ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 15.12.2008
საქმის ნომერი
2კ-1485აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1485-აპ 15 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის განაჩენით:

რ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

რ. . გ., _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, ადრე ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. გ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 9 თებერვლიდან.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ რ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

აჭარის შს სამინისტროს მიერ 2006 წლის 29 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანას” უკანონო მოხმარებაში მხილებულ რ. გ-ს სასამართლომ შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი.

მიუხედავად ამისა, 2007 წლის 2 სექტემბერს, 17 საათზე, ქ. თბილისში, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თბილისის მე-5 ქვეგანყოფილებაში ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებულ, ადმინისტრაციულ სახდელდადებულ რ. გ-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანას” უკანონოდ მიღების ფაქტი.

რ. გ-მ განაგრძო იგივე დანაშაულებრივი საქმიანობა და კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ, 2008 წლის 9 თებერვალს, 21 საათსა და 25 წუთზე, ქ. სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ რ. გ-ს პირადი ჩხრეკისას შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მის მიერ უკანონოდ შეძენილი, დიდი ოდენობით _ 0,12 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელსაც უკანონოდ ინახავდა.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:

რ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. რ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით მას საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რ. გ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული რ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოყენებას და სასჯელის განახევრებას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ სასჯელის შემსუბუქებას. კასატორი სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მის კმაყოფაზე იმყოფება უმუშევარი მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი განიცდის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების _ პოლიციის თანამშრომლების, თ. დ-ს, ბ. ტ-ს და ვ. ხ-ს ჩვენებებით, ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზისა და ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნებით, ქობულეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით რ. გ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, რ. გ-ს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამავე დროს საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს. მას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

“ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ რ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.