შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 22.07.2008
საქმის ნომერი
2კ-382აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

382აპ ქ. თბილისი

22ივლისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,პროკურორ _ ლ. ყ-ს,ადვოკატების _ ლ. კ-სა და ე. პ-ს,მსჯავრდებულ _ რ. მ-ს,დაზარალებულის უფლებამონაცვლე _ ლ. მ-ს

მონაწილეობით განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. მ-სა და მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს განაჩენით რ. მ., _ დაბადებული ----, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა მკვლელობა, ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

რ. მ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი მარკის ცეცხლსასროლი იარაღი _ პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. 2006 წლის 3 ნოემბერს რ. მ-მა თავის ბიძაშვილებთან _ ი., ვ. და გ. მ-ებთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი გ. მ-ს დაბადების დღის აღსანიშნავად. საღამოს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, ისინი რ. მ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მივიდნენ გორში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე გ. მ-ს საცხოვრებელ ბინასთან, ვ. მ. დატოვეს ქალაქში, რ. და გ. მ-ები კი მანქანიდან გადავიდნენ. ავტომანქანაში მძღოლის გვერდითა სავარძელზე იჯდა ი. მ-ი და ესაუბრებოდა გ. მ-ს, ხოლო რ. მ. იდგა ავტომანქანის წინა, მარცხენა კართან და საუბრობდა სახლიდან გამოსულ ლ. მ-თან _ გ. მ-ს ძმასთან. ამ დროს რ. მ-მა უმიზეზოდ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განსაკუთრებული სისასტიკით, ძმის _ ლ. მ-ს თანდასწრებით, განიზრახა გ. მ-ს მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან ამოიღო თანნაქონი, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული იარაღი და დამიზნებით ესროლა გ. მ-ს, რომელსაც თავის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა. ამის შემდეგ რ. მ. მიიმალა, ხოლო გ. მ. მიღებული დაზიანების გამო 2006 წლის 10 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღნიშნული ქმედებისათვის რ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით მიესაჯა 17 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ რ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 21 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 ნოემბრიდან. სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მსჯავრდებულს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 7300 ლარის ოდენობით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. მ-მა და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-მ.

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და სამოქალაქო სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ადვოკატმა ლ. კ-მ _ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა, რ. მ-ს ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» და მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტებიდან 116-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და მინიმალური სასჯელის დანიშვნა, განაჩენიდან მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მითითების ამორიცხვა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში თანხის შემცირება, დანარჩენ ნაწილში კი _ განაჩენის უცვლელად დატოვება. გარდა ამისა, ადვოკატმა შესაგებლით მოითხოვა, არ დაკმაყოფილებულიყო დაზარალებულის უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა: რ. მ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში გამართლდა; მას სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით მიესაჯა 13 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით; მსჯავრდებულს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 7 168 ლარის ოდენობით.

კასატორი _ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაუშვა სამართლებრივი პროცედურის არსებითი დარღვევა, მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა და სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტისას საერთოდ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის ნორმები; სასამართლომ რ. მ-სათვის სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების მოხსნის საფუძვლად მიუთითა მოწმე ილია მჭედლიშვილის ჩვენებაზე, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ გასროლის დროს გარდაცვლილის ძმა იქ არ ყოფილა; ამ მოწმის მიმართ 2007 წლის აგვისტოში დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა არასწორი ჩვენების მიცემისათვის და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ამჟამად გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია; ასევე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მსჯავრდებულის ძმის _ ს. მ-ს მიმართაც საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და იგი ამჟამად ძებნილია; გორის რაიონულ სასამართლოში მოწმედ დაიკითხა გამომძიებელი გ. გ. რომელმაც დაადასტურა, რომ მან დაკითხა მოწმეები _ ი. და ს. მ-ები და მათზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა; სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო ცალმხრივად გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ _ მოწმე ი. მ-ს ცრუ ჩვენება.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის აზრით, სასამართლომ შეგნებულად დაარღვია სსსკ-ის 503-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. არ იქნა გათვალისწინებული ამავე კოდექსის 508-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მითითებები და სასამართლომ განაჩენში არ მიუთითა მოტივზე, რომლის თანახმადაც მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე; განაჩენში არ არის მსჯელობა იმაზე, თუ რატომ უარყო სასამართლომ ლ. მ-ს ჩვენება; საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ რ. მ-მა ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით, ძმის თანდასწრებით ჩაიდინა მკვლელობა.

გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის ნორმები მატერიალური თუ მორალური ზიანის განსაზღვრისას, სასამართლომ არ ცნო დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურება; ლ. მ. სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ სათანადო დადგენილებებით ცნობილია დაზარალებულად და სამოქალაქო მოსარჩელედ და ეს დადგენილებები არავის გაუუქმებია, ამიტომ არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. მ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას რ. მ-ს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით გამართლებისა და მორალური ზიანის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ, თითქოს, რ. მ-მა გ. მ. მოკლა ძმის _ ლ. მ-ს თვალწინ და ამ ნაწილში გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი; რაიმე მტკიცებულება, რომ ლ. მ. მკვლელობის დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, გარდა მისი ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვება, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან ის დანაშაულის თვითმხილველი არ არის.

ადვოკატ ლ. კ-ს აზრით, რ. მ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი; მსჯავრდებულის ჩვენებით, მან სახლის გვერდით, გზის მონაკვეთზე, იპოვა ძველი იარაღი, რომელიც შეინახა ავტომანქანაში, მძღოლის სავარძლის ქვეშ; გ. მ-ს სახლთან მისვლის შემდეგ გ. მას ეხვეწებოდა, რომ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გაესროლა იარაღი; გადატენის დროს იარაღი უეცრად გაუვარდა და ხელი ატკინა, შემდეგ კი გაიგო, რომ ტყვია მოხვდა გ. მ-ს, რომელიც გადაიყვანეს საავადმყოფოში; რ. მ-ს უნდოდა დახმარება, მაგრამ ხალხის რცხვენოდა, რადგან ტყვია მას გაუვარდა და დამნაშავე იყო; მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ გ. გარდაიცვალა, ჩაჰბარდა პოლიციას; მას გ-ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, ყველაფერი შემთხვევით მოხდა და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; მსჯავრდებულის ეს ჩვენება დასტურდება სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ: მოწმეების _ ი. და ს. მ-ების ჩვენებებით; დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. მ-ს ჩვენებებით, მის შვილსა და რ. მ-ს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ და სულ ერთად იყვნენ; სასამართლომ განაჩენში მიუთითა გამოგონილ ვერსიაზე, რომ, თითქოს, „რ. მ. მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით, მას გ. მ-ს მოკვლის მიზანი არ უნდა ჰქონოდა, ის თავისი მოქმედებით არ გამორიცხავდა ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა»; აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად აღიარა რ. მ-ს მხრიდან გ. მ-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტი, მაგრამ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები.

ადვოკატ ლ. კ-ს მოსაზრებით, უტყუარადაა დადასტურებული, რომ რ. მ-მა სიცოცხლის მოსპობა ჩაიდინა გაუფრთხილებლობით; განაჩენის მითითება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, დამყარებულია ეჭვსა და ვარაუდზე და არა უტყუარ მტკიცებულებებზე; ეჭვი და ვარაუდი კი, საქართველოს სსსკ-ის მე-10, 132-ე და 509-ე მუხლების საფუძველზე, უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ; მოცემულ შემთხვევაში ხულიგნურ მოტივზე საუბარი გამორიცხულია; ბრალდების მხარე ისე იყო დაინტერესებული რ. მ-ს განზრახ მკვლელობის მუხლით დასჯით, რომ დაცვის მხარეს შესთავაზა საპროცესო შეთანხმება და დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ მისთვის სასჯელის ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ყოველგვარი პირობითი სასჯელისა და ჯარიმის გადახდის გარეშე, მაგრამ რ. მ. არ დასთანხმდა ამ წინადადებას, რადგან დარწმუნებულია თავის სიმართლეში.

