შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1808აპ. 5 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენით რ. ხ-ძე _ დაბადებული ....... წელს, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ტყიბულში, ......-ში _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნულ სასჯელს დაემატა 2006 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 11 იანვრიდან.
განაჩენის მიხედვით, რ. ხ-ს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის 7 ივლისს რ. ხ-ძე გაასამართლა ტყიბულის რაიონულმა სასამართლომ და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას. 2006 წლის ოქტომბერში, ღამის საათებში, მან შეაღწია ტყიბულში, იმერეთის ქუჩაზე გაჩერებულ, მოქალაქე მ. ჩ-ს კუთვნილ ,,ზილის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით ....., სალონში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სავარძლის ქვეშ არსებულ, 24 კილოვატი სიმძლავრის, 70 ლარად ღირებულ აკუმულატორსა და ერთ ცალ გასაღებს წარწერით _ ,,კამაზი“, რითაც დაზარალებულ მ. ჩ-ს მიაყენა 70 ლარის მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ხ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მან აღიარა დანაშაული, აანაზღაურა ზიანი და გულწრფელად მოინანია თავის მიერ ჩადენილი ქმედება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ რ. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ხ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ არის ობოლი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ რ. ხ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საქმის მასალებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა რ. ხ-მ ნამდვილად ჩაიდინა სასამართლოს განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ. ხ-ს დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი განსაზღვრულია მსჯავრდებულ რ. ხ-ს მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი შედეგისა და თვით მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, კერძოდ, მას დაენიშნა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, რასაც, კანონის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი, რის გამოც არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამავე დროს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 10 მაისიდან 2006 წლის 7 ივლისამდე ე. ი. 1 (ერთი)Yთვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე, რაც არ გაუკეთებიათ ტყიბულის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მათ მიერ მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის დადგენისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ რ. ხ-ის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ რ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 10 მაისიდან 2006 წლის 7 ივლისამდე ე. ი. 1 (ერთი)Yთვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე, რაც გამოაკლდეს მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომას _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 10 (ათი) თვისა და 3 (სამი) დღის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.