ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1457აპ ქ. თბილისი
9 დეკემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით კ. გ. _ დაბადებული ...... წელს, საქართველოს მოქალაქე, ადრე ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2007 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა 2007 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 6 წელი და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდა 2006 წლის 7 იანვრიდან იმავე წლის 7 აპრილამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და საბოლოოდ კ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით, 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
კ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 30 აპრილიდან. მასვე პატიმრობის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 12 სექტემბრიდან 2007 წლის 13 სექტემბრამდე.
მსჯავრდებულ კ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ კ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით კ. გ. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის დაჯარიმდა 500 ლარით.
მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: 2007 წლის 12 სექტემბერს, კ. გ. ადმინისტრაციული წესით დააკავეს თბილისში, გლდანი-ნაძალადევის VIII განყოფილების თანამშრომლებმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური გამოკვლევის ¹3215456 დასკვნით მას კლინიკურად გამოუვლინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედება.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული კ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ საფუძვლით, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შემოწმების შესახებ მოთხოვნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნით, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით კ. გ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, კ. გ-ს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ კ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს, რასაც გამოაკლდეს კ. გ-ს პატიმრობაში ყოფნის დრო და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
“ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ კ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს, რასაც გამოაკლდეს კ. გ-ს პატიმრობაში ყოფნის დრო და მსჯავრდებულ კ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 30 აპრილიდან. მასვე პატიმრობის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 12 სექტემბრიდან 2007 წლის 13 სექტემბრამდე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.