გარდა ამისა, ადვოკატი ლ. კ. აღნიშნავს, რომ არასწორია სასამართლოს განაჩენი რ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილშიც; საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა სხვა იარაღის შენახვის უფლება, ხოლო ის იარაღი, რომლიდანაც მოხდა შემთხვევითი გასროლა, იპოვა შემთხვევის დღეს და უნდა ჩაებარებინა პოლიციისათვის; ასეთ შემთხვევაში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე; სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დააკმაყოფილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულს დააკისრა 7 168 ლარის გადახდა; სააპელაციო პალატამ არ მიუთითა, რომელი მტკიცებულების საფუძველზე გაიზარდა თანხის ოდენობა; არასწორია განაჩენი ნივთმტკიცებათა საქართველოს შსს „სპეციალური ოპერაციების ცენტრისათვის» გადაცემის ნაწილშიც, რადგან აღნიშნული ნივთმტკიცებები არ არის დანაშაულის ჩადენის იარაღი და უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ასევე უნდა შევიდეს ცვლილება სასამართლოს გადაწყვეტილებაში რ. მ-ს ქონების დაყადაღების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი ლ. კ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის განაჩენის შეცვლას, რ. მ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტიდან 116-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნას; ასევე _ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით რ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას; სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში _ თანხის შემცირებას 2 168 ლარამდე და გაზის პისტოლეტის, სანადირო თოფის, შაშხანისა და პისტოლეტის, ასევე მათი ვაზნების კანონიერი მფლობელებისათვის დაბრუნებას.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველმა ე. პ-მა მხარი დაუჭირა თავისი მარწმუნებლის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები მსჯავრდებულის ქმედების როგორც საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, ისე მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის. ასევე მხარი დაუჭირა მის მოთხოვნას სამოქალაქო სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ნაწილში იმ მოტივით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანიც. ე. პ-ს მოთხოვნას მხარი დაუჭირა მისმა მარწმუნებელმაც.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. კ-მ შეცვალა მოთხოვნა რ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში საქმის შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა მხოლოდ მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, რასაც დაეთანხმა თვით მსჯავრდებული.

ადვოკატმა ლ. კ-მ ასევე შეცვალა მოთხოვნა მსჯავრდებულ რ. მ-ს ქონების დაყადაღების გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, ვინაიდან, საპროცესო კანონმდებლობით, მსგავსი შუამდგომლობის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს მხოლოდ პროკურორს ან, პროკურორის თანხმობით, გამომძიებელს.

საქმეში მონაწილე პროკურორმა ლ. ყ-მა დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ლ. მ-სა და მსჯავრდებულის ადვოკატის _ ლ. კ-ს საკასაციო საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გარდაცვლილ გ. მ-ს ძმის _ ლ. მ-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნა იარაღიდან ტყვიის გასროლის მომენტში, ამასთან, მსჯავრდებულის ქმედებაში დადასტურებულია ხულიგნური ქვენა გრძნობით მკვლელობის ჩადენა და არ უნდა იქნეს გაზიარებული მისი მტკიცება იარაღიდან უნებურად გასროლის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ რ.მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით რ. მ-ს მსჯავრდების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, განაჩენის დასკვნები უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისი უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

