დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე ბს-74-69(კ-13) 19 დეკემბერი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნუგზარ სხირტლაძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ნ. კ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-ემ 2011 წლის 21 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის – ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ნ. კ-ის დაჯარიმებისა და საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 19 სექტემბრის №154 ბრძანებისა და ნ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.ბათუმის მერიის 2011 წლის 30 ნოემბრის №414 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
კასატორმა - ნ. კ-ემ 2013 წლის 28 ოქტომბერს შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ქ. ბათუმის მერია საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 8 ნოემბერს წარმოდგენილი წერილით დაეთანხმა ნ. კ-ის მოთხოვნას სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა ნ. კ-ის შუამდგომლობის განხილვის შედეგად თვლის, რომ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი განუხილველად დარჩეს, შემდეგ გარემოებთა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დგინდება, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია ნ. კ-ის შუამდგომლობა, რომელსაც მოპასუხე ქ. ბათუმის მერია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2013 წლის 8 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით (თანხმობა) დაეთანხმა. ამდენად, არ არსებობს კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად. ამასთან, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. ნ. კ-ის სარჩელი მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველი;
4. ნ. კ-ეს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 18 თებერვალს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – სულ 300 ლარი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
მ. ვაჩაძე