განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2138აპ ქ. თბილისი
4 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. პ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის განაჩენით რ. ა-ი, _ დაბადებული ..... წლის ........, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით იმაში, რომ არაერთგზის ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ. ა-ი 2004 წლის მარტიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქობულეთის განყოფილების ჩაქვის ქვეგანყოფილების უფროსად და იყო მოხელე. აღნიშნულ ქვეგანყოფილებაში 2005 წლის 1 მარტს უფროს ინსპექტორად დაინიშნა მ. ჯ-ძე. რ. ა-ს ჰქონდა მ. ჯ-საგან გამორჩენის მიღების განზრახვა და მოსთხოვა ყოველთვიურად, ხელფასის აღების შემდეგ 25-30 ლარის გადაცემა, თითქოსდა ქვეგანყოფილების სხვადასხვა ხარჯის ასანაზღაურებლად. რ. ა-ი ყოველი თვის ბოლოს კატეგორიულად სთხოვდა დაზარალებულს აღნიშნულ თანხას. მ. ჯ-ძე იძულებული იყო, 2005 წლის მარტიდან რ. ა-სათვის გადაეცა ფული, რადგან გააცნობიერა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უშუალო უფროსი შეუქმნიდა სამსახურებრივ პრობლემებს.
2006 წლის ნოემბრის ბოლოს, იცოდა რა, რომ მ. ჯ-ს უნდა მიეღო ხელფასი, რ. ა-მა მას კვლავ მოსთხოვა თანხის გადახდა და გამოართვა 25 ლარი, რაც წინასწარ დამუშავდა ქიმიური ხსნარით. აღნიშნული თანხა პირადი ჩხრეკისას ამოუღეს რ. ა-ს. ყოველივე დაფიქსირდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით.
აღნიშნული ქმედებისათვის რ. ა-ს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 30 ნოემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა შ. პ-მ. მათ მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორები _ მსჯავრდებული რ. ა-ი და მისი ადვოკატი შ. პ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
რ. ა-ი თავიდანვე წინააღმდეგი იყო, რომ მ. ჯ-ძე დაენიშნათ ჩაქვის ქვეგანყოფილებაში, რადგან იგი არ იყო პროფესიონალი და ვერ შეძლებდა თავისი მოვალეობების სათანადოდ შესრულებას. აღნიშნული გარემოება რამდენიმე თვეში დადასტურდა და რ. ა-ის წარდგინების საფუძველზე მ. ჯ-ძე თანამდებობიდან დააქვეითეს, რის გამოც განაწყენდა. გადაცემული თანხა მ. ჯ-ს ნასესხები ჰქონდა, რადგან სამსახურებრივ საქმეზე უნდა ჩასულიყო ქუთაისში და ფული არ ჰქონდა. სასამართლომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.
კასატორთა აზრით, წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარდა არასრულად და ცალმხრივად, არ დაკითხულან ჩაქვის პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომლები, რომელთა ჩვენებებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
რ. ა-მა სასამართლოს განუმარტა, რომ თავისი წარდგინების საფუძველზე მ. ჯ-ძე დააქვეითეს, გადაიყვანეს ინსპექტორის თანამდებობაზე, რის გამოც განაწყენდა. მ. ჯ-ძე იძიებდა სისხლის სამართლის საქმეს, რომელთან დაკავშირებით ორჯერ ჩავიდა ქუთაისში. გამგზავრებისას მას ფული არ ჰქონდა და თანამშრომლებს სთხოვდა _ ხელფასის აღებამდე მასესხეთო, მაგრამ უარი უთხრეს. რ. ა-მა მ. ჯ-ს ხელფასის აღებამდე 25 ლარი ასესხა. მთლიანობაში მ. ჯ-ს უნდა დაებრუნებინა 50 ლარი, რადგან ადრე ამ უკანასკნელმა რ. ა-ს დახმარებით იქვე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე უფასოდ მიიღო ბენზინი. შემთხვევის დღეს მასთან მივიდა მ. ჯ-ძე და მისცა 25 ლარი. რ. ა-მა იფიქრა, რომ მ. ჯ-ს ბენზინის ვალი დაავიწყდა და გარეთ გავიდა, რა დროსაც დააკავეს. ჩაქვის პოლიციის ქვეგანყოფილებას ყოველთვიურად გამოყოფილი ჰქონდა 300 ლიტრი ბენზინი, რაც არ იყო საკმარისი და მუდმივად არსებობდა ბენზინგასამართი სადგურის ვალი (ტ. 1, ს.ფ. 125; 128).
დაზარალებულმა მ. ჯ-მ სასამართლოში განაცხადა, რომ პოლიციის უფროსი რ. ა-ი თავის ყველა თანამშრომელს ყოველი ხელფასიდან ართმევდა 20-25 ლარს, ეუბნებოდა _ პოლიციას ხარჯი აქვს და ამისთვის ვკრებთო (ტ. 1, ს.ფ. 120).
მსჯავრდებულის ადვოკატმა ორივე ინსტანციის სასამართლოში იშუამდგომლა ჩაქვის პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომელთა დაკითხვის შესახებ. მისი განცხადებით, ეს პირები დაადასტურებდნენ, რომ მ. ჯ-მ მომხდარის წინა დღეებში ისესხა თანხა რ. ა-საგან. მათი დაკითხვით ასევე გაირკვევოდა, მართლაც ართმევდა თუ არა რ. ა-ი თავის თანამშრომლებს ფულს ყოველი ხელფასის აღების დროს (ტ. 1, ს.ფ. 123; ტ. 2, ს.ფ. 23).
მიუხედავად ამ შუამდგომლობების საფუძვლიანობისა, სასამართლომ ისინი არ დააკმაყოფილა, რითაც დაარღვია სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, საქმის გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური. მსჯავრდებულისა და მისი დამცველის ყველა განცხადება უდანაშაულობის და სხვა გარემოებათა შესახებ გულდასმით უნდა შემოწმდეს. ამავე კოდექსის 468-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ გარემოებები, რომელთა დასადგენადაც განცხადებულია შუამდგომლობა, შეიძლება საქმისათვის მნიშვნელოვანი იყოს, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას.
მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ დასახელებული პირების დაკითხვას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ისეთი დარღვევები, რამაც ხელი შეუშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს მსჯავრდებულის არა მხოლოდ მამხილებელი, არამედ გამამართლებელი გარემოებანი, რის შემდეგ მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. პ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი რ. ა-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.