გასაჩივრებული განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ 2006 წლის 3 ნოემბერს მსჯავრდებულმა რ. მ-მა თავისი სურვილით ამოიღო იარაღი და მოახდინა გასროლა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მსჯავრდებულ რ. მ-ს ჩვენება იმის შესახებ, რომ იარაღი ამოიღო გარდაცვლილ გ. მ-ს თხოვნით და შემთხვევით გაუვარდა, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმემ ი. მ-მა განმარტა, რომ „ფეიერვერკის» მოწყობა არც მას და არც გარდაცვლილს არ უთხოვია. სააპელაციო პალატის დასკვნით, რ. მ. მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით, რადგანაც, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არის დადგენილი, მას განზრახ მოკვლის მიზანი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ თავისი მოქმედებით (იარაღიდან გასროლით) იმ ვითარებაში, როდესაც გ. მ. მის წინ იდგა, არ გამორიცხავდა ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რასაც გულგრილად ეკიდებოდა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ არის დადგენილი, სთხოვა თუ არა გ. მ-მა მსჯავრდებულს იარაღიდან გასროლა. მართალია, ამ უკანასკნელისათვის მოწმე ი. მ-ს არ უთხოვია გასროლა, მაგრამ რ. მ. განმარტავს, რომ ეს სთხოვა არა ი-მ, არამედ გ. მ-მა. მართალია, ი. მ-მა განაცხადა _ გასროლის თხოვნა არც გიორგისაგან გამიგიაო, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო, ვინაიდან იგი მანქანაში იჯდა, ხოლო რ. და გ. იდგნენ მანქანის გარეთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ რ. მ-მა გ. მ-ს თხოვნის გარეშე, თავისი სურვილით ამოიღო იარაღი გასროლის მიზნით, ეს არ იძლევა მისი ქმედების განზრახ მკვლელობით დაკვალიფიცირების საფუძველს. რ. მ. ამტკიცებს, რომ ტყვია გაუვარდა უეცრად, იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად, მისი ერთი ხელიდან მეორე ხელში გადატანის მომენტში. ამის გამაბათილებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენშია მითითებული რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი. გარდა ამისა, არაა აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მოხდა გასროლა და, შესაბამისად, არ არსებობს ექსპერტის დასკვნა _ შეიძლებოდა თუ არა, ხსენებული იარაღიდან გასროლა მომხდარიყო უნებლიეთ, მსჯავრდებულის მიერ აღწერილ ვითარებაში. მით უმეტეს, რომ აღნიშნული იარაღის მნახველ მოწმეთა ჩვენებებით, იგი იყო ძველი და ვერ მიამსგავსეს რომელიმე მარკის იარაღს.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია ისეთი ქმედება, რაც შეიძლება შეფასდეს საზოგადოებრივი წესრიგის რაიმე დარღვევად და დამახასიათებელი იყოს ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილი დანაშაულისათვის. შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმე ი. მ-ს განმარტებით, იარაღიდან გასროლა მოხდა მოულოდნელად, მას წინ არ უძღოდა რაიმე კამათი ან უსიამოვნო საუბარი, ამის თაობაზე არც გარდაცვლილის ძმა _ მოწმე ლ. მ. მიუთითებს თავის ჩვენებებში. ამდენად, რ. მ-ს ქცევა არ მოიცავს ხულიგნობის შემადგენლობის კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ არსებით ელემენტებს.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ, როგორც თვით მსჯავრდებულის, ისე საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, რ. და გ. მ-ები იყვნენ ბიძაშვილები, მათ შორის იყო კარგი ურთიერთობა და რაიმე კონფლიქტი ერთმანეთში არასდროს ჰქონიათ. მათ შორის მსგავს რაიმეს არც მომხდარი შემთხვევის დღეს ჰქონია ადგილი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის მტკიცებას იმის შესახებ, რომ გასროლის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის ძმა _ ლ. მ., რომლის თვალწინ მოხდა გ. მ-ს განზრახ მკვლელობა, და ამიტომ სააპელაციო სასამართლომ რ. მ-ს არასწორად მოუხსნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება (მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასროლის მომენტში შემთხვევის ადგილზე ლ. მ-ს არყოფნა დასტურდება არა მხოლოდ მოწმეების _ ი. მ-სა და ს. მ-ს (ეს უკანასკნელი, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ამ დროს იყო ეზოში და ქუჩაში გამოვიდა გასროლის ხმის გაგონების შემდეგ) ჩვენებებით, არამედ საქმის სხვა მასალებითაც, კერძოდ, დადგენილია, რომ შემთხვევა მოხდა 2006 წლის 3 ნოემბერს, ხოლო დაჭრილი გ. მ. გარდაიცვალა ერთი კვირის შემდეგ _ 10 ნოემბერს. ლ. მ. პირველ ჩვენებაში, 3 ნოემბერს, როცა მისი ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, განმარტავს შემდეგს: „როცა ვაპირებდი ქუჩაში გამოსვლას, გავიგონე გასროლის ხმა, გამოვვარდი გარეთ და დავინახე, რომ ჩემი ძმა მიწაზე იყო დაჩოქილი... რ-ს აქვს პისტოლეტი, რომელიც გაუვარდა და მოხვდა ჩემს ძმას... მათ ერთმანეთში ჩხუბი არ მოსვლიათ».

