ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 29.04.2008
საქმის ნომერი
2კ-2124აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.04.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

29 აპრილი, 2008 წელი

2124აპ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. კ-იძე, _ დაბადებული .... წელს ხელვაჩაურის რაიონში, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ......., ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულთა ჩადენისათვის, როგორიცაა სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით და თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რის შედეგადაც საბოლოოდ მსჯავრდებულ ჯ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი) ათასი ლარის ოდენობით.

განაჩენის მიხედვით, ჯ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ჯ. კ-ძე, გასამართლებული იყო რა 2000 წლის 22 ივლისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და შეფარდებული ჰქონდა პირობითი მსჯავრი, არ დაადგა გამოსწორების გზას და გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ: ჯ. კ-ძე ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ....-ში, ნ. დ-ის ბინაში ქირით. 2005 წლის 29 ივლისს დაუდევრობით, რაც გამოიხატა იმაში, რომ სამზარეულოში არსებული მაცივარი ელექტროქსელში ჩართული ჰქონდა არასწორად, დაზიანებულ შტეფსელში, ხანძარი გაუჩნდა მაცივრის სადენს და იქიდან გავრცელდა სამზარეულოში არსებულ ნივთებზე, რა დროსაც დაზიანდა სამზარეულოს მოპირკეთება და განადგურდა ნივთები, რითაც დაზარალებულ ნ. დ-ს მიაყენა 850 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2005 წლის 30 აგვისტოს ჯ. კ-ძე დაუკავშირდა ნ. დ-ს და სთხოვა, რომ დაეტოვებინა იგი მის ბინაში, შეეძინა სამშენებლო მასალები მისივე ხარჯებით და გაერემონტებინა ბინა, რომლის ხარჯებს ყოველთვიურად აუნაზღაურებდა, რაზედაც ნ. დ-ძე დათანხმდა. ისინი მივიდნენ მაღაზიაში ტაქსით, სადაც ნ. დ-მ შეიძინა 100 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო მასალა და ტაქსითვე გაატანა ჯ. კ-ს. ამ უკანასკნელმა, ისარგებლა რა ნ. დ-ს ნდობით, წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად დაბრუნდა იმავე მაღაზიაში. მათ უკან დააბრუნეს ნ. დ-ს კუთვნილი თანხით შეძენილი სამშენებლო მასალები, დაიბრუნეს მაღაზიისათვის ნ. დ-ის მიერ გადახდილი 100 აშშ დოლარი, თაღლითურად მიითვისეს იგი და მიიმალნენ, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. კ-ს დამცველმა, ადვოკატმა დ. კ-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას შემდეგი მოტივებით:

ჯ. კ-ძე აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან; იგი ხასიათდება დადებითად, არის ორი მცირეწლოვანი შვილის მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი; მისი ოჯახი განიცდის მძიმე მატერიალურ სიდუხჭირეს; მართალია, ის წარსულში ნასამართლევია, მაგრამ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. კ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისა და დანიშნული სასჯელის ნაწილში დატოვა უცვლელად, ამასთან, მას მოხდილი სასჯელის ვადაში ჩაუთვალა 2004 წლის 17 ივლისიდან 22 ივლისამდე მისი დაკავების დრო _ 5 (ხუთი) დღე.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია აღნიშნული განაჩენით მისთვის შერაცხული დანაშაული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ჯ. კ-ს მიმართ და შეამოწმა მისი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო საქმის ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს სწორად არ დაუდგენია და არ შეუფასებია, ვინაიდან საქმეშია სასამართლო სხდომაზე ჯ. კ-ის მიერ მიცემული ჩვენება, რომელშიც იგი დეტალურად აღწერს თავის მიერ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებს, რასაც ადასტურებს დაზარალებულ ნ. დ-სა და მოწმეთა ჩვენებები, ხოლო აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა არ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით სწორად არის დადგენილი ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებიც ჯ. კ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულს შეეხება, სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურებულია მისი ბრალეულობა ჩადენილ ქმედებაში. ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ ჯემალ კონცელიძეს ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით შეუფარდა სამართლიანი სასჯელი.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. კ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მოქმედება. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს წინა განაჩენითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მისთვის განსაზღვრული სასჯელის _ 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდისაგან იმ პირობით, თუკი აღნიშნული ჯარიმა ჯ. კ-ს არ გადაუხდია მის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რადგან „ამნისტიის შესახებ“ იმავე კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმაზე, რომელიც დანიშნული იყო ძირითადი სასჯელის სახით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება მსჯავრდებულ ჯ. კ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებული ჯ. კ-ძე „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მისთვის განსაზღვრული სასჯელის _ 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის _ 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდისაგან, თუკი მას აღნიშნული ჯარიმა არ გადაუხდია ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი განაჩენების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

მსჯავრდებულ ჯ. კო-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ჯ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.