შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1999აპ ქ. თბილისი
11 აპრილი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ თ. ქ-სა და ა. ც-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის განაჩენით ვ. ბ-ა, _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე და 50-ე მუხლების საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით, ვ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში დაბადებულმა ვ. ბ-მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა დროგამოშვებით.
ვ. ბ-ა კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებოდა ბიძაშვილთან, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ .... დაბადებულ ჯ. ბ-სთან, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ .. წელს ჯ. ბ-მ დაამყარა სქესობრივი კავშირი ვ. ბ-ს დასთან, მ. ბ-სთან. აღნიშნულის შესახებ ვ. ბ-სა და მისი ოჯახის წევრებისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მ. ბ-ა გათხოვდა ქ. ზუგდიდში მცხოვრებ ა. თ-ზე, რომელიც დაშორდა თავის მეუღლეს _ მ. ბ-ს და ეს უკანასკნელი დაბრუნდა მამისეულ სახლში იმ მიზეზით, რომ იგი არ იყო ქალწული. მ. ბ-მ ოჯახის წევრებს აუხსნა თავისი მდგომარეობა და შეატყობინა, რომ რამდენიმე წლის წინ მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა ბიძაშვილმა – ჯ. ბ-მ. ყოველივე ამის შემდეგ ვ. ბ-სა და ჯ. ბ-ს ოჯახებს შორის დაიძაბა ურთიერთობა და მათ შორის იყო მტრული დამოკიდებულება. განსაკუთრებით მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავდა ვ. ბ-ა, რომელიც ამ ნიადაგზე შურისძიების მოტივით მამამისის, ს. ბ-ს კუთვნილი თოფით საცხოვრებელ სახლში მიუვარდა მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილს, ჯ. ბ-ს. მან გაისროლა იარაღიდან, რის საფუძველზეც იგი დააპატიმრეს და სასჯელის სახით მოიხადა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. არსებული კონფლიქტური და მტრული დამოკიდებულებისგან თავის არიდების მიზნით, ჯ. ბ-მ დატოვა თავისი საცხოვრებელი სახლი და წავიდა სოფელ ...დან, ხოლო მოგვიანებით კი საერთოდ დატოვა საქართველოს ტერიტორიის ფარგლები და საცხოვრებლად გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში.
2006 წლის 27 ოქტომბერს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ .....ში გარდაიცვალა ჯ. ბ-ს მამა _ ა. ბ-ა, რის შესახებაც ცნობილი გახდა რუსეთის ფედერაციაში მყოფი ჯ. ბ-სათვის, რომელიც მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმავე წლის 3 ნოემბერს ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციიდან. მისი ჩამოსვლის შესახებ შეიტყო ვ. ბ-მ და მისმა ოჯახის წევრებმა, რომლებიც გაღიზიანდნენ და ვ. ბ-ა დაემუქრა ჯ. ბ-ს, კერძოდ, მეზობლების _ ვ. ლ-სა და დ. ლ-ს მეშვეობით შეუთვალა ჯ. ბ-ს, რომ თუ იგი სასწრაფოდ არ დატოვებდა სოფელს, მოკლავდა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მამის დაკრძალვის მეორე დღეს დატოვებდა იქაურობას. 2006 წლის 4 ნოემბერს, ჯ. ბ-ს მამის დაკრძალვისა და ქელეხის დამთავრების შემდგომ, როდესაც ხალხი დაიშალა, ჯ. ბ-ა, სიძე- ე. კ-ა და ბიძაშვილი _ დ. შ-ა, იმყოფებოდნენ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე უკანა ოთახში, სადაც გაშლილი იყო პატარა სუფრა მიცვალებულის მოსაგონებლად. აღნიშნულ სუფრასთან ისხდნენ მამაკაცები, ხოლო ქალები იმყოფებოდნენ იმავე ოთახში.