გ. მ-ს გარდაცვალების შემდეგ, ლ. მ. იძლევა რადიკალურად საწინააღმდეგო ჩვენებას: „მე ვიდექი მანქანის უკანა, მარცხენა კარებთან და ჩემგან დაახლოებით 1,5 მეტრის მანძილზე იდგა რეზო, სახით ჩემსკენ და მე მელაპარაკებოდა, ამ დროს მოულოდნელად რ. მ-მა ამოიღო პისტოლეტი, თუ რა მარკის, არ ვიცი, გაიცინა, დაუმიზნა ჩემს ძმას გ-ს და ესროლა... 3 ნოემბერს, ღამით, მე აღელვებული ვიყავი და არასწორად აღვნიშნე, თითქოს, რ-ს გაუვარდა იარაღი... აღნიშნულ საღამოს გ-ს და რ-ს ჩხუბი და კამათი არ მოსვლიათ, მოულოდნელად დაუმიზნა რ-მ გ-ს პისტოლეტი და თავში ესროლა, გავარდნით არ გავარდნია».

ამის შემდეგ, 3 თებერვალს მიცემულ ჩვენებაში ლ. მ. თავის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის ახსნას შემდეგნაირად ცდილობს: „აღნიშნული ჩვენებები ერთიმეორისაგან განსხვავდება, თუ რატომ, ამას მე ვხსნი ჩემს მეორე ჩვენებაში და ამჟამადაც აღვნიშნავ, რომ იმ დროს, როდესაც პირველი ჩვენება მივეცი, ვიყავი აღელვებული და დაბნეული, ამასთან, ისიც მეგონა და ვფიქრობდი, რომ ჩემი ძმა გადარჩებოდა».

პირველი ინსტანციის სასამართლოში ლ. მ. კვლავ ამტკიცებს, რომ იგი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და აღწერს, თუ როგორ გადატენა იარაღი რ. მ-მა, დადო მანქანის სახურავზე, გაიღიმა, დაუმიზნა მის ძმას და ესროლა, რის შემდეგ მისი ძმა დაეცა. ლ. მ. აცხადებს, რომ ამის შემდეგ მან გიორგის ფეხი მიარტყა და უთხრა _ ადექი, რას „მეკაიფებიო».

ის, რომ ძირს დავარდნილ ძმას ლ. მ-მა ფეხი მიარტყა, ვინაიდან ეგონა, რომ იგი ხუმრობდა, ადასტურებენ არა მხოლოდ თვით ლ. მ., არამედ ი., ს. და რ. მ-ებიც, რომლებიც განმარტავენ, რომ გასროლის მომენტში ლ. მ. იყო ეზოში, მხოლოდ გასროლის ხმის გაგონებაზე გამოვიდა გარეთ, ქუჩაში, გაუკვირდა ძირს დავარდნილი ძმის დანახვა და ფეხი მიარტყა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ი., ს. და რ. მ-ების ეს ჩვენებები სწორია, ვინაიდან ლ. მ. რომ გასროლის მომენტში შემთხვევის ადგილზე ყოფილიყო და მართლაც დაენახა ის, რასაც თვითონ დაწვრილებით აღწერს, მას არ გაუკვირდებოდა თავისი ძმის ძირს დავარდნა. აქედან გამომდინარე, სწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები ლ. მ-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნის შესახებ. შესაბამისად, რ. მ-ს მართებულად მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. მ-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ გ. მ-ს სიცოცხლის მოსპობაში გაუფრთხილებლობით.

