განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
930აპ 29 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე(თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ პ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განაჩენზე, რომლითაც ზ. დ. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლითა (2007 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) და 273-ე მუხლით (2007 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განაჩენით ზ. დ., _ დაბადებული ---- წელს, ნასამართლევი, მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ....., ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის «ე» და ამავე მუხლის III ნაწილის «ა» ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით _ 2007 წლის 4 აპრილისა და 2007 წლის 10 ივნისის ეპიზოდებში და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის გამოყენებით, შეკრების პრინციპით, მას სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და ზ. დ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი. იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 10 ივნისიდან.
განაჩენით ზ. დ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვაში, ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ. დ-ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის დადგენილებით დაედო ადმინისტრაციული სახდელი _ ჯარიმა 500 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, მან უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე, განმეორებით მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადგინდა 2007 წლის 4 აპრილს ნარკოლოგიური შემოწმებით. მანვე ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დაუდგენელ დროსა და დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 2,541 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», რაც დააფასოვა 13 ნაწილად, მოათავსა ქაღალდის ნაკეცებში და შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ........... აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება გადაუდებელი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 2007 წლის 10 ივნისს, კერძოდ, საძინებელ ოთახში, საწოლზე დადებული ხელჩანთიდან ამოიღეს 4 ცალ ქაღალდის ნაკეცში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი»; იმავე ოთახში, ჯინსის შარვლის გარეთა, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს 4 ქაღალდის ნაკეცსა და სამედიცინო შპრიცში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება _ «ჰეროინი», ხოლო მეორე საძინებელი ოთახიდან, საწოლის ლეიბის ქვემოდან, ამოიღეს 5 ცალ ვერცხლისფერ ქაღალდის ნაკეცში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება _ «ჰეროინი».
მასვე დაკავების დროს _ 2007 წლის 10 ივნისს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე განმეორებით უკანონოდ მოხმარება, რაზედაც მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 იანვარის დადგენილებით ერთხელ უკვე შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი _ ჯარიმა _ 500 ლარი.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემცირება იმ საფუძვლით, რომ ზ. დ-მ წარდგენილ ბრალდებაში მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ავადმყოფი, პენსიონერი მშობლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ზ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა უკანონო, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი სასამართლო განხილვისათვის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განაჩენი ზ. დ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგი გარემოებების გამო:
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველს, ადვოკატ პ. ბ-ს განაჩენი მიაჩნია აშკარად დაუსაბუთებლად, უკანონოდ და აღნიშნავს, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოთა გადწყვეტილებებში ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს ზ. დ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალის დასადასტურებლად. იგი აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიების პერიოდში, ზ. დ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას და ასევე მისი პირადი ჩხრეკის დროს, დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ, ჩხრეკის ჩატარების წინ ზ. დ-ს, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, არ მისცეს საშუალება, მოეწვია მოწმეები, ასევე _ ადვოკატი. დაკავებისა და ჩხრეკის დროს მასზე განხორციელდა ზეწოლა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, დოკუმენტების წაუკითხავად მოეწერა მათზე ხელი.
აღსანიშნავია ის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სააქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს ზეპირი მოსმენით, ამასთან, საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რის შემდეგაც სააპელაციო პალატამ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ პ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მაისის განაჩენი ზ. დ-ს მიმართ და საქმე გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.