დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 28.01.2014
საქმის ნომერი
ბს-608-586(კ-13)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

saqme #bs-799-773(k-10) საქმე #ბს-608-586(კ-13) 28 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე დ. ს-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

დ. ს-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2103 წლის 1 აპრილის №02/13-0904 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება (იხ. ს.ფ. 1-16).

მოპასუხემ წერილობითი შეპასუხებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 73-82).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2103 წლის 25 თებერვლის №15940/01 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება 2103 წლის 25 თებერვლის შუამდგომლობასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 113-116).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2103 წლის 25 თებერვლის №15940/01 წერილი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ. ს-ის 2013 წლის 25 თებერვლის შუამდგომლობის განხილვის საფუძველზე (იხ.ს.ფ. 48-53).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 140-150).

დ. ს-ემ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შეპასუხებით მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 162-176).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 190-202).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 208-216; 252-260).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 262-263).

მხარეებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასაციის დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით წერილობით მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია დ. ს-ესა და ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს შორის, ფორმალურ-სამართლებრივ სფეროში, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.

მოცემულ საქმეში დავის საგანია დ. ს-ის განცხადების (შუამდგომლობის), რომლითაც მან მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს, შესაბამისობა, კერძოდ, რომ დოკუმენტი სრულყოფილად არ პასუხობდა კანონით დადგენილ განცხადების ფორმალურ და მატერიალურ რეკვიზიტებს შინაარსობრივი თვალსაზრისით, მისი მოთხოვნა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული მუხლი ურთიერთსაწინააღმდეგოა /ზაკ-ის 78-ე მუხლი/, მაგრამ აღნიშნული არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებისაგან - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის ვალდებულებისაგან.

საკასაციო სასამართლომ მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილ საპროცესო დოკუმენტის ფორმისა და შინარსიის კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში, საქმეზე ბს-112-115(2კ-13) შპს ,,…’’ სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, მიმართ, რომელიც დაშვებულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით (აბსოლუტური კასაცია), იმსჯელა მის სამართლებრივ შედეგებზე, ადმინისტრაციული ორგამოს ვალდებულებებზე, სადაც სამართლებრივი შეფასება მისცა რამდენად კანონშესაბამისად, ხდება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პირის მიერ შეტანილი საპროცესო დოკუმენტების სამართლებრივი ხასიათის განსაზღვრა და მათი სტატუსის დადგენა და განმარტა:

,,ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების ზუსტი კვალიფიკაცია უშუალო კავშირშია ადამიანის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება“.

,,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულებაში პირის მიერ ნებისმიერი დოკუმენტის, მით უფრო, განცხადების ან საჩივრის ფორმით წარდგენა იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს უპირობო ვალდებულებას, დაარეგისტრიროს იგი. რეგისტრაციის სტადია იწვევს შემდეგი პროცედურული მოქმედების ჩატარების ვალდებულებას -ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.

ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ორსაფეხურიანი პროცესის მეშვეობით:

განცხადების/ საჩივრის დასაშვებობის შემოწმება.

განცხადების/ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმება.

დოკუმენტის, მოცემულ შემთხვევაში, განცხადების ან საჩივრის ფორმა, დასაშვებობის შემოწმების სტადია გულისხმობს, უპირველესად, ადმინისტრაციული ორგანოს იურისდიქციის სფეროს გამორკვევას (უწყებრივი ქვემდებარეობა), რომლის წარმატებით გადალახვის პირობებში - ამ დოკუმენტისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას“.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებელს უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით შეაქვს წერილობითი მოთხოვნა ადმინისტრაციულ ორგანოში და ადმინისტრაციული ორგანო იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომელიც მოწესრიგებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით.

საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-112-115(2კ-13) შპს ,,…’’ სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, მიმართ, სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებზე და დასკვნებზე, კერძოდ: ,,საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე, ასახვას ჰპოვებს ამავე კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრულ დანაწესშიც, რომლის მიხედვით იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია“.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკით დამკვიდრებულ განმარტებაზე, რომ პირის მიერ საპროცესო დოკუმენტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის შეუსაბამობა ზოგადი ადმინისტრაციული ნორმის საფუძველზე იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობას - განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, ნიშნავს ხარვეზის დადგენას, შესაბამისი მითითებებით და დაინტერესებული პირისთვის მისი გამოსწორების შესაძლებლობის მიცემას. აღსანიშნავია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები არაერთგან ამკვიდრებს ამგვარი სულისკვეთების მატარებელ წესებს, რაც სავსებით ლოგიკურია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპით ფუნქციონირებადი კანონიერი მმართველობის უზრუნველსაყოფად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე