შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1818აპ ქ. თბილისი
25 ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. რ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. ზ-სა და მ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის განაჩენით ვ. რ., _ დაბადებული -----, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» და „დ» ქვეპუნტებით, მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა თავის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, ჩადენილი არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა დიდი ოდენობით; მანვე ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მანვე ჩაიდინა მოხელის მიერ არაერთგზის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ვ. რ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ვ. რ., 2002 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა რა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაღდათის სატყეო მეურნეობის დირექტორად, „საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე ითვლებოდა მოხელედ. მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს „საქართველოს ტყის კოდექსის», საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 14 სექტემბრის ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის 2001 წლის 27 ივნისის „სამასალე ხე-ტყის (მორების) საბაზრო ფასების შესახებ» ბრძანების საფუძველზე წარმოადგენდა ჩამორთმეული (სეკვესტრირებული) ხე-ტყის კანონით დადგენილი წესით რეალიზაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, ვ. რ-მ განიზრახა, ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უპირატესობის მისანიჭებლად მოეხდინა ჩამორთმეული (სეკვესტრირებული) ხე-ტყის რეალიზაცია ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის 2001 წლის 27 ივნისის ბრძანებით დადგენილ საბაზრო ფასებთან შეუსაბამოდ დაბალ ფასში და ამ გზით გაეფლანგა სახელმწიფო ქონება.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ვ. რ-მ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით „საქართველოს ტყის კოდექსის» 114-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის 2001 წლის 27 ივნისის ბრძანების დარღვევით 2002 წლიდან 2005 წლამდე დროის მონაკვეთში 167მ3 სეკვესტრირებული ხე-ტყის რეალიზაცია, ნაცვლად 16 712 ლარისა, მოახდინა 5 024 ლარად. ვ. რ-მ, მიანიჭა რა უპირატესობა ცალკეულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გაფლანგა დიდი ოდენობით თანხა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 11 688 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნულის შემდეგ ვ. რ. 2006 წლის 8 მარტიდან 2006 წლის 5 მაისამდე მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ბაღდათის სატყეო მეურნეობის დირექტორად და „საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ითვლებოდა მოხელედ. მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს „საქართველოს ტყის კოდექსისა» და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე წარმოადგენდა: ტყის ფონდის დაცვა, ტყით სარგებლობის წესების დამრღვევთა მიმართ ზომების გატარება, ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტებზე სათანადო რეაგირება და მასალების სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნა. მიუხედავად აღნიშნულისა, ვ. რ-მ განიზრახა ცალკეული იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უპირატესობის მისანიჭებლად ბაღდათის სატყეო მეურნეობის თანამშრომელთა მიერ ხე-ტყის უკანონოდ ჭრის გამოვლენილი ფაქტების შესახებ მასალები არ გადაეგზავნა სამართალდამცავი ორგანოებისათვის და ამ გზით გაეფლანგა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონება. კერძოდ, 2006 წლის 8 მარტიდან 2006 წლის 5 მაისამდე დროის მონაკვეთში ბაღდათის სატყეო მეურნეობის თანამშრომელთა მიერ ხე-ტყის უკანონოდ ჭრის გამოვლენილი 58 შემთხვევიდან (ტყისთვის მიყენებული ზიანით _ 29 812 ლარი) მან სამართალდამცავ ორგანოებში სათანადო რეაგირებისათვის მასალები გადაგზავნა მხოლოდ 34 შემთხვევაში 16 436 ლარის ზიანით, ხოლო დარჩენილი 24 შემთხვევა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დატოვა სათანადო რეაგირების გარეშე, რითიც სახელმწიფოს მიაყენა 13 375 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ბაღდათის სატყეო მეურნეობის დირექტორმა ვ. რ-მ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის ¹99 ბრძანებით დამტკიცებული „უკანონო ტყით სარგებლობის შედეგად ზიანის გაანგარიშების წესის შესახებ» დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რომლითაც „ზიანის ანაზღაურება არავის არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, ისევე როგორც პასუხისგებაში მიცემა _ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან», განიზრახა მხოლოდ ტყისთვის მიყენებული ზიანის დაკისრებით, ცალკეული ფიზიკური პირებისათვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, გაეთავისუფლებინა ტყის უკანონო მჭრელები მოსალოდნელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2006 წლის 8 მარტიდან 2006 წლის 5 მაისამდე დროის მონაკვეთში 22 შემთხვევაში ბაღდათისა და ვანის რაიონულ სასამართლოებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ნაცვლად ადმინისტრაციული წესით საქმეთა გადაგზავნისა, შეიტანა სასარჩელო განცხადება მხოლოდ ზიანის დაკისრების თაობაზე, რითიც ხე-ტყის უკანონო მჭრელი 22 პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. აღნიშნულით ვ. რ-მ სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 1 100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2006 წლის 8 მარტიდან 2006 წლის 5 მაისამდე ვ. რ-ს დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მთლიანად მიადგა 14 475 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
საერთო ჯამში 2002 წლიდან 2005 წლამდე და 2006 წლის 8 მარტიდან 2006 წლის 5 მაისამდე მუშაობის პერიოდში ვ. რ-ს ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 26 163 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის ვ. რ-ს სასჯელთა შეკრებით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 2 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ვ. რ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 14 475 ლარის გადახდა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 იანვრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა. მათ ითხოვეს რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ვ. რ-ს გამართლება, ასევე _ მოსამართლის 2007 წლის 25 ივნისის დადგენილების გაუქმება და მითითებული მოწმეების დაკითხვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ვ. რ. გამართლდა სეკვესტრირებული მორების სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით რეალიზაციისა და დიდი ოდენობით _ 13 375 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ნაწილში; ვ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით; სასჯელთა შეკრებით ვ. რ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით; მასვე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით. მსჯავრდებულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 14 475 ლარის გადახდა.
