შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2193აპ 29 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ზ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი. ნ-ს, ხ. ხ-სა და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ლ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც გ. ვ. და ზ. ფ. ცნობილ იქნენ ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის «ბ» და «ე» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო ზ. ფ., ასევე სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის განაჩენით:
გ. ვ, _ დაბადებული ---- წელს, ქართველი, ,ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, ბახტრიონის -- კორპუსში, ბინა ¹---ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის «ბ» (მოქმედი რედაქცია) და 179-ე მუხლის II ნაწილის «ე» (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ფ., _ დაბადებული ---- წელს, , ნასამართლევი, რეგისტრირებული ქ. ს--ში, რუსთაველის ¹----ში, ბინა ---ში, ფაქტობრივად მცხოვრები რუსთავში, ნინოშვილის ქ. ¹---ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის «ბ» (მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის II ნაწილის «ე» (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის I, II ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შეკრების პრინციპით, მას სასჯელად განესაზღვრა 14 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ისინი სასჯელს იხდიან 2005 წლის 7 აგვიტსოდან.
განაჩენით გ. ვ-სა და ზ. ფ-ს მსჯავრი დაედოთ ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ ნასამართლევია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
ზ. ფ-ს, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის.
აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
თბილისის სამხედრო სასამართლოს 1997 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ზ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I პუნქტით და 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I პუნქტით (1961 წლის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის განაჩენით _ საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I და IV პუნქტებით, სსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის პერიოდში ზ. ფ-მა კვლავ ჩაიდინა დანაშაული, რისთვისაც 2002 წლის 8 თებერვლის თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის II ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 21 ნოემბრის განაჩენით გ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის III ნაწილითა და 238-ე მუხლის პირველი ნაწილით (1961 წლის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის და სასჯელად განესზაღვრა _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1998 წლის 12 ნოემბერს სამგორის რაიონის სასამართლოს მიერ _ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის II ნაწილით, 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით, 212-ე, 236-ე და 243-ე მუხლებით და სასჯელად განესაზღვრა _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მიუხედავად აღნშინულისა, 2005 წლის 6 აგვისტოს ზ. ფ-მა და გ. ვ-მ განიზარხეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ რომელიმე მოქალაქის პირად ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ თბილისში, მოსკოვის გამზირზე გააჩერეს «ოპელ-ომეგას» მარკის ავტომანქანა, კერძო ტაქსი, სახ. ¹----- და მძღოლს _ ხ. ძ-ს სთხოვეს ბ. ხმელნიცკის ქუჩაზე გაყვანა, რაზედაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. ბ. ხმელნიცკის ქუჩაზე მისვლისას ხ. ძ.-ს ¹-- კორპუსის უკან გააჩერებინეს ავტომანქანა, რა დროსაც ზ. ფ-მა ამოიღო მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი «ვოლტრა-პროფესიონალის» მოდელის უნომრო ატიპიური პისტოლეტი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, კეფის არეში მიაბჯინა ხ. ძ-ს და მოთხოვეს ფული და პირადი ნივთები, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაემუქრნენ მოკვლით. მათი მუქარა ხ. ძ-მა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალურ საფრთხედ აღიქვა და თავდამსხმელებს გადასცა «სონი-ერიქსონის» ფირმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 50 ლარის ოდენობით. გ. ვ. და ზ. ფ. ცდილობდნენ რა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს თანამშრომლებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ისინი და დააკავეს, რა დროსაც გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი, ხ. ძ-ს ფულადი თანხა და «სონი-ერიქსონის» ფირმის მობილური ტელეფონი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. ლ-მ და მსჯავრდებულმა _ ზ. ფ-მა და გ. ვ-მ.
აპელანტი _ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ. ლ. მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენი არის ლმობიერი, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულების პიროვნებებს და ითხოვა მსჯავრდებულებს _ ზ. ფ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს _ 20 წლით, ხოლო გ. ვ-ს _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აპელანტი მსჯავრდებულები _ ზ. ფ. და გ. ვ. საჩივარში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული განაჩენი არის უკანონო, მათ არანაირ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თავდასხმის დროს იმყოფებოდნენ სხვაგან და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ზ. ფ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ი. ნ-მა, ხ. ხ-მ და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. ლ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულების ადვოკატები _ ი. ნ. და ხ. ხ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებას, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად მსჯავრდებულების გამართლებასა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტას.
