ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 04.01.2008
საქმის ნომერი
2კ-2197აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2197აპ. 4 იანვარი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ-ის დამცველის, ადვოკატ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე კ. ბ-ის მიმართ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 თებერვლის განაჩენით კ. ბ-რი, _ დაბადებული .. წელს ქ. თბილისში, საქართველოს მოქალაქე, არასრული უმაღლესი განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები თბილისში, .........., _ ცნობილ იქნა ბრალეულად და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის ,,ზ’’, ,,კ’’ ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ’’, ,,ლ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტებით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და კ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 (ოცდახუთი) წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით, კ. ბ-ს მსჯავრი დაედო შემდეგ დანაშაულთა ჩადენაში:

კ. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,მაკაროვის’’ სისტემის, 9მმ კალიბრიანი პისტოლეტი, მისთვის განკუთვნილი ვაზნებით, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

2006 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. თბილისში, ა. ..........-ში დროებით მცხოვრები ჯ. ჭ-ძე, თავის ნათესავ ლ. ბ-სთან ერთად, ჩამოვიდა ამავე ბინის ეზოში, სადაც კ. ბ-რი გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, იქვე გაჩერებულ ,,ტოიოტას’’ მარკის, ჯიპის ტიპის ავტომანქანასთან სვამდა ალკოჰოლურ სასმელს _ არაყს. ჯ. ჭ-ძე გაემართა იმავე კორპუსის წინ გაჩერებული თავისი ,,ფოლკსვაგენის’’ ფირმის, “გოლფ-3” მოდელის ავტომანქანისაკენ, სახ. ¹...., ხოლო ლ. ბ-ძე წავიდა ხსენებული ჯიპის წინ გაჩერებული თავისი ,,ოპელ ომეგას’’ მარკის ავტომანქანისაკენ, სახ. ¹....., დაჯდა საჭესთან და დააპირა წასვლა. კ. ბ-რი მიუახლოვდა ლ. ბ-ს, რომელიც ღია ფანჯრიდან გადაკოცნა და სთხოვა მათთან ერთად მიეღო ალკოჰოლური სასმელი. ამ უკანასკნელმა კი, რომელმაც იცოდა, რომ კ. ბ-რი დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელი იყო, რაიმე გართულების თავიდან აცილების მოტივით, უარი განუცხადა მას. ლ. ბ-ის უარით უმიზეზოდ განაწყენებულმა ლ. ბ-მა განიზრახა მისი მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის. იგი მარცხენა ხელით შეეცადა ავტომანქანის წინა, მარცხენა კარის გაღებას, ამასთან, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მოიმარჯვა მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ,,მაკაროვის” სისტემის, 9მმ კალიბრიანი პისტოლეტი. ამის დანახვაზე ლ. ბ-მ დიდი სიჩქარით დაძრა ავტომანქანა და გაემართა კორპუსის ეზოს გასასვლელისაკენ, რა დროსაც კ. ბ-მა მისი მიმართულებით ოთხჯერ გაისროლა, რომელთაგან ორი ტყვია მოხვდა ავტომანქანის კორპუსს. ამდენად, კ. ბ-მა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ლ. ბ-ის წასვლის შემდეგ კ. ბ-მა განიზრახა, ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დასხმოდა იქვე მყოფ ჯ. ჭ-ს და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მიუახლოვდა მას. ,,მაკაროვის’’ სისტემის, 9მმ კალიბრიანი პისტოლეტის გამოყენების მუქარით, ყაჩაღური თავდასხმის გზით დაეუფლა ჯ. ჭ-ის ავტომანქანას, შემდეგ კი ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, არაერთგზის, განიზრახა მისი მკვლელობა და ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ზურგის არეში ესროლა ჯ. ჭ-ს, რის გამოც ამ უკანასკნელს დაუზიანდა მარცხენა თირკმელი, მსხვილი ნაწლავები, თორმეტგოჯა ნაწლავი და ღვიძლი. აღნიშნული დაზიანებების შედეგად ჯ. ჭ-ძე რამდენიმე წუთში, სახლში ასვლის შემდეგ, გარდაიცვალა, ხოლო კ. ბ-რი ჯ. ჭ-ის კუთვნილი ,,ფოლკსვაგენის’’ ფირმის “გოლფ-3” მოდელის ავტომანქანით, სახ. ....., დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალა. ვინაიდან ხსენებულ ავტომანქანას დაუზიანდა სავალი ნაწილი, კ. ბ-მა გააჩერა იგი თავის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე .......... კორპუსის ეზოში, საიდანაც, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა 2006 წლის 19 იანვარს, თვით კ. ბ-რი კი მიიმალა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ბ-მა. საჩივრით აპელანტი ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რადგან თვლიდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განაჩენი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: კ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19_109-ე მუხლის ,,ზ’’, ,,კ’’ ქვეპუნქტებიდან (მითითებული რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19_109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე და მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებიდან (მითითებული რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელთა საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო სხვა ნაწილში საალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად. ამასთან, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენით კ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ კ. ბ-ის დამცველმა, ადვოკატმა გ. რ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას კ. ბ-ის მიმართ იმ მოტივით, რომ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა უხეში საპროცესო დარღვევებით, განაჩენს საფუძვლად არ უდევს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო დასკვნები კ. ბ-ის ბრალეულობაზე ეყრდნობა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ კ. ბ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. ბ-ის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა ჯ. ჭ-ის განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ასევე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანის გატაცება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მისი ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და ამოღებული ნივთმტკიცებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპრცოესო ნორმების დაცვით. სარწმუნო მტკიცებულებებით არის დადასტურებული ასევე კ. ბ-ის მხრივ დაზარალებულ ლ. ბ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა კ. ბ-ის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება და არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.

რაც შეეხება კ. ბ-ის მიმართ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი განსაზღვრულია ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და შედეგების, მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელი და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ბრალის ხარისხის ადეკვატურ ზომას, არის სამართლიანი და აუცილებელი ზომა კანონის მიერ სასჯელის წინაშე დასახული მიზნის მისაღწევად.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. ბ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისგან, რის გამოც, შესაბამისად, უნდა შეუმცირდეს განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი, რის შემდეგაც მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ კახაბერ ბუჩუკურის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ბ-ის დამცველის, ადვოკატ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებული კ. ბ-რი “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან და, შესაბამისად, აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით _ შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.