საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1734აპ 28 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც ირაკლი ბათიაშვილი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 315-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მაისის განაჩენით ი. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 315-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენით ი. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დახმარება ამბოხებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, რაც გამოიხატა შემდეგში: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის ¹180 ბრძანებით გაუქმდა კოდორის ხეობაში დისლოცირებული თავდაცვის სამინისტროს ბატალიონი „მონადირე“. ხელისუფლებაზე განაწყენებულმა ე. კ-მა, კოდორის ხეობაში ცენტრალური ხელისუფლების გავლენის შესუსტებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხების მოწყობის მიზნით, თავისი ხელმძღვანელობით, ბატალიონის ყოფილი წევრების მონაწილეობით შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, მათთან ერთად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი, გაუქმებულ ბატალიონ „მონადირეზე“ რიცხული საბრძოლო მასალა, ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მატერიალური ფასეულობები.
ე. კ-მა 2006 წლის 22 ივლისს დაიწყო ორგანიზებული შეიარაღებული გამოსვლა ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავდა მის დამხობას. ი. ბ-მა გადაწყვიტა მითითებების, რჩევების მიცემისა და საჭირო ინფორმაციების მიწოდებით, დახმარება გაეწია ე. კ-სათვის, რითაც მნიშვნელოვნად გაუადვილებდა მას დასახული მიზნის მიღწევას. ი. ბ-მა ე. კ-ს აღუთქვა და დაარწმუნა, რომ თავისი და რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებით დაეხმარებოდა ამბოხების მხარდამჭერი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. ე. კ-თან და ნ. ა-ნთან (კ-ნთან) 23-25 ივლისს შემდგარ სატელეფონო საუბრებში ი. ბ-ი დადებითად აფასებდა ხელისუფლების საწინააღმდეგო მათ საჯარო გამოსვლებს და მოქმედებებს, რითაც ამხნევებდა და მოუწოდებდა ამბოხების გაგრძელებისაკენ. ამასთან ერთად არწმუნებდა, რომ საქართველოს რიგი პოლიტიკური პარტიები მხარს უჭერდნენ მათ. ი. ბ-ი, ნაცვლად იმისა, რომ ე. კ-სა და ამბოხებულებისათვის მოეწოდებინა შეეწყვიტათ წინააღმდეგობა და იარაღი ჩაებარებინათ ხელისუფლებისათვის, ამბოხებულთა მიმართ საზოგადოების მხარდაჭერისა და სახელმწიფოს ნების პარალიზების მიზნით, ე. კ-ს ურჩევდა საჯარო გამოსვლების დროს გაეკეთებინა მიმართვა და ხელისუფლების ძალოვანი უწყების შეიარაღებული ქვედანაყოფებისათვის მოეწოდებინა დაეყარათ იარაღი. თავის მხრივ, ე. კ-მა შეასრულა ი. ბ-ს მითითება და საჯარო გამოსვლებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ აღეკვეთათ ამბოხება, ხოლო საზოგადოებას აუწყა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიარაღებულ გამოსვლას მოაწყობდა მთელ ქვეყანაში და მათ შორის - თბილისში.
ი. ბ-ი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებისა და მომავალში მოსალოდნელი განცხადებების შესახებ ე. კ-ს აწვდიდა ინფორმაციებს, არწმუნებდა, რომ რიგი პოლიტიკური პარტიები იწონებდნენ მის მოქმედებას და მხარს უჭერდნენ მას. ი. ბ-მა თავისი საუბრებით ე. კ-ს გაუმყარა იმის რწმენა, რომ საზოგადოება იყო მის მხარეს, რის შედეგადაც კოდორის ხეობაში ამბოხებულებმა, ე. კ-ს ხელმძღვანელობით, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს სახელმწიფო წესრიგის აღსადგენად შესულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს. 25 ივლისს, სოფელ საკენის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ ავტოკოლონაზე შეიარაღებული თავდასხმის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა ცენტრის სამედიცინო ქვედანაყოფის უფროსმა ვ. მ-მა გულმკერდის მარცხენა არეში ცეცხლნასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, ხოლო ამავე ცენტრის ქვედანაყოფის უფროსმა მ. ქ-მა მარცხენა თეძოს ძვლის ფრთის არეში ცეცხლსასროლი შემავალი ჭრილობით მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. შეიარაღებული შეტაკების შემდეგ ე. კ-ი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები გაიქცნენ, მიიმალნენ და კვლავ აგრძელებდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მაისის განაჩენის გაუქმება და ი. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ი. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა მსჯავრდებულ ი. ბ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ი. ბ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნ. ბ-ს 2008 წლის 11 იანვრის ¹14 განკარგულებით მსჯავრდებული ი. ბ-ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და ი. ბ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული სსკ-ის 25, 315-ე მუხლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნ. ბ-ს 2008 წლის 11 იანვრის ¹14 განკარგულების საფუძველზე ი. ბ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, გათვალისწინებული სსკ-ის 25, 315-ე მუხლით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.