განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2211აპ. ქ. თბილისი
14 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ივნისის განაჩენით ა. მ-ი, _ დაბადებული ...წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 13 ოქტომბრიდან.
განაჩენის მიხედვით, ა. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2003 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 18 საათზე, ქ. თბილისში, .....-ში მდებარე ს. ნ-ის საცხოვრებელ ბინაში შეიკრიბნენ მ. ნ-ა, ა. მ-ი, ნ. მ-ი, ნ. ნ-ძე. ისინი აღნიშნავდნენ ნ. ნ-ის დაბადების დღეს. მოგვიანებით მათ შეუერთდა ნ. მ-ის მეგობარი მ. დ-ა.
სუფრაზე ა. მ-სა და მ. დ-ს შორის, ამ უკანასკნელის მიზეზით, სადღეგრძელოსთან დაკავშირებით, წარმოიშვა კამათი, თუმცა იგი არ გადაზრდილა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვინაიდან ნ. მ-მა, რომელიც ცხოვრობდა იმავე სადარბაზოს IV სართულზე მდებარე ბინაში, შეძლო მ. დ-ს დამშვიდება და სიტუაციის შესაძლო გართულებისაგან თავის არიდების მიზნით, მისი ჩაყვანა თავის ბინაში. ამ პერიოდში ნ. ნ-მ დატოვა სუფრა და გაჰყვა მეუღლეს, რომელიც მას მანქანით ელოდებოდა სადარბაზოს შესასვლელთან, ხოლო ბინაში დარჩნენ მ. ნ-ა, ს. ნ-ძე და ა. მ-ი.
მ. დ-ა, რომელიც უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა ნ. მ-სა და ა.. მ-ს შორის შესაძლო ახლო ურთიერთობაზე, გამოხატავდა აგრესიას ამ უკანასკნელის მიმართ. ნ. მ-ი სთხოვდა მ. დ-ს დაწყნარებულიყო, რადგან მისი ეჭვები არ იყო რეალური. მიუხედავად თხოვნისა, მ. დ-ა ავიდა მე-5 სართულზე და ს. ნ-ის ბინის კარზე, ხელებისა და ფეხების ბრახუნით, გინებით მოითხოვა ა. მ-თან ურთიერთობის გარკვევა. მას კარი არ გაუღეს, რადგან ბინაში მყოფი პირები ტელეფონის საშუალებით გააფრთხილა ნ. მ-მა, რომ მ. დ-ა თავისი აგრესიულობის გამო არ შეეშვათ ა. მ-თან.
განაწყენებულმა მ. დ-მ ბინიდან ძალით გამოიყვანა ნ. მ-ი, აიყვანა მე-5 სართულზე და მის მიმართ გამოხატული სიტყვიერი მუქარის გამო მ. ნ-ს გააღებინა ს. ნ-ის ბინის კარი.
მისაღებ ოთახში შესვლისთანავე მ. დ-მ დაიწყო გინება და მუქარა ა. მ-ის მიმართ. იგი უყვიროდა ნ. მ-ს: „ამ არაკაცთან როგორ მიღალატე“, რა დროსაც საძინებელი ოთახიდან გამოსულ ა. მ-სა და მ. დ-ს შორის აღნიშნულ ნიადაგზე წარმოიშვა ჩხუბი. კონფლიქტით, ეჭვიანობის საფუძველზე გამოვლენილი შეურაცხყოფითა და უსაფუძვლო ბრალდებით განაწყენებულმა ა. მ-მა გადაწყვიტა შური ეძია მ. დ-ზე და განიზრახა მისი მოკვლა.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა. მ-მა, ხელთ არსებული დანით, მ. დ-ს მიაყენა გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, რაც გახდა მისი სიკვდილის უშუალო მიზეზი, ხოლო ა. მ-ი დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ვინაიდან მას არ ჩაუდენია დანაშაული და მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.
კასატორი აღნიშნავს, რომ ვერც პირველი ინსტანციისა და ვერც სააპელაციო სასამართლოებმა განაჩენით ვერ დაასაბუთეს, თუ რატომ არ იყო ა. მ-ის მიერ ჩადენილი მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. სსკ-ის 28-ე მუხლი გარკვევით მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზინებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. მოცემულ შემთხვევაში რეალური იყო საფრთხე დ-ს მხრიდან და ა. მ-ს არა თუ განზრახ, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებითაც კი არ ჩაუდენია მკვლელობა.
ა. მ-ი რომ აღნიშნულ მომენტში იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, დადასტურებულია ჩატარებული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებით.