კასატორები _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება უკანონოა, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ამიტომ განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ვ. რ. მუშაობდა ბაღდათის სატყეო მეურნეობის დირექტორად. მას სამსახურებრივი გულგრილობისათვის გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება 10 000 ლარის გადახდით და იმ პირობით, რომ ის სამსახურს აღარ დაუბრუნდებოდა, თუმცა ვ. რ-მ დაარღვია შეთანხმება და პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ სასამართლოს გზით თავი აღიდგინა სამსახურში, რისი შედეგიცაა 12-წლიანი პატიმრობა; 2002 წლიდან 2005 წლამდე პერიოდი სრულყოფილად გამოიძიეს ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის განაჩენის გამოტანამდე და დაადგინეს, რომ, გარდა სამსახურებრივი გულგრილობისა, ვ. რ-ს სხვა დანაშაული არ ჩაუდენია; მართალია, ის იყო დირექტორი, მაგრამ შეუძლებელი იყო, მას პირადად განეხორციელებინა ყველა საქმიანობა, მის თანამშრომლებს განაწილებული ჰქონდათ ფუნქციები და პასუხისმგებელნი იყვნენ თავიანთ ქმედებებზე; სეკვესტრირებული ხე-ტყის რეალიზაციას ახდენდა ტყის დაცვის ინჟინერი ნ. მ., რომელმაც, დაცვის მხარის თხოვნის მიუხედავად, თავი აარიდა პროცესზე გამოცხადებას და იმის ახსნას, თუ როგორ ახდენდა სეკვესტრირებული ხე-ტყის რეალიზაციას; სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება, რომ ვ. რ. ვინმესთან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა და რაიმე მოტივის გამო შეგნებულად ახდენდა სარეალიზაციო ფასის დაკლებას; გამოძიებას უნდა დაედგინა და დაეკითხა ის პირები, ვისზეც გაიცა აღნიშნული ხე-ტყე; იმ შემთხვევაში, თუკი გამოიკვეთებოდა, რომ ნაცნობობით, პატივისცემით, თხოვნით ან სხვა მოტივით ახდენდა ვ. რ. ფასების განზრახ შემცირებას, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე საუბარი; წინასწარი გამოძიების პერიოდში დაინიშნა სასაქონლო-საბუღალტრო ექსპერტიზა; ექსპერტიზა ჩაატარა ბუღალტერმა, რომელიც არ იყო საქონელმცოდნე და ვერ განსაზღვრავდა ხე-ტყის ღირებულებას მარტო მათემატიკური გათვლებით; ექსპერტიზას არ აქვს განსაზღვრული ჩამორთმეული ხე-ტყის ხარისხი, სწორედ ამიტომ დანიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა დაცვის მხარემ; დაცვა ექსპერტისაგან ითხოვდა, განსაზღვრულიყო, რამდენად შეუსაბამოდ დაბალ ფასებში მოხდა ხე-ტყის რეალიზაცია და რა ზიანი დადგა; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ვერ განსაზღვრა ზიანის ოდენობა, რადგან საქმეში არსებული მასალები არ იყო საკმარისი ექსპერტიზის ჩასატარებლად; სსსკ-ის მე-10 მუხლის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც სასამართლომ უხეშად დაარღვია.
კასატორთა განმარტებით, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო, მაგრამ დატოვა შეფასების გარეშე, რადგან ექსპერტიზამ მხოლოდ მათემატიკური გათვლების საფუძველზე დაადგინა, რომ სატყეო მეურნეობას მიადგა 6 894,11 ლარის ზიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა შეეცვალა კვალიფიკაცია სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე.
