განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
2003-აპ 22 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე)
დ. სულაქველიძე, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც შ. ფ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ივლისის განაჩენით შ. ფ-ი, საქართველოს მოქალაქე, ცოლშვილიანი, მცხოვრები თბილისში, ც-ის ქუჩის ¹3, კორპუსი 4, ბინა ¹22-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 5 აპრილიდან.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, შ. ფ-ის პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, სულ- 1243 ლარი, 70 ევრო, 660 აშშ დოლარი და შ. ფ-ის კუთვნილი ა/მანქანა „მერსედეს – 29ოდ», უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.
იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დ. მ-სა და განსასჯელ გ. ნ-ს შორის.
გ. ნ-ი, საქართველოს მოქალაქე, უცოლშვილო, მცხოვრები თბილისში, წ-ის ქ. ¹19-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 5 აპრილიდან.
განაჩენით შ. ფ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაში შემდგომი გასაღების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
შ. ფ-მა 2007 წლის მარტში დაუდგენელი პირისაგან შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 0,12558 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები, აბის ნატეხები და ფხვნილი, რომლებსაც ინახავდა უკანონოდ. 2007 წლის 5 აპრილს მან ზემოაღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი _ 0,0111 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის ნატეხები უკანონოდ გაასაღა გ. ნ-ზე.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ლ-მ, რომელმაც ითხოვა განაჩენის შეცვლა სასჯელის ნაწილში, შ. ფ-სათვის სასჯელის შემსუბუქება და ა/მანქანა „მერსედესის“ შ. ფ-ის მეუღლისათვის – ქ. თ-სათვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ შ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ლ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა ითხოვა უკანონო და დაუსაბუთებელი, ზედმეტად მკაცრი განაჩენის გაუქმება, ა/მანქანა „მერსედესის“ შ. ფ-ის მეუღლისათვის გადაცემა და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი შ. ფ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის, შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ იზიარებს ადვოკატ გ. ლ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს ზედმეტად მკაცრი განაჩენის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
პალატა თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შ. ფ-ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან, ხოლო რაც შეეხება სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა შ. ფ-ის როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა, რომელსაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი არ არის მკაცრი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
Aამასთან, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი შ. ფ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე. მსჯავრდებულის მეუღლის ქ. თ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა მასალები, რომლის თანახმადაც სახელმწიფოსთვის გადაცემული ავტომანქანა ,,მერსედესი» შესყიდულ იქნა მისი სახსრებით და მხოლოდ იმიტომ გაფორმდა შ. ფ-ის სახელზე, რომ იგი იმ დროს, სამუშაოდან გამომდინარე, ვერ ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები ქონების, კერძოდ ავტომანქანა «მერსედესის» ჩამორთმევის ნაწილში და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ შ. ფ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი შ. ფ-ის მიმართ და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.