ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2006აპ ქ. თბილისი
12 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე რ. ტ-სა და ვ. ჯ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით რ. ტ-ძე, _ დაბადებული ..... წლის ........, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, და ვ. ჯ-ძე, _ დაბადებული ..... წლის ....., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 273-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინეს ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა, ასევე _ მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.
რ. ტ-სა და ვ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 25 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ რ. ტ-ს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მიღებისათვის დაადო ადმინისტრაციული სახდელი _ ჯარიმა 75 ლარის ოდენობით. აღნიშნულის მიუხედავად, მან 2006 წლის 21 მარტს უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება. იგი იმავე დღეს, 20 საათზე, დააკავეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ქ. თბილისში, „ელიავას” ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადაიყვანეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც, ექსპერტიზის ¹977\24 დასკვნის თანახმად, დაუდგინდა „ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.
მანვე 2006 წლის 31 ოქტომბერს კვლავ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება. იგი იმავე დღეს, 12.20 საათზე, დააკავეს თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. ¹17-თან და გადაიყვანეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც, ექსპერტიზის ¹536416\24 დასკვნის თანახმად, დაუდგინდა „ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.
2006 წლის 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ვ. ჯ-ს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მიღებისათვის დაადო ადმინისტრაციული სახდელი _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის მიუხედავად, ვ. ჯ-ძე 2006 წლის 29 ნოემბერს ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა. იგი იმავე დღეს შეამოწმეს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც, გამოკვლევის ¹533 დასკვნის თანახმად, დაუდგინდა „ბუპრენორფინის”, „ტეტროჰიდროკანაბინოლისა” (მარიხუანა) და ოპიუმის ჯგუფის შემცველი ნარკოტიკული საშუალებების მიღების ფაქტი.
2006 წლის 29 ნოემბერს ვ. ჯ-ძე და რ. ტ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს, ყაჩაღური თავდასხმის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთს. იმავე დღეს, დაახლოებით 16 საათზე, ქ. თბილისში, ს. ჩიქოვანის ქ. ¹20-თან მათ შენიშნეს თავიანთი მეგობარი გ. დ-ი, რომელიც იჯდა მამის _ გ. დ-ს სახელზე რეგისტრირებულ, „ბმვ-318” მარკის ავტომანქანაში. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი ჩასხდნენ გ. დ-ს მართვის ქვეშ მყოფ მანქანაში, რ. ტ-ძე _ უკანა სავარძელში, ხოლო ვ. ჯ-ძე _ წინ, მძღოლის გვერდით. რ. ტ-ძემ _ დანის გამოყენებით განხორციელებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ხოლო ვ. ჯ-მ _ სიტყვიერი მუქარით, გ. დ-ს მოსთხოვეს ავტომანქანის გადაცემა და აიძულეს, გადასულიყო მანქანიდან; ამავე დროს მას წაართვეს ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, რის შემდეგაც გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან, რითიც გ. დ-ს მიაყენეს 9 ათასი ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის რ. ტ-სა და ვ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განესაზღვრათ 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით _ 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მათ საბოლოოდ განესაზღვრათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2006 წლის 29 ნოემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. ჯ-მ და მსჯავრდებულ რ. ტ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჰ. ბ-მა.
მსჯავრდებულმა ვ. ჯ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა მისთვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ამორიცხვა, ხოლო ადვოკატმა ჰ. ბ-მა _ განაჩენის გაუქმება რ. ტ-სათვის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მსჯავრდებულებმა და მათმა ადვოკატებმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა და ითხოვეს სასჯელების შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული რ. ტ-ძე საკასაციო საჩივრით აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს; აღნიშნავს, რომ პირველადაა სამართალში; ჰყავს ასაკოვანი მშობლები და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ რ. ტ-მ და ვ. ჯ-მ ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის დაზარალებულ გ. დ-ს, მოწმეების _ ნ. მ-ს, კ. ხ-ის, მ. წ-ის, ნ. ბ-ის, ზ. მ-ის, თავად მსჯავრდებულთა მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებები და ამოღების ოქმი.
პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა.
მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით მათთვის დანიშნული სასჯელები ვერ ჩაითვლება მეტისმეტად მკაცრად და, შესაბამისად, აშკარად უსამართლოდ, ამ სასჯელების შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მხოლოდ “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მსჯავრდებულებს უნდა გაუნახევრდეთ სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულებს _ ვ. ჯ-სა და რ. ტ-ს გაუნახევრდეთ სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები _ 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროთ 3-3 (სამ-სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
რ. ტ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა; ვ. ჯ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.