შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 24.04.2008
საქმის ნომერი
2კ-1819აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.04.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1819აპ 24 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც ბ. კ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გასაჩივრებული განაჩენით ბ. კ-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით. ასევე სხვისი მოძრავი ნივთის განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ბ. კ-სა და ფ. კ-ს შვილს - მ. კ-ს შორის, ურთიერთშელაპარაკების გამო წლების განმავლობაში იყო კონფლიქტური ურთიერთობა. 2006 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 4 საათზე, ბ. კ-ძე თავის მეზობელ ვ. კ-სთან ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, იდგა თავისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, რა დროსაც იქვე ჩაიარა მ. კ-მ. ბ. კ-მ აგრესიული ტონით შესთავაზა მას გაერკვიათ მათ შორის არსებული კონფლიქტური სიტუაცია, რაზედაც მ. კ-მ უპასუხა, რომ ესაუბრათ მეორე დღეს, როდესაც იგი ფხიზელი იქნებოდა. მისი პასუხით განაწყენებულმა ბ. კ-მ განიზრახა მ. კ-ს ოჯახზე თავდასხმა მათი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და განადგურების მიზნით.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბ. კ-ძე შეიარაღდა მამის – გ. კ-ის კუთვნილი ორლულიანი სანადირო თოფით და შიდა სასოფლო გზით წავიდა მ. კ-ს სახლის მიმართულებით. სახლთან მიახლოებისას იგი გზიდან გადავიდა ვ. კ-ს ვენახში, ხოლო შემდეგ - ჯ. გ-ს მიტოვებულ საკარმიდამო ნაკვეთში და დაახლოებით 18 საათზე მივიდა მ. კ-ს მშობლების სახლის ეზოსთან და თანნაქონი თოფის რამდენიმე გასროლით ჩაამსხვრია ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები, რის შედეგადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით შიშის ქვეშ მოაქცია იქ მყოფები: ფ. კ-ძე, რ. კ-ძე და მ. ნ-ძე, რომლებსაც დაეუფლათ განცდა, რომ მათზე განხორციელდებოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა. ძალადობის და მოსალოდნელი საფრთხისაგან თავის დასაღწევად მათ დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი სახლი და თავი შეაფარეს მეზობლად მცხოვრებ ა. კ-ის ოჯახს, რითაც ბ. კ-მ გაიადვილა თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა, შეაღწია მ. კ-ის საცხოვრებელ სახლში და დაეუფლა ოჯახის კუთვნილ თანხას - 141 ლარს. იმავდროულად მან საშიში საშუალებით – სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლით და იმავე თოფის კონდახის გამოყენებით, გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გაანადგურა, ე.ი. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის უვარგისი გახადა ფ. კ-ს სახლში არსებული სხვადასხვა დასახელების ავეჯი და საოჯახო ნივთები, საერთო ღირებულებით 2031, 5 ლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულ ფ. კ-ს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით ბ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აპელანტმა, მსჯავრდებულმა ბ. კ-მ თავისი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში, კვალიფიკაციის ნაწილში ცვლილების შეტანა და, შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი მოითხოვს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - მინიმალური სასჯელის დანიშვნას და აღნიშნულის პირობითად ჩათვლას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ბ. კ-მ განახორციელა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში თავდასხმა ა. კ-ს ოჯახზე მათი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დადგენილია, რომ ბ. კ-სა და ფ. კ-ს შვილს - მ. კ-ეს შორის წლების განმავლობაში იყო კონფლიქტური სიტუაცია. 2006 წლის 5 დეკემბერს მათ შორის მოხდა შეკამათება, რაზეც განაწყენდა ბ. კ-ძე, რომელიც შეიარაღდა მამის კუთვნილი ორლულიანი სანადირო თოფით და წავიდა მ. კ-ის სახლის მიმართულებით, მივიდა სახლის ეზოსთან და თანნაქონი თოფის რამდენიმე გასროლით ჩაამსხვრია სახლის ფანჯრის მინები. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ ფ. კ-ის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სახლიდან დაკარგული ფული წაიღო ბ. კ-ემ, საქმის მასალებით არ დასტურდება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახლიდან არ დაკარგულა არც ერთი ნივთი. სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, პალატა თვლის, რომ ბ. კ-მ თავისი ქმედებით დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა ძალადობით, იარაღის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პალატას ასევე მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით ბ. კ-ს მიერ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩადენილი ქმედება დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის I, II პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის II ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს და აღნიშნული მუხლით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. კ-ს, სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

ბ. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის II ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. კ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.