ამ დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები სარწმუნოდ დგინდება როგორც მსჯავრდებულ რ. მ-ს ჩვენებებით, ისე მოწმეთა ჩვენებებით, რომელთაც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა არ მისცეს ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. ამავე დროს საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები მსჯავრდებულ რ. მ-ს მიერ გ. მ-ს ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობის ჩადენის თაობაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის დასადასტურებლად.

ამრიგად, მსჯავრდებულ რ. მ-ს ბრალდების საქმის განხილვისა და მის მიმართ განაჩენის დადგენისას სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლითა და მე-19 მუხლის მე-2-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამასთან, დაშვებულ იქნა ამავე კოდექსის 562-ე მუხლის „ბ» პუნქტითა და 564-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა _ სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ყოველივე ამან არსებითი გავლენა იქონია საქმის შედეგზე _ განაჩენის კანონიერებაზე, დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნივთმტკიცებათა საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული ცენტრისათვის გადაცემის ნაწილშიც. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, რ. მ-ს სახლში აღმოჩენილი იარაღები არ იყო მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული და ამისათვის ბრალიც არავის წაყენებია, კერძოდ, „ვალტროს» სისტემის გაზის პისტოლეტი მჭიდითა და ვაზნებით (სააპელაციო სასამართლოს განაჩენში იარაღის ნომრად არასწორადაა მითითებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის ¹-) და სანადირო შაშხანა „ტოზ-34» ¹-------- ვაზნებით (ნებართვის ¹826), ეკუთვნის ო. მ-ს. „არმინიუსის» სისტემის შავი ფერის პისტოლეტი ¹------ ეკუთვნის რ. მ-ს (ნებართვის ¹-------). სანადირო შაშხანა „საიგა» ¹---- ამოღებულ იქნა რ. მ-ს ბინის ჩხრეკისას 2006 წლის 3 ნოემბერს. საქმეში არსებული მასალებით არ ირკვევა მისი მფლობელის ვინაობა. ვინაიდან ამ იარაღის კანონიერება ბრალდებას სადავოდ არ გაუხდია, იგი, ისე, როგორც ზემოხსენებული სამი იარაღი, უნდა დაუბრუნდეს თავის კანონიერ მფლობელს.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (კერძოდ, 30-ე მუხლის მე-5 ნაწილი) დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის მორალური ზიანის ფულად კომპენსაციას არ ითვალისწინებს. ამავე დროს სააპელაციო სასამართლომ ისე დააკისრა მსჯავრდებულს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ მატერიალური ზარალის _ 7168 ლარის ანაზღაურება, რომ არ იმსჯელა და არანაირად არ დაასაბუთა თანხის ეს რაოდენობა. ეს გადაწყვეტილება არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შეუძლებელია მისი კანონიერების შემოწმება. ამიტომ, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება ადვოკატ ლ. კ-ს მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების შემცირების შესახებ, ვინაიდან ისინი დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სასჯელის დანიშვნისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს რ. მ-ს პიროვნებას, მისი ქმედების სიმძიმეს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მის წარსულ ცხოვრებას, კერძოდ, იგი ხასიათდება დადებითად და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

რ. მ-ს მოეხსნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნაწილით მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რასაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დაემატოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მსჯავრდებულ რ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში გადაეცეს გორის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სისხლისმაგვარი ლაქები და ერთი ცალი ოქროსფერი გასროლილი მასრა განადგურდეს. გ. მ-ს კუთვნილი „ადიდასის» ფირმის სპორტული მაისური დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. მ-ს. „ვალტროს» სისტემის გაზის პისტოლეტი ¹------მჭიდითა და ვაზნებით, სანადირო შაშხანა „ტოზ-34» EP ¹------------ვაზნებით, „არმინიუსის» სისტემის შავი ფერის პისტოლეტი ¹-------- და სანადირო შაშხანა „საიგა» ¹---------, რომლებიც ინახება შიდა ქართლის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.