ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹2121აპ ქ. თბილისი
29 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მაისის განაჩენით თ. მ-ი, _ დაბადებული .....წლის ......., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება და გამოყენება; ასევე _ თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებისა და ქონებრივი უფლების მიღების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ. მ-ი დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობებს _ თ. ბ-სა და გ. ბ-ს და მათთან ერთად განიზრახა, თაღლითური გზით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვის ქონებრივ უფლებას.
ამ მიზნით 2006 წლის 19 ოქტომბერს იგი მივიდა ქ. თბილისში, ..... ქ. ¹.....-ში მდებარე ინდმეწარმე „.....“ ბინების ყიდვა-გაყიდვისა და სესხების საშუამავლო ოფისში, სადაც შეხვდა აღნიშნული ოფისის კურიერ გ. ა-ს, რომლისგანაც შეიტყო, რომ ვინმე ნ. ზ-ს სურდა თავისი კუთვნილი 13 ათასი აშშ დოლარის გასესხება ყოველთვიურად გარკვეული სარგებლის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნულის შემდეგ თ. მ-ი, განზრახული ჰქონდა რა სხვისი ქონებრივი უფლების თაღლითური გზით დაუფლება ვინმე გ. ბ-თან ერთად, 2006 წლის 24 ოქტომბერს გ. ა-ს მეშვეობით დაუკავშირდა და შეხვდა ნ. ზ-ს, რა დროსაც თ. მ-მა, ნდობის გამოყენების მიზნით, მიიყვანა ეს უკანასკნელი გ. ბ-თან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფ ქ. კეკელიას საცხოვრებელ ერთოთახიან ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, ...........-ში, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ, ერთი მხრივ, ნ. ზ-ი გადასცემდა მათ 13 ათას აშშ დოლარს, ხოლო, მეორე მხრივ, თ. მ-ი და გ. ბ-ი, სესხის უზრუნელყოფის მიზნით, აღნიშნულ ბინას ნოტარიალურად იპოთეკის წესით დაუტვირთავდნენ.
2006 წლის 25 ოქტომბერს თ. მ-ი თ. ბ-სთან ერთად მივიდა ქ. თბილისში, ლესელიძის ქ. ¹4-ში მდებარე სანოტარო ბიუროსთან, სადაც მას შეხვდა გ. ა-ა, რომელსაც თ. ბ-აძე გაეცნო, როგორც გ. ბ-ს მეუღლე ქ. კ-ა და გადასცა სანოტარო აქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და აგრეთვე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ქ. კ-ს სახელზე ყალბად დამზადებული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც ჩაკრული იყო თ. ბ-ის ფოტოსურათი. მას შემდეგ, რაც გ. ა-ა დარწმუნდა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ნამდვილად ეკუთვნოდა მის წინ მდგომ ვითომდა ქ. კ-ს, მან აღნიშნული დოკუმენტები სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით გასაფორმებლად წარუდგინა ქ. თბილისში, ლესელიძის ქ. ¹4-ში მომუშავე ნოტარიუს ელისო შიხიაშვილს, რომელსაც საბუთების შემოწმებისას ეჭვი შეეპარა პირადობის მოწმობის ნამდვილობაში, რის გამოც მან გამოიძახა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც აღკვეთეს თ. ბ-სა და მისი თანმხლები თ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომლითაც დაზარალებულ ნ. ზ-ს მიადგებოდა 13 000 აშშ დოლარის, ე.ი. 22 750 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით, ხოლო სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, თ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 25 ოქტომბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და ითხოვა გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამასთან, განაჩენი შეიცვალა: თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
კასატორი _ მსჯავრდებული თ. მ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
არასწორადაა შერაცხული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება, რადგან გამოძიება ტენდენციური და ცალმხრივი იყო; დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე წარადგინა თ. ბ-ს სახელზე გაცემული სანოტარო აქტი _ მინდობილობა, აღებული 2006 წლის 18 ოქტომბერს და დამოწმებული ნოტარიუს ეკა მსხილაძის მიერ, რაც ადასტურებს, რომ თ. ბ-მ არაერთჯერადად გამოიყენა თავისი სურათით დამზადებული გაყალბებული პირადობის მოწმობა; ამ მინდობილობის საფუძველზე ამჟამად ძებნილმა გ. ბ-მა შეძლო საჯარო რეესტრისა და ყადაღის ცნობის ოფიციალურად აღება; ამის გამო დაცვის მხარე ითხოვდა ნოტარიუს ე. მსხილაძის დაკითხვას, რაც დაადასტურებდა თ. მ-სათვის ამ ბრალდების უკანონოდ წარდგენას; ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, არ დგინდება თ. მ-ს მიერ შესრულებული ხელმოწერის ან ჩანაწერის იდენტურობა ყალბ პირადობის მოწმობასთან.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ე.წ. „აღიარებით ჩვენებას”, ის მიღებულია მოტყუებით, გამომძიებლების მიერ ცრუ დაპირებებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ; დაზარალებულ ნ. ზ-სა და მოწმე ზ-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ თ. მ-ს მათთან შეთანხმება და რაიმე საუბარი არ ჰქონია, მხოლოდ შუამდგომლობა გაუწია გ. ბ-ს საშუამავლო ფირმაში თავის ნაცნობებთან, რათა ამ უკანასკნელს დაეგირავებინა ბინა და მისთვის დაებრუნებინა ვალი _ 7000 აშშ დოლარი; გ. ბ-ი მალე დააკავეს, ხოლო თ. მ-ი ორი შვილით აღმოჩნდა ქუჩაში; მისთვის წაყენებული ბრალი თაღლითობის მცდელობაში არ დასტურდება არც დაზარალებულის და არც _ მოწმეების ჩვენებებით, მაშინ გაუგებარია, რაში გამოიხატება მისი მხრიდან ვინმეს მოტყუება დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით; არავინ დაინტერესდა იმით, თუ ვის უნდა აეღო გირავნობის დროს მიღებული, ე.წ. „თაღლითური გზით გამოძალული დიდი ოდენობით” თანხა, თუ არა _ თ. ბ-ს, რომელიც ყველა ინსტანციაში მოქმედებდა გაყალბებული პირადობის მოწმობით.
კასატორის აზრით, მისთვის წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა, უკანონოა, არ დასტურდება მტკიცებულებებით და ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს; სასამართლომ, გარდა აღნიშნულისა, არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები _ იგი არის მარტოხელა დედა, ჰყავს ორი შვილი და მთელი სიმკაცრით დაისაჯა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული თ. მ-ი ითხოვს მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და სიმართლის დადგენას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის დაზარალებულ ნ. ზ-ის, მოწმეების _ მ. ზ-ს, ე. შ-ის, გ. ა-ს, თ. გ-სა და თ. ბ-ს ჩვენებებით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უდავოდ დადგენილია, რომ თ. მ-მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ დარღვეულა, ხოლო მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული.
ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების სიმძიმისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით თ. მ-სათვის დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო, მისი განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ თ. მ-ს ჰყავს ორი შვილი. ამასთან, მსჯავრდებულს მე-19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ უნდა შეიცვალოს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მსჯავრდებულს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ თ. მ-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და საბოლოოდ თ. მ-ს განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.