რაც შეეხება ვ. რ-ს მიერ 2006 წლის 8 მარტიდან 2006 წლის 5 მაისამდე მუშაობის პერიოდს, ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მას რეაგირება რომ არ სდომებოდა, ამ 22 აქტს არც გაატარებდა სარეგისტრაციო ჟურნალში და საერთოდ არ აჩვენებდა ამ სამართალდარღვევის შესახებ; მოწმე დ. მ-ს ჩვენებით, ის იყო ტყის დაცვის ინჟინერი და სწორედ მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა ტყის უკანონო ჭრის გამოვლენა და ამ მასალების გადაგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში; მას არასოდეს მიუღია მითითება დირექტორისაგან, დაემალა გამოვლენილი უკანონო ჭრა და სათანადო რეაგირება არ მოეხდინა; საქმეს თან ერთვის ჟურნალი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ ვ. რ-ს დირექტორობის პერიოდში გამოვლენილი იყო არა 58, არამედ _ 37 უკანონო ჭრა და ჟურნალშივეა მითითებული, რა ბედი ეწია თითოეულ მათგანს; განაჩენში აღნიშნულია, რომ ბრალდებამ წარმოადგინა მეორე ჟურნალიც და ორივე ჟურნალში დაფიქსირებულმა ტყის ჭრამ შეადგინა 58, რაც არასწორია, რადგან მეორე ჟურნალი ეხებოდა ვანის რაიონის სატყეო მეურნეობაში გამოვლენილ უკანონო ჭრას; ასეც რომ ყოფილიყო, ჟურნალში დაფიქსირებულია მხოლოდ 4 უკანონო ჭრა და მათი ერთობლიობა მაინც არ შეადგენს 58-ს; სათანადო დოკუმენტაციის არარსებობის გამო ექსპერტიზებმა ვერ განსაზღვრეს, რამდენი აქტი იყო გადაგზავნილი სამართალდამცავ ორგანოებში, გადაგზავნილი და გადაუგზავნელი აქტების მიხედვით რას შეადგენდა ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი, თუკი ასეთი არსებობდა.
კასატორთა აზრით, ერთადერთი გადაცდომა, რაც აქვს ვ. რ-ს, არის ის, რომ სასამართლოს მიმართა სამოქალაქო სარჩელებით ზიანის ანაზღაურებაზე და არ მოითხოვა სამართალდამრღვევი პირების დაჯარიმება ადმინისტრაციული წესით, მაგრამ ეს არ იყო მისი მხრიდან განზრახ ჩადენილი ქმედება; იგი ახალი აღდგენილი იყო სამსახურში და არ იცოდა ამ ახალი ნორმის არსებობის შესახებ; ვ. რ. კეთილსინდისიერად ახორციელებდა დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რაც მისმა პროცესზე დაკითხულმა თანამშრომლებმაც დაადასტურეს; იგი უდანაშაულოა, ამიტომ მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და ვ. რ. გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალები უდავოდ ადასტურებს, რომ ვ. რ-ს როგორც სატყეო მეურნეობის დირექტორს, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრებოდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის სეკვესტრირება-რეალიზაციაზე და ვალდებული იყო, შესაბამისი მასალები გადაეცა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, ასევე _ მეთვალყურეობა გაეწია გადაცემული მასალების მსვლელობაზე. ხე-ტყის რეალიზება უნდა მომხდარიყო საბაზრო ღირებულებით.
შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ვ. რ-ს სატყეო მეურნეობის დირექტორად მუშაობის პერიოდში _ 2002 წლიდან 2005 წლამდე დროსი მონაკვეთში ხე-ტყე რეალიზებულია საბაზრო ფასთან შეუსაბამოდ დაბალ ფასში, კერძოდ, სხვაობა შეადგენს 11688 ლარს
პალატა აღნიშნავს, რომ ვ. რ-ს მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის გაფლანგვა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ 11688 ლარის ოდენობის სხვისი მოძრავი ნივთის გაფლანგვის ბრალდების ეპიზდოში ვ. რ-ს ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითაც, კერძოდ:
საბრალდებო დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვ. რ-მ განიზრახა ცალკეული პირებისათვის უპირატესობის მისანიჭებლად მოეხდინა ხე-ტყის რეალიზაცია საბაზრო ფასებთან შეუსაბამოდ დაბალ ფასად და გაეფლანგა სახელმწიფო ქონება. ამისათვის მან 2002 წლიდან 2005 წლამდე დროის მონაკვეთში ნაცვლად 16712 ლარისა ხე-ტყე გაყიდა 5024 ლარად და სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 11688 ლარის ოდენობის ზიანი.
