ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2190აპ ქ. თბილისი
8 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივლისის განაჩენით ზ. პ-ი, _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დაენიშნა იძულებითი მკურნალობა ნარკომანიისაგან განკურნების მიზნით.
განაჩენით მსჯავრდებულ ზ. პ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით ზვიად პლაჭიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის.
მიუხედავად ამისა, მან ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ექიმის დანიშნულების გარეშე, კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: 2006 წლის 25 დეკემბერს ახალციხის რაიონული პროკურატურის მიერ ზ. პ-ი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. აღნიშნული საქმე 2007 წლის 20 თებერვალს საბრალდებო დასკვნით გაიგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვის მიზნით.
მანვე, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: 2007 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 10.30 საათზე, საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა ¹115-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს ზ. პ.-ი, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმებით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.
ზ. პ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ, გასაღების მიზნით, შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 1,2910 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რასაც უკანონოდ ინახავდა. 2007 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 10.30 საათზე, საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა ¹115-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს ზ. პ-ი, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობის გამო, კანონით დადგენილი წესით, ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,2910 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
2006 წლის 5 თებერვალს ქ. თბილისში, წითელი ხიდის მე-16 კილომეტრზე, საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მე-11 სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორმა ხ. კ-მა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გააჩერა ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი“ სარეგისტრაციო ნომრით ......., რომელსაც მართავდა ზ. პ-ი. პატრულ-ინსპექტორმა გამოწერა საჯარიმო ქვითარი აა ¹130863. აღნიშნული ქვითარი 2006 წლის 17 თებერვალს შესასრულებლად დაეწერა სამცხე-ჯავახეთის მე-2 სამმართველოს საგამოცდო-სარეგისტრაციო და ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის ინსპექტორ გ. ლ-ს, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მართვის მოწმობა ბადებდა ეჭვს, რომ იგი, სავარაუდოდ, იყო ყალბი.
2006 წლის 26 თებერვალს „ლილოს“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა რ. წ-მა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გააჩერა ავტომანქანა ,,მერსედეს-ბენცი”, სარეგისტრაციო ნომრით ....., რომელსაც მართავდა ზვიად პლაჭიაშვილი. პატრულ-ინსპექტორმა გამოწერა საჯარიმო ქვითარი აა¹145186. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ზ. პ-ის სახელზე გაცემული მძღოლის მოწმობა ¹0012086, სავარაუდოდ, იყო ყალბი.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2006 წლის 31 მაისის ¹609/დტ დასკვნის თანახმად, ზ. პ-ის სახელზე გაცემული მძღოლის მოწმობა, სერიით ¹0012086, დამზადებულია კუსტარულად, ასლგადამღები ტექნიკის გამოყენებით.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ზ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ნარკომანიისაგან განკურნების მიზნით იძულებითი მკურნალობის შეფარდების შესახებ.
მსჯავრდებულ ზ. პ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. შ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ზ. პ-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი; საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ზ. პ-მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები. კასატორი ალტერნატიული მოთხოვნის სახით შუამდგომლობს სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების _ ზ. გ-ს, რ. დ-ის, დ. ბ-ის, თ. პ-ის ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2007 წლის 4 თებერვლის ¹157/სქ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2007 წლის 3 თებერვლის ¹567 გამოკვლევის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით მსჯავრდებულ ზ. პ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა დადასტურებულია.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მას განუსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. პ-ს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, უნდა გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ ზ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 273-ე მუხლით საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, “დ” ქვეპუნქტებით, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტით, სსსკ-ის 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
“ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ ზ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 273-ე მუხლით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.