ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 16.06.2008
საქმის ნომერი
2კ-376აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.06.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹376აპ ქ. თბილისი

16 ივნისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ზ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 აგვისტოს განაჩენით ტ. ზ, _საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა გაუპატიურების მცდელობა ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, იმისა, ვისაც არ შესრულებია 14 წელი; ასევე _ გაწვეული სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 29 ივნისს ხელვაჩაურის რაიონის გამწვევი კომისიის მიერ ტ. ზ. გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საყოველთაო სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრის მეთაურის _ ა. კ-ს 2006 წლის 12 ივლისის ¹162 ბრძანებით ის ჩაირიცხა ამავე სასწავლო ცენტრში და მიენიჭა სამხედრო წოდება „რიგითი”. 2006 წლის 18 ივლისს ტ. ზ-მ თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია და უკან აღარ დაბრუნებულა, რის გამოც სამხედრო ნაწილის უფროსის 2006 წლის 18 ივლისის ¹167 ბრძანებით ამოირიცხა სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიებიდან.

2006 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 19.30 საათზე, ნასვამი ტ. ზაქარაძე მივიდა მეზობლად, ლ. ბ-ს საცხოვრებელ სახლში. ისარგებლა იმით, რომ ლ. ბ-ს დედა და ძმა სტუმრად იყვნენ გასულები მეზობლებთან, ხოლო ინვალიდ უფროს დას ეძინა, ლ. ბ-ს გაუპატიურების მიზნით, მოტყუებით, თითქოსდა დედის დასაძახებლად, გაიყვანა იგი სახლიდან, გაიტყუა დაახლოებით 60-70 მეტრში მდებარე სასურსათო მაღაზიის ზემოთ, მოფარებულ ადგილას, სადაც დაზარალებულის უმწეო მდგომარეობისა და ფიზიკური ძალის გამოყენებით ლ. ბ-ს, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, გახადა შარვალი და ქვედა საცვალი, რის შემდეგაც თვითონაც გაიხადა შარვალი, საცვალი და შეეცადა მცირეწლოვანი დაზარალებულის დაბლა, თავის მიერვე დაფენილ ქურთუკზე დაწვენას და ძალით სქესობრივი კავშირის დამყარებას, მაგრამ ტ. ზ-მ თავისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებულმა საშველად უხმო იქვე ახლოს, გზაზე მიმავალ მეზობლებს, რომელთა დანახვაზე ტ. ზ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნული ქმედებისათვის ტ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიესაჯა 15 წლით, ხოლო 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 21 დეკემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ტ. ზ-მ და მისმა ადვოკატმა ი. ზ-მ. მათ ითხოვეს მსჯავრდებულის გამართლება სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ხოლო სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით მისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, აქედან 1 წელი _ რეალური სასჯელი, ხოლო 1 წლის _ პირობითი მსჯავრით შეცვლა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული ტ. ზ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი მისი სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის მე-5 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გაუპატიურების მცდელობის ნაწილში ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება არის დაზარალებულად ცნობილი მცირეწლოვან ლ. ბ-ს ჩვენება; სხვა მტკიცებულებებით _ მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებით არ დასტურდება გაუპატიურების ჩადენის მცდელობა; ტ. ზ-მ თვითონ დარეკა საპატრულო პოლიციაში და პოლიციელებს თავად გაჰყვა, რათა გარკვეულიყო ყველაფერი; ბრალდება ამ ნაწილში მთლიანად შეთითხნილია, ხოლო მარტო ვარაუდი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება; არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენება არ წარმოადგენს უტყუარ და საკმარის მტკიცებულებას ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებისათვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ტ. ზ. ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენის შეცვლას და გაუპატიურების მცდელობის ნაწილში გამართლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა კანონიერი განაჩენი, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

დაზარალებულმა ლ. ბ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ სახლში ყოფნისას მიაკითხა ტ. ზ-მ და ჰკითხა, სად იმყოფებოდა დედამისი. შემდეგ მასთან გაყოლა სთხოვა. გზად მსვლელობისას ტ. ზ-მ ლ. ბ-ს ხელი ააფარა პირზე და ,,დაუწყო მოფერება", შემდეგ გაიხადა შარვალი, საცვალი და შეეცადა მცირეწლოვანი დაზარალებულის დაბლა, თავის მიერვე დაფენილ ქურთუკზე დაწვენას. ლ. ბ. გაუძალიანდა, ყვიროდა, რა დროსაც ტ. ზ. ხელს აფარებდა პირზე, ამავდროულად მუხლებამდე ჩაუწია შარვალი და საცვალი. ყოველივე დაახლოებით 2-3 წუთი გაგრძელდა. ყვირილზე იქვე მივიდნენ მეზობლები და ტ. ზ. გაიქცა (ტ. 1, ს.ფ. 213-216).

მოწმე ე. ს-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2006 წლის 21 დეკემბერს, საღამოს თავისი სახლიდან აცილებდა სტუმრად მყოფ მ. მ-ს. გზის პირას შენიშნა ორი ადამიანის სილუეტი და მოესმა გოგოს და ბიჭის კამათის ხმა. ბიჭი ამბობდა _ გაჩერდიო, ხოლო გოგონას რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. როდესაც აღნიშნულ პირებს დაახლოებით 15-20 მატრით დაშორდნენ, მოესმა ყვირილი: ,,ე. ბიძია დამეხმარე, მიშველე, დედიკოს დაუძახეო". ე. ს-მ იცნო ლ. ბ. და მ. მ-სთან ერთად დასახმარებლად გაემართა. ლ. ბ-სთან მყოფი მამაკაცი გაიქცა. თავად დაზარალებული ძლიერ აღელვებული იყო, ტიროდა და შველას ითხოვდა (ტ. 1, ს.ფ. 72-74; 219-221).

პალატა აღნიშნავს, რომ ტ. ზ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული სხვა მასალებით, მათ შორის _ მოწმეების ც. ფ-ს, ჟ. ს-სა და ნ. ლ-ს ჩვენებებით.

ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით ტ. ზ-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მსჯავრდებულს უნდა გაუნახევრდს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ტ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს: “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ტ. ზ-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ტ. ზ-ს საბოლოოდ მიესაჯოს 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.