ვინაიდან ბრალდების ამ ეპიზოდში ვ. რ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტითაც (გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მისი ქმედების დამატებით სსკ-ის 332-ე მუხლით დაკვალიფიცირება არასწორია. სსკ-ის 332-ე მუხლის შემადგენლობის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი _ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, საბრალდებო დასკვნიდან გამომდინარე, გამოიხატა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის 11688 ლარის ოდენობის ზიანის მიყენებაში, რასაც, ამ მუხლის შემადგენელობის სხვა ნიშნებთან ერთად, მოცემულ შემთხვევაში მთლიანად მოიცავს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტები (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით). სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება სწორედ იმაში გამოიხატა, რომ ვ. რ. ვალდებული იყო, მოეხდინა ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაცია საბაზრო ფასებში, რაც უგულვებელყო და გაფლანგა სხვისი ქონება.
საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ როდესაც ზოგად შემადგენლობასთან ერთად პირის ქმედებაში არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული სპეციალური ნორმით განსაზღვრული შემადგენლობაც, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ნორმით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისათვის და რომელსაც ასევე მოიცავს ზოგადი ნორმის შემადგენლობა, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სპეციალური ნორმით, მოცემულ შემთხვევაში _ 182-ე მუხლით.
საქმის მასალებით ასევე უტყუარადაა დადგენილი, რომ ბაღდათისა და ვანის სატყეო მეურნეობის დირექტორად მუშაობის პერიოდში _ 2006 წლის 8 მარტიდან იმავე წლის 5 მაისამდე ვ. რ-მ ხე-ტყის უკანონო ჭრის არაერთი შემთხვევა დატოვა რეაგირების გარეშე, რაც სწორად შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ბრალდების ამ ეპიზოდში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ვ. რ-ს არ ჩაუდენია მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი, 13375 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, რადგან ქონებრივი ზიანი გამოიხატა აცდენილ სიკეთეში, კერძოდ, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებით სახელმწიფომ ვერ მიიღო კუთვნილი სარგებელი და მოცემულ შემთხვევაში ეს ზიანი გამოიწვია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებამ. სწორედ ბრალდების ამ ეპიზოდში, მთლიანობაში ზიანის ოდენობა განისაზღვრა 14475 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრებული განაჩენით დაკისრებული აქვს მსჯავრდებულს. ამ თანხიდან 1100 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია იმან, რომ ვ. რ-მ ნაცვლად ადმინისტრაციული წესით საქმეთა გადაგზავნისა, შეიტანა სასარჩელო განცხადებები მხოლოდ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რითაც ხე-ტყის უკანონოდ მჭრელი 22 პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ¹--- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბაღდათის სატყეო მეურნეობაში 2006 წლის 1 იანვრიდან 3 ივლისამდე გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო ჭრის 58 შემთხვევა, საიდანაც სამართალდამცავ ორგანოებს მასალები გადაეგზავნა 34 შემთხვევაში. ამის გამო ზიანი განისაზღვრა 13375 ლარის ოდენობით. გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა აღნიშნულ დასკვნასა და ექსპერტ ა. ჯ-ს წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, თუმცა ეს უკანასკნელი დაიკითხა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც დააზუსტა, რომ შესაბამის უწყებაში არ გადაგზავნილა არა 24, არამედ 22 აქტი.
ვინაიდან საბრალდებო დასკვნით ზიანის ოდენობა განისაზღვრა გადაუგზავნელი აქტების რაოდენობის მიხედვით, რაც სასამართლოში დააზუსტა ექსპერტმა, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს ვ. რ-სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში და საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გაეგზავნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
რამდენადაც ბრალდების პირველ ეპიზოდში ვ. რ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ 182-ე მუხლით, მეორე ეპიზოდში მისი ქმედება სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2005 წლის 31 იანვრის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ვ. რ-ს შორის. ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ვ. რ. გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან . შსს-ს შესაბამისი ცნობით დადგენილია, რომ ვ. რ. დააპატიმრეს 2004 წლის 28 დეკემბერს .
საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს არა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, არამედ მისი მოუხდელი ნაწილი, მოცემულ შემთხვევაში _ 1 წელი, 10 თვე და 27 დღე.
ვინაიდან ვ. რ-ს უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი, მისი ზომის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სასჯელის მიზნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის»დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. რ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. ზ-სა და მ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ვ. რ-ს ქმედება სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვ. რ-ს განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) წელი, 10 (ათი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე და საბოლოოდ განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით, 10 (ათი) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 (ორი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება;
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში გადაეცეს ბაღდათის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.