ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.11.2008
საქმის ნომერი
2კ-1427აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1427აპ ქ. თბილისი

..... 28 ნოემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მაისის განაჩენით გ. ლ-ი, _ დაბადებული ..... წლის .....-ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ გამართლდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 ნოემბრიდან. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო _ 2007 წლის 27 ოქტომბრიდან იმავე წლის 29 ოქტომბრამდე. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

ამავე განაჩენით რ. ც., _ დაბადებული .... წლის .....-ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ გამართლდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ორი ქმედებისათვის და საბოლოოდ მიესაჯა 1 წლითა და 3 თვით თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 ნოემბრიდან.

გ. ლ-სა და რ. ც-ს 3-3 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში _ ს. ხ-ს ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლებები, ასევე _ იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით გ. ლ-ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად და დაჯარიმდა 500 ლარით.

2007 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 16.55 საათზე ქ. თბილისში, დიდუბის ქუჩა ¹22-თან საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა გ. ლ-ი, რომელიც შემოწმების მიზნით წარადგინეს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა „ოპიუმის" ჯგუფისა და „ბუპრენორფინის“ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი. აღნიშნულის მიუხედავად, მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ, 2007 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 05 საათზე, ქ. თბილისში, წერეთლის ქუჩა ¹73-თან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს გ. ლ-ი, რომელიც შემოწმების მიზნით წარდაგინეს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.

იმავე წლის 27 ოქტომბერს გ. ლ-ი კვლავ დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერება „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.

2007 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ქ. თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, ¹3-ე კორპუსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა გ. ლ-ი, რომელსაც დაუდგინდა „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.

იმავე წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 04.30 საათზე გ. ლ-მ განიზრახა აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ს-ს ქუჩა ¹53-ე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოსადგომზე გაჩერებული ავტომანქანის გვერდითა ხედვის სარკეებს. იმავე დღეს, დაახლოებით 04.45 საათზე გ. ლ-ი და რ. ც., ამ უკანასკნელის ბიძაშვილ კ. ც-სთან ერთად, ი. ღ-ს მართვის ქვეშ მყოფი „ვოლვო-740“ მარკის ტაქსით მივიდნენ აღნიშნულ ავტოსადგომზე, სადაც თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. ლ-მ ი. ღ-ს გამოართვა დანა, მიუახლოვდა ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანას, რომლის გვერდითა ხედვის სარკეები მოხსნა ფიზიკური ძალისა და დანის გამოყენებით. მიუხედავად ავტოსადგომის დარაჯის _ მ. ნ-ს მოწოდებისა, არ მოეხსნა სარკეები, გ. ლ-ი აშკარად დაეუფლა მათ და სწრაფად ჩაჯდა ტაქსში, რომლის მძღოლსაც შემთხვევის ადგილიდან გაცლა მოსთხოვა. გ. ლ-მ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ზემოაღნიშნული სარკეები, შემდგომი რეალიზაციისათვის გადამალა ქ. თბილისში, შევარდენის ქუჩის ¹5-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუჩქებში, რასაც ხედავდნენ რ. ც., ი. ღ. და კ. ც..

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით, რ. ც. ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის შესაბამისად და განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

მიუხედავად ამისა, იმავე წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 23 საათზე ქ. თბილისში, დიდუბის ქუჩა ¹23-თან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა რ. ც., რომელიც შემოწმების მიზნით წარადგინეს საექსპერტო- კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად, დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერება „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.

იმავე წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 04.30 საათზე ქ. თბილისში, წერეთლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა რ. ც., რომელიც შემოწმების მიზნით წარდგენილ იქნა საექსპერტო- კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად, კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერება „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ბრალმდებელმა და მსჯავრდებულმა გ. ლ-მ. პროკურორმა მოითხოვა გ. ლ-ს დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,დ" ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და სასჯელად 17 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. მანვე მოითხოვა რ. ც-ს დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,დ" ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით და სასჯელად 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

მსჯავრდებულმა გ. ლ-მ მოითხოვა მისი ქმედების სსკ-ის 273-ე და 239-ე მუხლებით დაკვალიფიცირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული გ. ლ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ძარცვა არ ჩაუდენია, მისთვის ნაცნობმა დარაჯმა უარი უთხრა ავტოსადგომზე ,,ეფედრინის" მიღებაზე, რის გამოც განაწყენდა და იქვე მდგარ მანქანას დაუზიანა სარკე, რითაც, მისი აზრით, დარაჯს პრობლემები შეექმნებოდა. გ. ლ-ი აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება ძარცვის ბრალდების ეპიზოდში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და ეჭვი უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ.

სამოტივაციო ნაწილი:

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე მ. ნ-მ საქმის წინასწარი გამოძიებისას მიუთითა, რომ გ. ლ-მ ,,მერსედესს" დანის გამოყენებით მოხსნა მარცხენა სარკე, რის გამოც ბოროტმოქმედს დაედევნა ყვირილით _ თავი დაანებე, არ გაპატიებო. გ. ლ-მ მოწოდება არაფრად ჩააგდო, სწრაფად ჩაჯდა ტაქსში და მიიმალა. გაირკვა, რომ ავტომანქანის ორივე სარკე მოხსნილი იყო (ტ. 1, ს.ფ. 38-41).

მ. ნ-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით, მას სარკის მოხსნა არ დაუნახავს, თუმცა დაადასტურა, რომ გ. ლ-ს მოუწოდებდა _ სარკეს ნუ ხსნი, დააბრუნეო (ტ. 4, ს.ფ. 60-64).

საქმის წინასწარი გამოძიებისას მოწმე მ. ნ-ს მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოში დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელებმა. მათგან ზ. დ-მ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის მითითებით აღმოაჩინეს მოპარული სარკეები (ტ. 4, ს.ფ. 33-40).

საგულისხმოა ისიც, რომ მ. ნ-ს მიერ საქმის წინასწარი გამოძიებისას აღწერილ გარემოებებს ემთხვევა სასამართლოში დაკითხული ი. ღ-ს ჩვენებაც. ამ უკანასკნელმა მიუთითა, რომ ავტოსადგომის ტერიტორიაზე ელოდებოდა გ. ლ-ს, რომელმაც გამოართვა დანა. გ. ლ-ს უკან მობრუნებისას მოესმა ყვირილი _ ბიჭო, მობრუნდიო. ამავდროულად გ. ლ-მ უთხრა: ,,არ არის პრობლემა, მაგ ბიჭს ვიცნობო" (ტ. 4, ს.ფ. 45).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ორივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილია სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, იგი ეყრდნობა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, რაც უდავოდ ადასტურებს გ. ლ-ს მიერ სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, ხოლო მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული.

,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ. ლ-სა და რ. ც-ს უნდა გაუნახევრდეთ სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელები და იმის გათვალისწინებით, რომ რ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 ნოემბრიდან, მას ამ განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რ. ც-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 7 (შვიდი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს მოხდილად და რ. ც. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

«ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ. ლ-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის დანიშნული სასჯელი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და გ. ლ-ს საბოლოოდ მიესაჯოს 8 (რვა) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.