ვ. ბ-მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ჯ. ბ-ა მეორე დღეს, 5 ნოემბერს, ტოვებდა სოფელ ---ს და მიემგზავრებოდა რუსეთის ფედერაციაში, განიზრახა ჩაედინა ჯ. ბ-ს მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2006 წლის 4 ნოემბერს, ვ. ბ-მ აიღო თავისი მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალით. დაახლოებით 23 საათზე ავტომატით შეიარაღებული მივიდა ჯ. ბ-ს საცხოვრებელ სახლთან, მიიპარა სახლის უკანა მხარეს, ფანჯრიდან დაინახა ოთახში მყოფი ჯ. ბ-ა და ასევე იქვე მყოფი სხვა პირები. ავტომატი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და დამიზნებით, შურისძიების ნიადაგზე მკვლელობის განზრახვით, მრავალჯერ გაისროლა ოთახში მყოფი ჯ. ბ-ს მიმართულებით, რითაც განზრახ შეუქმნა საფრთხე იმავე ოთახში მყოფ ნ. ბ-ს, შ. შ-სა და დ. შ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხოლო ჯ. ბ-ა დაჭრა ფეხის არეში, ე. კ-ა კი _ მუცლის არეში, რის შემდეგ ვ. ბ-მ სასწრაფოდ დატოვა იქაურობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ე. კ-ა მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა ზუგდიდის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფო „რესპუბლიკაში“, ხოლო ჯ. ბ-ა იმვე საავადმყოფოში გაწეული დროული და კვალიფიციური ქირურგიული დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები _ თ. ქ-ა და ა. ც-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ვ. ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან, არ შეესაბამება რეალურ სინამდვილეს და არ ასახავს მომხდარ შემთხვევას ისე, როგორც ამას სინამდვილეში ჰქონდა ადგილი; გასაჩივრებულ განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ დაინტერესებული დაზარალებული მხარისა და ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის უსაფუძვლო მოთხოვნები; საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია ზერელედ, დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები; ვ. ბ-ს ასევე უკანონოდ დაედო მსჯავრი სსკ-ის 236-ე მუხლით, რამდენადაც საქმეში არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვება იმის შესახებ, რომ ვ. ბ-ა ატარებდა და ინახავდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას; სააპელაციო სასამართლომ, ნაცვლად იმისა, რომ ერთი დანაშაულებრივი ქმედებისათვის ორი განსხვავებული შედეგის დადგომის დროს დაენიშნა ერთი სასჯელი, გამოიყენა სასჯელთა შეკრების წესი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულმა ვ. ბ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აჩვენა შემდეგი:
2006 წლის 4 ნოემბერს, დილით, დაახლოებით რვის ნახევარზე, ის და მასთან ერთად მცხოვრები ს-ი წავიდნენ ტყეში, თან წაიღეს საჭმელი, სამუშაო იარაღები და საწვავი. დაახლოებით 12 საათზე დარეკა ტელეფონმა, ჰკითხეს ვინ იყო, მან უთხრა, რომ იყო ვ-ი, შემდეგ ჰკითხეს სად იყო, უთხრა, რომ შეშის დასამზადებლად იყო წასული მთაში. მან ხმაზე იცნო პოლიციის თანამშრომელი ბ. ქ-ა. როდესაც ბადრის ჰკითხა, რა ხდებოდა, მან უთხრა, რომ სოფელში დაჭრილები იყვნენ და მათ დაჭრას ედავებოდნენ მას. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ითხოვს სიმართლის გარკვევას, რისი საშუალებაც არ ეძლევა. მას ჯ. ბ-ს მოკვლა რომ სდომებოდა, მოკლავდა ჯ. ბ-ს და არა მისთვის უცნობ პირს. იგი ფიქრობს, რომ ან ვინმემ მოუწყო მას ეს დანაშაული ანდა თვითონ მათ მოყვებოდა ვინმე და იმის გაკეთებულია. იგი ჯ. ბ-ს არ დამუქრებია მოკვლით. ოცი წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მიუვარდა ჯ. ბ-ს სახლში, რის გამოც იჯდა სამი წელი ციხეში. დაზარალებული რატომ ამბობს ტყუილს და რატომ ადებს ხელს მას, არ იცის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ, გააანალიზა რა ვ. ბ-ს ეს ჩვენება საქმის სხვა მასალებთან ერთობლივად, სწორად არ გაიზიარა იგი და მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
დაზარალებულების _ ჯ. ბ-ს, ნ. ბ-ს, დ. შ-ს, შ. შ-ს ჩვენებებით, მოწმეების _ ნ. ც-ს, დ. ჯ-ს, ვ. ლ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრებით, სასამართლო-სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ვ. ბ-ს პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათი, ხარისხი და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ. ბ-ს ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი _ 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით, მაგრამ მსჯავრდებულს თითოეული ამ მუხლით არასწორად დაენიშნა ცალ-ცალკე სასჯელი, ვინაიდან ვ. ბ-ა მოქმედებდა ერთიანი განზრახვით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ იმ მიმართებით, რომ ვ. ბ-ს უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი. მას სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის უნდა მიესაჯოს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ვ. ბ-ს საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ვ. ბ-ს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.
მსჯავრდებულ ვ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯოს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ვ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.