განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 08.05.2008
საქმის ნომერი
2კ-2140აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.05.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

2140აპ ქ. თბილისი

8 მაისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ჯ. შ-სა და ი. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს განაჩენით:

გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით ლ. გ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.

ლ. გ-ა, _ დაბადებული .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ლ. გ-ს მიმართ 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეიკრიბა მთლიანად და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით ლ. გ-ს მსჯავრი დაედო მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლაში, პირადი მოტივით მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 25 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის _ ბ. შ-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის ¹8307364 საქმეზე ლ. გ-ია დაიკითხა მოწმის სახით, რომელმაც აჩვენა, რომ მისი ბიძაშვილის _ ვ. გ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ვ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ს-მ მათ თითქოსდა საქმის ,,მოსაგვარებლად” მოსთხოვა 4000 ლარი. საბოლოოდ შეთანხმდნენ რა 3000 ლარის გადახდაზე, ლ. გ-მ ბიძის _ გ. გ-ს თანდასწრებით, აღნიშნული თანხა გადასცა ადვოკატ პ. ს-ს. ლ. გ-მ 2007 წლის 26 ივლისს გამომძიებელ ბ. შ-ს მიერ დამატებითი დაკითხვის დროს შეცვალა 2007 წლის 25 ივლისს თავის მიერ მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მას და მის ბიძას, ადვოკატ პ. ს-სათვის 3000 ლარი არ მიუციათ, ვინაიდან მას ამგვარი მოთხოვნა არ ჰქონია.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ლევან გვაგვალიას ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ჯ. შ-ა და ი. შ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ლ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; განაჩენი გამოტანილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის გარეშე, ცალმხრივად, არასრულად ჩატარებული წინასწარი და სასამართლო გამოძიების საფუძველზე ქმედების არასწორი კვალიფიკაციით; განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განაჩენი ძირითადად ეყრდნობა 2007 წლის 25 ივლისს ლ. გ-ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმსა და 2007 წლის 26 ივლისს ლ. გ-ს მოწმის სახით დამატებითი დაკითხვის ოქმს (ტ.1.ს.ფ.11-13).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ ქვეყნდება წინასწარი გამოძიების დროს საქმისათვის დართული წერილობითი მტკიცებულებები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე. სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

საქმის ის მასალები, რომლებსაც დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, სასამართლო სხდომაზე არ გამოქვეყნებულა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი მოთხოვნის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დაედოს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა მონაწილეობითა და კანონით დადგენილი წესების დაცვით იყო გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ზემოაღნიშნული ფუნდამენტური პრინციპებია დარღვეული, რაც წარმოადგენს არსებით საპროცესო დარღვევას და რამაც გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის კანონიერების თვალსაზრისით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, ხოლო ეს უკანასკნელი წარმოადგენს განაჩენის გაუქმების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული გარემოებები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ “ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი ლ. გ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.