შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1655-აპ 22 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. ღ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც ზ. ხ. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განაჩენით ზ. ხ., _ დაბადებული ---- წელს, საქართველოს მოქალაქე, ცოლშვილიანი, უმუშევარი, ნასამართლობა გაქარწყლებული, მცხოვრები გორში, -------- ქუჩის ¹----------ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილით – 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით დანიშნული სასჯელები ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენით ზ. ხ-ს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის ნოემბერში ზ. ხ-მა ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა „მარიხუანასა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველობის ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი და დაჯარიმდა 500 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას. 2007 წლის 23 თებერვალს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გორში ადმინისტრაციული წესით დააკავეს ზაზა ხუბულური, რომელიც შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური განყოფილების გამოკვლევის დასკვნის თანახმად, იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ზემოქმედების ქვეშ.
2007 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 8 საათსა და 50 წუთზე, ზ. ხ. შევიდა ქ. გორში, თამარ მეფის ქ. ¹---ში მდებარე შპს „-------ის“ აფთიაქში და განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა იქვე, დახლზე დადებულ აფთიაქის დირექტორის _ ნ. მ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ზ. ხ-მა ისარგებლა იმით, რომ ნ. მ. ზურგით იდგა და მისთვის წამალს ეძებდა, ფარულად აიღო ნ. მ-ს კუთვნილი 35 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ზ. ხ-სათვის სასჯელის გამკაცრების მიზნით, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთისა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის _ 3000 (სამი ათასი) ლარის შეფარდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აგვისტოს განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განაჩენი შეიცვალა სასჯელის ნაწილში და ზ. ხ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ხ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 აგვისტოდან. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 18 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ღ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა ზ. ხ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით _ მსჯავრდებულ ზ. ხ-ს რაიონულ სასამართლოში მიცემული აღიარებითი ჩვენებით, ზ. ხ-ს ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნით, მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მოსამართლის დადგენილებით, დაზარალებულ ნ. მ-ს ჩვენებით და საქმის სხვა მასალებით, მსჯავრდებულზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.
საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ნ. მ-ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა აანაზღაურა მიყენებული მცირე მნიშვნელობის ზიანი, ისინი შერიგდნენ და მას არ გააჩნია არავითარი პრეტენზია ზ. ხ-ს მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლის თანახმად „ის, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 3 წლით თავისუფლების აღკვეთას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ შეურიგდა დაზარალებულს». პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზ. ხ. წარსულში ნასამართლევია, უნდა ჩაითვალოს, რომ მან პირველად ჩაიდინა დანაშაული, ვინაიდან მას აღნიშნული ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, ხოლო სსკ-ის 79-ე მუხლის VI ნაწილის თანახმად, „გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ზ. ხ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილით.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის პიროვნებას, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს 3 შვილი, აქედან 2 _ მცირეწლოვანი, უმუშევარი მეუღლე, პენსიონერი, ავადმყოფი დედა, მიიჩნევს, რომ მას სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა – 1 წლის ვადით უნდა შეეცვალოს ჯარიმით.
ზ. ხ. პატიმრობაში იმყოფება 2007 წლის 20 აგვისტოდან. ზემოაღნიშნულის გამო, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ზ. ხ. მთლიანად უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. ღ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:
ზ. ხ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილით.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ზ. ხ-ს სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ზ. ხ. მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.