პროკურორი ზ. ლ. საჩივრით ითხოვს ლმობიერების მოტივით თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის მისი გამკაცრების მიზნით და ზ. ფ-სათვის _ 20 წლით, ხოლო გ. ვ-სათვის _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ იზიარებსმსჯავრდებულების ადვოკატების _ ი. ნ-სა და ხ. ხ-ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნას უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩნის გაუქმების, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად მსჯავრდებულების გამართლებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
პალატა არ ეთანხმება გ. ვ-ს ადვოკატის _ ი. ნ-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს გ. ვ-ს უდანაშაულობა მტკიცდება დაზარალებულ ხ. ძ-ს ჩვენებით, სადაც იგი აღნიშნავს, რომ დამყაჩაღებლების აღწერილობა არ ემთხვევა გ. ვ-სა და ზ. ფ-ს აღწერილობას. სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებმა ფსიქიკური ზეწოლით აიძულეს იგი მიეცა ყალბი ჩვენება, რაც დაზარალებულმა განაცხადა სასამართლოში საქმის განხილვისას. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულების მხრიდან არავითარი მუქარის წერილი არ მიუღია და გ. ვ-სა და ზ. ფ-ს იგი არ დაუყაჩაღებიათ.
პალატა, ასევე არ ეთანხმება ზ. ფ-ს ადვოკატის _ ხ. ხ-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, საქმე განხილულია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, სასამართლო სხდომაზე არ ჩატარებულა საქმის გარემოებათ ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა, სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა ცალმხრივად, წინასწარი და სასამართლო გამოძიების დასკვნები აშკარად შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.
პალატა, ასევე არ იზიარებს პროკურორ ზ. ლ-ს საჩივრის მოთხოვნას ლმობიერების მოტივით თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების, საქმის დაბრუნების ხელახალი სასამართლო განხილვისათვის მისი გამკაცრების მიზნით და ზ. ფ-სათვის _ 20 წლით, ხოლო გ. ვ-სათვის _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: 2005 წლის 7 აგვისტოს პირადი ჩხრეკის ოქმებით, 2005 წლის 7 აგვისტოს ამოღების ოქმით, ნივთმტკიცებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების _ გ. მ-ს, ა. ნ-ს, მ. კ-ს, გ. გ-ს, კ. ნ.ც-ს ჩვენებებით, დაზარალებულ ხ. ძ-ს ჩვენებით და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულებისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 21 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებული გ. ვ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 1997 წლის 7 ნოემბერს, შეწყალების აქტის საფუძველზე, ხოლო თბილისის სამხედრო სასამართლოს 1997 წლის 18 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებული ზ. ფ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 1999 წლის 24 მაისს, ასევე შეწყალების აქტის საფუძველზე. იმ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რომლებითაც გ. ვ-ს და ზ. ფ-ს მსჯავრი დაედოთ წარმოადგენენ მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ გ. ვ-მ და ზ. ფ-მა ხ. ძ-ზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს 2005 წლის 6 აგვისტოს. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის III და VI ნაწილების საფუძველზე: ,,მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება _ სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ, ხოლო გაქარწყლებული ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.»
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებს პირველი ნასამართლობები გაქარწყლებული აქვთ და შესაბამისად გ. ვ-ს და ზ. ფ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტიდან (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე.
პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, გ. ვ-ს და ზ. ფ-ს მიმართ სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული სასჯელები უნდა შემცირდეს 6-6 თვით და გ. ვ-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზ. ფ-ს – 14 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. N
.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ზ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი. ნ-ს, ხ. ხ-სა და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ლ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების გ. ვ-სა და ზ. ფ-ს სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:
გ. ვ-სა და ზ. ფ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტიდან (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტზე (მოქმედი რედაქცია).
გ. ვ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზ. ფ-ს – 14 წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.