროცესი დამთავრდა მხარეთა მორიგებით, რაც დამტკიცდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის ¹3\860-04 განჩინებით. შესაბამისად, განისაზღვრა თანხის გადახდის ვადები, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შპს „პეგასს” გადაუვადა საიჯარო ქირისა და ქონების გამოსასყიდი გადასახადი 2005 წლის 1 იანვრამდე და დარჩენილი თანხები გადანაწილდა 2005-2006 წლებზე თანაბარწილად. შპს „პეგასს” 2005 წლის ბოლოს უნდა გადაეხადა ყველა სახის დავალიანება და გადასახადების ნახევარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დაფარულიყო 2006 წლის 22 აგვისტომდე. სულ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 29 120 აშშ დოლარს. შპს „პეგასმა” ვერ შეძლო პირველი ეტაპისათვის გადასახდელი თანხის მთლიანად გადახდა, რის გამოც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი თ. კ-ი დაუკავშირდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ დ. ა-ს, რადგანაც კონტროლი ხელშეკრულების შესრულებაზე უშუალოდ მას ევალებოდა, და სთხოვა, რომ პირველი ეტაპისათვის შესატანი თანხის ნაწილს 11 000 აშშ დოლარის ოდენობით შეიტანდა 2005 წლის დეკემბრის ბოლომდე, ხოლო დარჩენილ ნაწილს 2 700 აშშ დოლარის ოდენობით კი _ 2006 წლის იანვარში; რაც შეეხება თანხის მეორე ნაწილს, მას შეიტანდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

დ. ა-მ განიზრახა თაღლითურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა თ. კ-ს კუთვნილ თანხას დიდი ოდენობით, რის გამოც აღუთქვა მას დახმარება და უთხრა, რომ ფული მიეტანა მისთვის და თვითონ შეიტანდა სამინისტროს ბუღალტერიაში. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დ. ა-მ თ. კ-ს 2005 წლის დეკემბერში გამოართვა 11 000 აშშ დოლარი, 2006 წლის იანვარში _ 2 700 აშშ დოლარი, იმავე წლის ივნისში _ 13 700 აშშ დოლარი, ხოლო ივლისში _ 580 ლარი და მიისაკუთრა.

დ. ა-მ იმის დასტურად, რომ აღნიშნული თანხები შეტანილი ჰქონდა სამინისტროს ბუღალტერიაში, დაამზადა ¹22\30-05 სარეგისტრაციო ნომრით და 2006 წლის 14 ივლისით დათარიღებული ყალბი წერილი, რომელიც თითქოსდა ხელმოწერილი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ზ. ჭ-ს მიერ და იმავე წლის ივლისის ბოლოს გადასცა თ. კ-ს.

2006 წლის თებერვალში დ. ა-ს დაუკავშირდა შპს „კოლხეთის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ოჯახის ახლობელი ვ. ჩ-ი, რომელმაც მას აუხსნა, რომ 2000 წლის 31 ივლისს შპს „კოლხეთსა” და საქართველოს იმჟამინდელ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. თბილისში, რჩეულიშვილის მე-3 შესასხვევში მდებარე სს „ქართული პურის” ნატურით გაყოფის შედეგად დარჩენილი ¹12 მექანიკურ თონეზე რიცხული ქონების იჯარა-გამოსყიდვის თაობაზე და რომ შპს „კოლხეთმა”, ფინანსური პრობლემების გამო, იჯარა-გამოსყიდვის თანხების ხელშეკრულების ვადებში გადახდა ვერ მოახერხა. ვ. ჩ-მა დ. ა-სთან შეხვედრის დროს გამოთქვა მზადყოფნა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადახდაზე და დ. ახობაძეს სთხოვა დახმარება აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. გადასახდელი თანხა შეადგენდა 36 000 აშშ დოლარს. დ. ა-მ განიზრახა, თაღლითურად, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ვ. ჩ-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რის გამოც აღუთქვა დახმარება ამ უკანასკნელს და უთხრა, რომ ფული მისთვის მიეტანა და თვითონ შეიტანდა სამინისტროს ბუღალტერიაში. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დ. ა-მ ვ. ჩ-ს 2006 წლის თებერვალში გამოართვა 15 000 აშშ დოლარი, იმავე წლის აპრილში _ 11 000 აშშ დოლარი, ხოლო ივნისში _ თანხის დარჩენილი ნაწილი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით და მიისაკუთრა, რითიც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა დაზარალებულ ვ. ჩ-ს.

აღნიშნული ქმედებისათვის დ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 2 მაისიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ხ-მ. მან ითხოვა დ. ა-სათვის სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო საბოლოოდ _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული დ. ა-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი უკანონო და უსამართლოა, ის არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებასა და მსჯავრდებულის პიროვნებას, ამიტომ უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დ. ა-მ წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ; გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; ხელი შეუწყო სასამართლოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში; სასამართლომ კი არ მისცა ამ ყველაფერს სამართლიანი შეფასება; ჩადენილი ქმედებისათვის საკმარისი იქნებოდა მინიმალური სასჯელის დანიშვნა, მით უფრო, რომ არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები; პირველადაა სამართალში; მის მიერ ჩადენილი დანაშაული არ არის გამოწვეული იმ გარემოებით, რომ მიდრეკილება აქვს სოციალურად საშიში ქმედებების ჩადენისაკენ; აღნიშნული მოხდა გამოუცდელობით, რასაც ნანობს.

კასატორის განმარტებით, მის მიმართ დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აღიარებას, გულწრფელობასა და მონანიებას არ ჰქონია მნიშვნელობა სასჯელის დანიშვნისას; აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული დ. ახობაძე ითხოვს განაჩენის მის სასიკეთოდ შეცვლას და სასჯელის შემცირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ეფუძნება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, უდავოდ დადგენილია, რომ დ. ა-ძე არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლა დიდი ოდენობით სხვის ნივთს, ასევე _ დაამზადა და გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი.

მსჯავრდებულმა დ. ა-მ სასამართლო სხდომაზე მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ვ. კ-ს მთლიანობაში გამოართვა 27 400 აშშ დოლარი და 580 ლარი, რის შემდეგაც მინისტრის მოადგილე ზ. ჭ-ს სახელით დაამზადა წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ვ. კ-ს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება შესრულებული ჰქონდა. მანვე განმარტა, რომ ვ. ჩ-ს თავდაპირველად გამოართვა 15 000 აშშ დოლარი და შემდეგ დანარჩენი, სულ _ 36 000 აშშ დოლარი. მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ 2006 წლის 17 აგვისტოს საკუთარი განცხადებით დატოვა სამსახური, ხოლო თანხა დახარჯა (ს.ფ. 192-193).

ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბლანკზე არსებული ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს ხელმოწერა არ არის შესრულებული ზ. ჭ-ს მიერ (ს.ფ. 99-102).

პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც დ. ა-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) მსჯავრდებულის ქმედების დამატებით ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება არასწორია. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში დ. ა-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარში მითითებული მოტივებით მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის განაჩენი შეიცვალოს: “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. ა-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში დ. ა-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და საბოლოოდ დ. ა-ს განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.