ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2195აპ ქ. თბილისი
8 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გიორგი სანიკიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ამბროსი ჭეიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივნისის განაჩენით:
გ. ს-ძე, _ დაბადებული .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ჯ. ზ-ა, _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1000 ლარის ოდენობით;
რ. კ-ი, _ დაბადებული ....... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 აგვისტოს დადგენილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივნისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შევიდა დაზუსტება, კერძოდ, მსჯავრდებულ ჯ. ზ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2006 წლის 18 დეკემბრის 23 საათი და 55 წუთიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების _ გ. ს-ის, ჯ. ზ-სა და რ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ჯ. ზ-ა დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ სამ პირს და განიზრახა ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2006 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 19.30 საათზე, გამოძიებით დაუდგენელმა ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, გააჩერა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა სახ. ¹....., რომელსაც მართავდა მოქალაქე ო. ხ-ი და სთხოვა მას გლდანის მასივში, კერძოდ, გმირ კურსანტთა ქუჩაზე მდებარე პოლიციის აკადემიასთან წაყვანა, რის შემდეგაც ჩაჯდა მანქანის სალონში მძღოლის გვერდზე არსებულ სავარძელში. ქერჩის ქუჩაზე მდებარე პოლიციის აკადემიის ეზოში მან გააჩერებინა ო. ხ-ს ა/მანქანა, აქ მათ დახვდა ჯ. ზ-ა კიდევ ორ ბოროტმოქმედთან ერთად, რომლებმაც წინასწარი შეთანხმებისამებრ, იარაღების დემონსტრირებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის _ მოკვლის მუქარით ო. ხ-ი ძალით გადაიყვანეს მანქანიდან. ჯ. ზ-მ თანამზრახველებთან ერთად გააგრძელა თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა და დაზარალებულ მოქალაქეს იქვე მდებარე შენობის ნანგრევების ერთ-ერთ ოთახში, სადაც მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, „სკოჩით“ გაუკრეს ხელები, აუხვიეს თვალები და ქურთუკის ჯიბიდან ამოაცალეს ა/მანქანის ტექნიკური პასპორტი, მართვის მოწმობა, თანხა 70 ლარის ოდენობით და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც ჯ. ზ-ს თანამზრახველი სამი ბოროტმოქმედი ო. ხ-ს კუთვნლი „მერსედესის“ მარკის ა/მანქანით გაემგზავრა გაურკვეველი მიმართულებით, ხოლო იგი დარჩა ო. ხ-თან მის დასაშინებლად.
იმისათვის, რათა დაზარალებულს არ განეცხადებინა მომხდარი დანაშაულის შესახებ, მას ჯ. ზ-მ თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა თანნაქონი იარაღის ტარი, პერიოდულად კი დამნაშავე პირები ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრებოდნენ. დაახლოებით 4 საათის შემდეგ, რაც ჯ. ზ-სათვის ცნობილი გახდა, რომ გატაცებული ა/მანქანა ,,მერსედესის” მიყვანილი იყო დანიშნულების ადგილზე, ო. ხ-ი ხელებშეკრული დატოვა შენობის ნანგრევებში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2006 წლის 18 დეკემბერს ჯ. ზ-მ კვლავ განიზრახა რა ჩაედინა დანაშაული, იგი დაუკავშირდა გ. ს-სა და რ. კ-ს მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ სხვისი მოძრავი ნივთი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ქ. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ გააჩერეს ა/მანქანა „ფორდ-სიერა“ სახ. ¹...-ით ტაქსის მძღოლი მ. გ-ძე და მოსთხოვეს მას გლდანის მასივში წაყვანა. შეთანხმდნენ რა თანხაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით გაემართნენ გლდანის მასივის მიმართულებით. პოლიციის აკადემიასთან ავტომანქანის მგზავრებმა მძღოლს მოსთხოვეს შესულიყო აკადემიის შესახვევში. მიუახლოვდნენ რა გმირ კუსანტთა ქუჩაზე მდებარე პოლიციის აკადემიის შენობას, ჯ. ზ-მ ამოიღო მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, ქარხნული წესით დამზადებული „გოლდ-სტარ-2002-ის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი ასევე უკანონოდ ატარებდა, დაადო მ. გ-ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მოსთხოვა ფული. ავტომანქანის მძღოლს ფული მოსთხოვეს რ. კ-მა და გ. ს-მაც, თან სამივე მათგანმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ ა/მანქანის საჭესთან დაჯდა ჯ. ზ-ა და შევიდნენ აკადემიის ეზოში, სადაც ამ უკანასკნელმა ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა ხეს, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა ა/მანქანა. აღნიშნული ქმედებით ჯ. ზ-მ დაზარალებულ მ. გ-ს მიაყენა 760 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ისინი გადმოვიდნენ დაზიანებული ა/მანქანიდან, მ. გ-ძე დააწვინეს მიწაზე და კვლავ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც რ. კ-მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ამ უკანასკნელის კუთვნილი ფულადი თანხა _ 35 ლარის ოდენობით, ხოლო ჯ. ზ-მ _ „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. მ. გ-ის მიმართ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა თავდამსხმელების მხრიდან გრძელდებოდა დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში, რაც აღკვეთილ იქნა შემთხვევის ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, რ. კ-ი დაკავებულ იქნა ადგილზევე, ხოლო ჯ. ზ-ა და გ. ს-ძე ცდილობდნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, რაც ვერ მოახერხეს, ვინაიდან ისინიც მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჭ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ს-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, გ. ს-ს უსაფუძვლოდ დაედო მსჯავრი დანაშაულის ჩადენაში; მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია; სასამართლოში საქმის განხილვისას არ შემოწმებულა გ. სანიკიძის დამცველის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები; საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გ. ს-ძე ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილეა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, გ. ს-ს უსაფუძვლოდ დაედო მსჯავრი დანაშაულის ჩადენაში.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
პალატა თვლის, რომ როგორც I-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები გააჩნდათ გ. ს-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. განაჩენით გ. ს-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულ მ. გ-ის ჩვენებით, მოწმეების _ ი. რ-ს, პ. მ-ს, პ. ს-ს, ი. ყ-ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და მას განუსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.
გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება სარევიზიო წესით გადამოწმდა მსჯავრდებულების _ ჯ. ზ-სა და რ. კ-ის მიმართაც, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მათ მიმართ როგორც ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში არის დასაბუთებული.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. ზ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ ჯარიმის 1000 ლარის ოდენობით _ მოხდისგან იმის გათვალისწინებით, რომ იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება უკვე გადახდილ იმ ჯარიმაზე, რომელიც შეფარდებულია როგორც ძირითადი სასჯელი; მასვე აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ ჯ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 21 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, “დ” ქვეპუნქტებით, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
“ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ჯ. ზ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ ჯარიმის 1000 ლარის ოდენობით _ მოხდისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმაზე, რომელიც დანიშნული იყო ძირითადი სასჯელის სახით.
“ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ჯ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.
მსჯავრდებულ ჯ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 21 (ოცდაერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ გ. ს-ისა და რ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.