სასამართლომ ა. მ-ს მიმართ მ. დ-ს განზრახ მკვლელობის ჩადენის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მიუთითა მოწმე მ. მ-ის მიერ მიცემულ ჩვენებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს როდესაც მ. დ-ა განმეორებით, ა. მ-ის მიმართ მკვლელობის მუქარით, შეიჭრა მათთან სახლში, ა. მ-ი ოთახიდან გამოვიდა შემართული დანით. აღნიშნული არასწორია, რაც თვით გამოძიებასა და პროკურატურას არ გაუზიარებიათ საბრალდებო დასკვნით და იგი არც სხვა თვითმხილველი მოწმეების _ ს. ნ-სა და მ. ნ-ს ჩვენებებით არ არის დადასტურებული და ასეც რომ ყოფილიყო, ა. მ-ი მაინც იქნებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ვინაიდან მან იცოდა, რომ მ. დ-ა მოდიოდა მის მოსაკლავად, ხოლო მოწმეების სახით დაკითხული ექსპერტების _ ლ. ჩ-სა და ქ. ჩ-ს ჩვენებებით, ამ შემთხვევაშიც კი ა. მ-ი იქნებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლეობმა განაჩენში განზრახ აუარეს გვერდი და არ დაასაბუთეს, თუ რა მიზნით შეიჭრა აწ გარდაცვლილი მ. დ-ა ა. მ-თან ბინაში.
ა. მ-ი არის მორწმუნე, ეკლესიური კაცი, მას არც შეეძლო ჩაედინა დანაშაული. მიუხედავად ამისა, იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მომხდარს, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, სულიერად განიცდის დაზარალებული ოჯახისადმი მიყენებულ მძიმე ტრავმას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა მივიჩნიოთ იმის დასტურად, რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი, ვინაიდან ყოველივე ეს გამომდინარეობს მისი ადამიანურობიდან, სულიერებიდან და ეკლესიურობიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უგულებელყვეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნები საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ა. მ-ის ბრალდებას სხვა მტკიცებულებებთან ერთად საფუძვლად დაუდო მოწმეების _ ნ. მ-ის, ს. ნ-ის, ნ. ნ-ის ჩვენებები, მოწმე მ. ნ-ს დაკითხვის ოქმი, კერძოდ: საქმეში არსებული ნ. მ-ის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ: ,,მერაბ დანელია ავიდა მეხუთე სართულზე ს. ნ-ის ოჯახში. მ.ი რომ გავიდა, მე უცბად გადავრეკე და ვუთხარი, რომ კარები არ გაეღოთ და გავყევი მას. მ. იდგა ს-ს კარებთან და აბრახუნებდა, მაგრამ ისინი არ აღებდნენ კარს... გაიღო კარები და კარში იდგა მ. ნ-ა, რომელიც ეხვეწებოდა მ-ს, რომ დაწყნარებულიყო, მაგრამ არავის არ მოგვისმინა და შევარდა მისაღებ ოთახში. ა-ს მისამართით იგინებოდა. საძინებელი ოთახიდან გამოვარდა ა., რომელსაც ხელში ეჭირა დანა, მე შემეშინდა და ჩავდექი შუაში, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ამ დროს ა-მ მოიქნია დანა და დაარტყა მ-ს, იგი წაბარბაცდა, სახიდან მოძვრა სათვალე...ა-მ ისარგებლა და გამეტებით ურტყამდა მ-ს დანას თავისა და გულმკერდის არეში. მ-ს სახიდან და მუცლის არედან მოსდიოდა სისხლი, მაგრამ არ წაქცეულა” (ტ1.ს.ფ.16).
მოწმის სახით დაკითხვისას ნ. მ-მა აჩვენა, რომ: ,,სუფრასთან ა-სა და მ-ს შორის მოხდა შეკამათება... სახლში მან მოადუღა ყავა, საუბრის დროს მითხრა, ა-თან საქმის გასარკვევად ზევით უნდა ავიდეო...მ-მ მ-ს დაუწყო ხვეწნა, რომ არ შესულიყო, მაგრამ მ. მაინც შევიდა სახლში, კერძოდ ზალაში და დაიძახა, გამოვიდეს ის ,,ასოო”. ამ დროს საძინებლიდან გამოვიდა ა., რომელსაც ეკავა გახსნილი დანა, თუ როგორი იყო, არ შემიმჩნევია. ა. გამოვიდა თუ არა, პირდაპირ წავიდა მ-სკენ, მე ჩავდექი შუაში, დავუწყე ხვეწნა, რომ დანა არ დაერტყა მ-სთვის. მან დანით ჩემსკენ გამოიწია, მე შემეშინდა და გავიწიე, რა დროსაც ა-მ მ-ს დაარტყა გულმკერდის არეში, რა დროსაც მას მოძვრა სათვალე სახიდან, რომლის გარეშეც მ. ვერ ხედავდა. ა. გააგრძელა დანის დარტყმა, მ-ს ურტყამდა გამეტებით სხეულის სხვადასხვა არეში... რომ არ ჩერდებოდა, ავიღე სკამი, ჩავარტყი ხელში, მინდოდა მისთვის დანა დამეგდებინებინა, იგი შემოტრიალდა ჩემსკენ დანით. მე შემეშინდა და გავიქეცი...”
საქმეში არსებული ს. ნ-ის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ: ,,მ-მ შეათრია ნ. თმებით და რტყმევით, თან ყვიროდა ,,ვისთან მიღალატეო”, წამოვიდა ზალისკენ, ა-ც ვეღარ დავაკავე და ერთმანეთს შეხვდნენ სპალნის კარებთან. მ-მ კვლავ შეაგინა, რის შემდეგაც დაიწყეს ხელებით ჩხუბი, შემდეგ ა-ს ხელში დავინახე დანა. მ-ს სახეზე სდიოდა სისხლი. 2-3 წუთის განმავლობაში ჩხუბობდნენ ზალაში...” (ტ1.ს.ფ.15).
მოწმის სახით დაკითხვისას ს. ნ-მ აჩვენა, რომ: ,,მ. დ-ა თმებით ათრევდა ნ-ს, თან იგინებოდა და ეჩხუბებოდა ,,ვისთან მიღალატეო”. ამ დროს ოთახიდან გამოვიდა ა-ც და მისაღები ოთახის კარში ერთმანეთს დაუწყეს ჩხუბი. ამ დროს ა-ს ხელში დავინახე დანა, რომელსაც იქნევდა მ. დ-ს მიმართულებით... მ. დ-სა და ა. მ-ის ჩხუბში არავინ ჩარეულა...”
საქმეში არსებული მ. ნ-ს ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ: ,,მ. კარზე აბრახუნებდა და იგინებოდა...მე გავაღე კარები...ამ ჩხუბზე და გინებაზე გამოვიდა ა., რომელიც იყო წელს ზევით შიშველი. ა-მ უთხრა, რატომ იგინებიო და დაარტყა მ-ს. მათ შორის მოხდა ჩხუბი. ჩხუბის დროს ა-მ ამოიღო დანა და ურტყამდა მ-ს. რაც შეეხება მ-ს, მას იარაღი ან დანა არ ჰქონია. მე ვცდილობდი, რომ დამემშვიდებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე...” (ტ1.ს.ფ.13).
მოწმის სახით დაკითხვისას მ. ნ-მ აჩვენა, რომ: ,,ა-მ გამოსვლისთანავე უსაყვედურა მ. დ-ს მკაცრი ტონით და თან ხელი გაარტყა, რის შემდეგაც მათ შორის დაიწყო ჩხუბი. მე ვცდილობდი მათ გაშველებას, ხოლო ნ. და ს. ჩავარდნენ ისტერიკაში. ჩხუბის დროს მე შევნიშნე ა-ს ხელში დანა, რომელიც რამდენჯერმე მოიქნია მ. დ-ს მიმართულებით და დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას....მ. დ-ა თმებით ათრევდა ნინოს, თან იგინებოდა და ეჩხუბებოდა ,,ვისთან მიღალატეო”. ამ დროს ოთახიდან გამოვიდა ა-ც და მისაღები ოთახის კარში ერთმანეთს დაუწყეს ჩხუბი. ამ დროს ა-ს ხელში დავინახე დანა, რომელსაც იქნევდა მ. დ-ს მიმართულებით... მ. დ-სა და ა. მ-ის ჩხუბში არავინ ჩარეულა...”.
ამდენად, მოწმეების _ ნ. მ-ის, ს. ნ-სა და მ. ნ-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის განსხვავებულია ის ფაქტობრივი გარემოებანი, თუ სად მოხდა აწ გარდაცვლილი მ. დ-სა და ა. მ-ის შეხვედრა _ საძინებელი ოთახის კართან თუ მისაღებ ოთახში; სად გაიმართა მათ შორის ჩხუბი; ა. მ-ს რა მომენტიდან ეკავა დანა ხელში _ საძინებელი ოთახიდან გამოსვლისას თუ ჩხუბის დაწყების შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ა. მ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
ხელახალი სასამართლო განხილვის დროს დეტალურად უნდა დაიკითხონ მოწმეები _ ნ. მ-ი, ს. ნ-ძე და მ. ნ-ა; საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მათ მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, ექსპერტიზების დასკვნები და მიღებულ შედეგებს მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
ამდენად, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ხელახალი სასამართლო განხილვის დროს, კიდევ ერთხელ გულდასმით უნდა შემოწმდეს და გამოკვლეულ იქნეს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, აღმოიფხვრას მათ შორის არსებული წინააღმდეგობები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება და მის საფუძველზე კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების მიღება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ა. მ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.